დღევანდელი დღე არის საერთო სახალხო ზეიმის დღე, რომელიც ასახავს ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს, შემოქმედებით ბუნებასა და განსაკუთრებულ თავდადებას სამშობლოსადმი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა თავის გამოვლაში ქრისტიანობის მიღების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „1700 წლის წინ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა და ცივილიზაციური არჩევან“.
ჩიქოვანის თქმით, თავდაცვის ძალები წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს, ქართული მხედრობა კი მუდამ საქართველოს ისტორიის თანაზიარი იყო.
„დღევანდელი დღე არის საერთო სახალხო ზეიმის დღე, რომელიც ასახავს ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაყ ხასიათს, შემოქმედებით ბუნებასა და განსაკუთრებულ თავდადებას სამშობლოსადმი.
დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსების იდეით შეკრულ საზოგადოებას.
1700 წლის წინ, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ამ ისტორიულმა მოვლენამ, განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა, ცივილიზაციური არჩევანი, და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია.
თანამედროვე საქართველოს სულიერი აღმავლობა კი, უკავშირდება ჩვენს დიდ პატრიარქს, გამორჩეულ სულიერ ლიდერს, ერის მამას, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს, რომელმაც განმსაზღვრელი როლი ითამაშა ეკლესიის საფუძვლების განმტკიცებასა და გაძლიერებაში.
მისი მოღვაწეობისა და სულიერი სწავლების საუნჯეს წარმოადგენდა მარადიული იდეალები, „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.
თქვენო უწმინდესობავ, სიმბოლურია, რომ თქვენი აღსაყდრება დაემთხვა ამ საიუბილეო წელს, რაც გვარწმუნებს, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით, ჩვენი სასულიერო დასის ღვაწლით, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცე და ქრისტიანული ღირებულებები.
ქართული მხედრობა მუდამ იყო საქართველოს ისტორიის თანაზიარი, თავდაცვის ძალები, წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვაა.
მინდა დღევანდელი დღე მივულოცო სამხედროებს - გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს.
26 მაისს ვულოცავ ჩვენი ჯარის მომავალს - იუნკრებსა და კადეტებს, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, ჩვენს რეზერვისტებს, დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, და რა თქმა უნდა, ქართული ჯარის ვეტერანებს.
მადლობა ჩვენი სამხედროების ოჯახებს, რომლებიც ქართველი ჯარისკაცების ძლიერების საფუძველია.
განსაკუთრებით გილოცავთ რეკრუტებს, რომელთაც დღეს საქართველოსთვის დადეთ ფიცი და შემოუერთდით ქართულ ჯარს.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვადასხვა თაობის გმირების თავგანწირული ბრძოლის მონაპოვარია. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს ემთხვევა, ადამიანის, რომელმაც ზვიად გამსახურდიასთან და ერთ მუშტად შეკრულ ქართველებთან ერთად შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი.
ჩვენი სამშობლო მის ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა.
ის ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ისინი აუცილებლად იქნებიან ჩვენი ძლიერი საერთო საამაყო მომავლის თანაშემოქმედნი.
ეს დღე ეკუთვნის ჩვენს მამაც პოლიციელებს, მეხანძრე მაშველებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ექიმებსა და ექთნებს, მეწარმეებს, ფერმერებს, მასწავლებლებს, საამაყო ხელოვანებსა და სპორტსმენებს, ღვაწლმოსილ უფროს თაობას, უნიჭიერეს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ჩვენს ემიგრანტებს, საჯარო მოხელეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენელს, რადგან სწორედ მათი შრომა და მონდომება ქმნის საქართველოს ნათელ მომავალს.
ბატონებო და ქალბატონებო, სწრაფად ცვალებად თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულების და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად.
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობით და პოლიტიკური გუნდის სიმტკიცით შევძლებთ დავიცავთ მამული, ენა და სარწმუნოება; განვამტკიცებთ ერთიანი საქართველოს სადაც მომავალ თაობებს განვითარებისა და გაძლიერების ლაღი შესაძლებლობა ექნებათ.
კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს ვუსურვო მშვიდობა, ერთიანობაა და კეთილდღეობა!
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი!” - განაცხადა ჩიქოვანმა.