ლევან ცუცქირიძე - დემოკრატიასა და თავისუფლებას სჭირდება დემოკრატი მოქალაქეების უფრო მეტი პოლიტიკური მონაწილეობა, ამიტომ მოგიწოდებთ: შეუერთდით და გააძლიერეთ პარტიები, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვისიც ყველაზე მეტად გჯერათ

დემოკრატიასა და თავისუფლებას სჭირდება დემოკრატი მოქალაქეების უფრო მეტი პოლიტიკური მონაწილეობა, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ: აქ ხედავთ ბევრ პოლიტიკურ პარტიას, შეუერთდით და გააძლიერეთ ის პარტიები, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვისიც ყველაზე მეტად გჯერათ, - ასე მიმართა “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ სიტყვით გამოსვლისას რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ცუცქირიძის თქმით, მოქალაქეთა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს დიდი ცვლილება, უკვე შემდგარია.

“დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ ერთი თარიღი, დღევანდელი დღე არის ჯამი ჩვენი ბრძოლის ყველა იმ დიდებული მომენტის, რომელიც აქამდე გაგვივლია. ეს არის ჯამი 9 აპრილის, ჯამი 31 მარტის, 14 აპრილის, 12 აგვისტოსი და ამიტომაც, აქ ვართ ყველანი ერთად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, პოლიტიკური შეხედულებებისგამო, ეთნიკური წარმომავლობის გამო, რელიგიური რწმენის გამო, მაგრამ ეს განსხვავებები არ დგას სამშობლოზე მაღლა. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ყველანი ვართ ამ სამშობლოს შვილები და არ გვემეტება თავისუფლება და დამოუკიდებლობა დასაკარგავად. სწორედ ამიტომ დაიწყო “თავისუფლების მოედანმა” საქართველოს გულისთვის კამპანია და აქაც დღეს თქვენს წინაშე მინდა დავდო კიდევ ერთხელ ეს პირობა და ავიღო ის პასუხისმგებლობა, რომ მართლაც ყველაზე შორეულ სოფელშიც კი მივიტანთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამართლიანობის ნამდვილ, სამართლიან, ჭეშმარიტ სიტყვას. საქართველოში მოქალაქეთა კონსენსუსი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს დიდი ცვლილება, უკვე შემდგარია. ასევე, საზოგადოებას ცვლილებასთან ერთად სურს განახლება, სიახლე და ამიტომაც, ჩვენ მივდივართ ყველგან იმისათვის, რომ ვაჩვენოთ და დავარწმუნოთ ადამიანები იმაში, რომ პოლიტიკა არ არის კორუფციის, დაკეტილი კარის მიღმა გარიგებების და ორპირობის არენა, არამედ პოლიტიკაში არიან პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები, რომლებმაც საკუთარი კეთილდღეობა გადადეს და დღეს აქ არიან, ამ ბრძოლაში, ქართველ ხალხთან ერთად მხარდამხარ. მე მინდა მოგიწოდოთ თქვენ კიდევ ერთი რამისთვის - ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ღირსეული ქვეყნისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები. დემოკრატიასა და თავისუფლებას სჭირდება დემოკრატი მოქალაქეების უფრო მეტი პოლიტიკური მონაწილეობა. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ: აქ ხედავთ ბევრ პოლიტიკურ პარტიას, შეუერთდით და გააძლიერეთ ის პარტიები, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვისიც ყველაზე მეტად გჯერათ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის, რომ ჩვენი დემოკრატია იქნება არა ცვლადი, არამედ მუდმივი ჯამი ჩვენი ბრძოლისა”, - განაცხადა ცუცქირიძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა