თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის რეჟიმი საბჭოთა კავშირის რეინკარნირებულ ვარიანტში, პუტინის იმპერიაში მიგვაქანებს - ჩვენი ვალია, პროტესტის კერები გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ და საერთო ეროვნულ პროტესტად ვაქციოთ

საბჭოთა კავშირის რეინკარნირებულ ვარიანტში, ანუ პუტინის იმპერიაში მიგვაქანებს ივანიშვილის რეჟიმი, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ადამიანებიც, ვინც დღეს აქ არ არიან, ამ საფრთხეს გრძნობენ და ამ აქციის სულისკვეთებას უერთდებიან იმიტომ, რომ ყველასთვის ძვირფასია საქართველოს დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თსუ-სთან განაცხადა, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან.

ბოკუჩავას თქმით, დღევანდელ აქციაზე ერთჯერადად შეკრება მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის შიგნით საზოგადოებამ და ქვეყნის გარეთ პარტნიორებმა დაინახონ, რომ პროტესტი არსად წასულა, თუმცა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ყოველდღიური აქციები, რათა პროტესტის კერა შენარჩუნებული იყოს.

“ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი აცნობიერებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, 35 წლის შემდეგაც საფრთხეშია იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც ხელყოფს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, იმ დიდ მონაპოვარს, რომელიც წინა თაობებმა მოიტანეს.

26 მაისს, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ, აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, ახლა კი, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის რეინკარნირებულ ვარიანტში, ანუ პუტინის იმპერიაში მიგვაქანებს ივანიშვილის რეჟიმი, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანებიც, ვინც დღეს აქ არ არიან, ამ საფრთხეს გრძნობენ და ამ აქციის სულისკვეთებას უერთდებიან იმიტომ, რომ ყველასთვის ძვირფასია საქართველოს დამოუკიდებლობა.

ამ რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ, რომ იყვნენ ამ დიდი ზეიმის ნაწილი იმიტომ, რომ თავად არიან დამნაშავენი დამოუკიდებლობის ხელყოფის საქმეში.

რაც შეეხება ამ აქციების განგრძობადობას, რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან თარიღზე დღეს ერთჯერადად შეკრება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა შევძლოთ ხალხის ენერგიის მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ამ პროტესტს განგრძობითი ხასიათი მიეცეს.

ადამიანები რუსთაველზე ყოველდღიურად დგანან იმისთვის, რომ პროტესტის კერა შევინარჩუნოთ. მე აქ ვნახე რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც არის პროტესტის კერები და მხოლოდ თბილისში არ არის, რაც იმას ადასტურებს, რომ პროტესტი მთელს ქვეყანაში არსებობს, უბრალოდ ჩვენი ვალია, როგორც პოლიტიკოსების, რომ ეს პროტესტის კერები გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ და საერთო ეროვნულ პროტესტად ვაქციოთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი მოვაშოროთ ხელისუფლებას, რომელიც დღეს აქვს მიტაცებული”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა