შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის - სინამდვილეში, „ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი“ არის, რაც ჩვენ გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ

გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის - სინამდვილეში, „ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი“ არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას“.

„როგორც იტყვიან, „რაც არ უნდა მალო ჭირი, ჭირი მაინც თავს არ დამალავს“. არ დამალა ამ ჭირმაც თავი და გუშინ ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ აქცია, მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით. მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების: გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს არის სინამდვილეში, რაც დაინახა ქართველმა ხალხმა. ადამიანები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ გახლიჩონ საზოგადოება, ადამიანებს ზეიმი ჩააშხამონ. გუშინ ვნახეთ მათი მცდელობები, რომ რამენაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი მათ მხრიდან, მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ და დაკარგულია დიდი ხანია. ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი არის ზუსტად ის „ფეისბუქ ბაბლი“, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად. სინამდვილეში, „ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი“ არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მათი მოწოდებებითაც ჩანდა, რომ უნდოდათ, სოციალურ ქსელებში გამოჩენილიყვნენ, სხვებისთვის დაენახებინათ საკუთარი თავი, ასე რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე დაგვენახა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია ვასალური ქცევით“.

პაპუაშვილი ამბობს, რომ გუშინ, რუსთაველზე „კანტი-კუნტი“ ადამიანი ვიხილეთ.

„ნიშანდობლივია რომ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც საზოგადოება ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია ვასალური ქცევით, კვლავ იმისთვის, რომ უცხოელების დავალებები შეასრულოს. ბოლო პერიოდში, თავადაც არა ერთხელ წამოსცდათ, რომ ამგვარ ღონისძიებას აორგანიზებდნენ იმისთვის, რომ სხვებს დაანახონ და დაათვლევინონ თავები იმისთვის, რომ მათი მფარველობა კიდევ გაგრძელდეს. როდესაც დამოუკიდებლობის დღეს, რადიკალური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები გამოდიან ლოზუნგით, რომ ქვეყანა დაუქვემდებარონ სხვებს... ვნახეთ სხვისი ქვეყნის დროშების ფრიალი ამ აქციაზე, მათი მოწოდებები რომ სხვას დაენახონ, ვიღაცამ ფოტო ნახოს უცხოეთიდან და შეაქონ. ესაა სინამდვილეში „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია. ეს არ არის მხოლოდ პარტიული კუთვნილება, ეს არის იდეოლოგია სხვისი მსახურებისა. ქვეყანაში, სადაც 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე ათასი ადამიანი, მე მგონი, უნდა მიხვდეს, რომ მათი „სოცმედიით“ აღტყინებული სიბევრე, სინამდვილეში ზუსტად ის კანტი-კუნტი ადამიანია, რომელიც გუშინ ვიხილეთ რუსთაველზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ნამდვილად გარდამტეხი იყო გუშინდელი დღე და დასკვნა გუშინდელი დღიდან, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და არა ამ წარსულში ჩარჩენილ „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებს“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ გამოჩნდა, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ არ შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და ქვეყანაში არეულობის შეტანაზე გამუდმებული ზრუნვა.

„მათ ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ, საქართველო დაუქვემდებარონ სხვების პოლიტიკურ გავლენას. გუშინდელი დღე გარდამტეხი ამ მხრივ იყო ნამდვილად, რომ საბოლოოდ გამოჩნდა მათი რეალური მხარდაჭერა, ენერგია, იდეებიც, გამოჩნდა, რომ მათი მხარდაჭერა არის მხოლოდ გარედან, მათი იდეა არის, რომ მხოლოდ გარე მფარველებს მოაწონონ თავი და გამოჩნდა, რომ მათ რაოდენობა არის სულ რამდენიმე ათასი ადამიანი.

სამწუხარო მოვლენაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ათასი ადამიანი, ზოგი ექიმია, ზოგი სტუდენტია, ჟურნალისტია, მსახიობია და არის „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელი, რომელიც მზად არის, დაამხოს ქვეყანა და დაუქვემდებაროს სხვას. მეორე მოცემულობა არის ის, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს 4 მილიონი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დღის წესრიგს განსაზღვრავს და ამ ქვეყნის კურსს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს უქვემდებარებს. რადიკალები ყველა ქვეყანაში არიან, ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა სახის მოწოდებებით გამოდის.

ჩვენ გუშინ ვიხილეთ „ნაცმოძრაობის“ ღონისძიება, წინა რიგში მიხეილ სააკაშვილის პლაკატებით, მიხეილ სააკაშვილის პროკურორებით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების საბჭოს მდივნებით, პროკურორის მოადგილეებით, მინისტრებით, მთელი დიქტატორული რეჟიმი გუშინ გამოვიდა ქუჩაში. საბედნიეროდ, სულ რამდენიმე ათასიღა შემორჩენილა „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელი ადამიანი, ეს არის იმ სწორი პოლიტიკის მიღწევა, რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს და მოქალაქეებს აჩვენებს თუ რა არის რეალური მდგომარეობა. კარგია, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, ადამიანების ნაწილმა გადაიაზრა ის, რომ არ შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, არ შეიძლება დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღეს იზრუნო და იფიქრო იმაზე, როგორ შეიტანო არეულობა ქვეყანაში. ვნახავთ, რომ ამ რაოდენობიდანაც ბევრი გამოფხიზლდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია