ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად იცოდა ამ აქციის ფასი - ხელისუფლებამაც და იმ ადამიანებმაც, ვინც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოვუწოდებდით. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი დღე იყო და ხალხის რაოდენობამაც დაადასტურა, რომ პროტესტი კვლავ მასშტაბურია და რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება მოვლენათა ისეთ განვითარებას, როგორსაც ჩვენ დღეს ხელისუფლება გვთავაზობს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში”, 26 მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
წიკლაურის თქმით, აქციის ერთ-ერთი მიზანი იყო, დასავლელ პარტნიორებს დაენახათ, რომ საქართველოში ხალხი დანებებას არ აპირებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ევროპული საზოგადოების ნაწილი და სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
“აქციის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს ენახათ, რომ არ არსებობს არანაირი ძალისხმევა, რომელიც შეაჩერებს ჩვენი ქვეყნის სურვილს, იყოს ევროპული საზოგადოების ნაწილი და ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომაც, ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი ქართველი ხალხისგან და მე ვფიქრობ, რომ ამას მთელს მსოფლიოში შეაფასებენ.
ასევე, წინა დღეს გავრცელდა მარკო რუბიოს განცხადება. შეუიარაღებელი თვალიც ძალიან კარგად დაინახავდა, რომ ის იყო მიმართული ქართველი ხალხის მიმართ და არა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. იქ საუბარი სწორედ ქართველ ხალხზე იყო. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის ძალიან მყარი და უცვლელი, რომ “ქართულმა ოცნებამ” იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ კი მას სურს ვითარების სტაბილიზება და სერიოზულად ფიქრობს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე. ეს არის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, სრულიად მიუღებელი კანონების გაუქმება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება”, - აღნიშნა წიკლაურმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დელეგაციას პარტია “ახალის” წევრები ხვდებიან. წიკლაურის თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხები გეოპოლიტიკური სტატუსი და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა იქნება.
“ის ვიზიტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს ჩვენი პოლიტიკური პარტიის [“ახალი”] წარმომადგენლები ხვდებიან იმ დელეგაციას, რომელიც იმყოფება საქართველოში.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება გეოპოლიტიკური საკითხი. ჩვენ ვხედავთ, რა ვითარება შეიქმნა ჩვენს რეგიონში - პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი მთლიანად გადანაცვლებული არის ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, სომხეთში. ერევანი, პრაქტიკულად, იქცა ევროპულ დედაქალაქად, ორი კვირის წინ ვნახეთ ჩვენ ეს. ახლა ვიცე-პრეზიდენტ დი ვენსის ვიზიტი, შემდეგ რუბიოს ვიზიტი მეტყველებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულებები არის სომხეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის. სამწუხაროდ, საქართველომ ეს გეოპოლიტიკური ფუნქცია დაკარგა.
ახლა ჩვენს ქვეყანაში არის ამ ტიპის დილემა - ერთი მხარე ანუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ქართული საზოგადოება ამბობს, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყრელი ნაწილი და მეორე მხარეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დოქტრინა, რომ საქართველო არის პატარა სოფელი. აი, აქ მიმდინარეობს ახლა ეს ცივილიზაციური დაპირისპირება. ამიტომ, ამაზე საუბარი იქნება პრიორიტეტული ჩვენი პოლიტიკური ძალისათვის და მეორე საკითხი არის დემოკრატიული განვითარება - თუ არ ჩატარდა არჩევნები, თუ არ იქნა გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმრები და თუ არ იქნა უკან გაწვეული ის კანონები, რომელიც მიიღეს და რომელიც დემოკრატიულ თავისუფლებებს ზღუდავს, არავითარი სტაბილიზაცია ამ ქვეყანაში არ იქნება.
აი, ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ ვის სახელით ვსაუბრობთ ჩვენ - ვსაუბრობთ იზოლირებული პოლიტიკური ჯგუფის სახელით, რომელსაც ხალხთან არ აქვს კავშირი თუ ვსაუბრობთ იმ მრავალი ათასი ადამიანის სახელით, რომელიც გუშინ გამოვიდა. სწორედ ამიტომ, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული საზოგადოების გამოსვლა გუშინდელ დღეს”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ამ ადამიანების გამოსვლა ოპოზიციური ალიანსისთვის გამოცხადებულ ნდობას, წიკლაურმა აღნიშნა, რომ “ოპოზიციის ალიანსს” არც მანამდე დაუმალავს, რომ ეს შეკრება იმ ნდობის ინდიკატორი იქნებოდა, რომელსაც ადგილზე მისული ადამიანები ოპოზიციურ პარტიებს გამოუცხადებდნენ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ხალხის იმედგაცრუება ოპოზიციური პარტიების მიმართ ტოტალური გახადოს, რადგან ქუჩებში მასშტაბური აქციები აღარ გაიმართოს, თუმცა, როგორც წიკლაურმა აღნიშნა, გუშინდელი აქცია ბიძინა ივანიშვილისთვის კოშმარული ამბავი იყო.
“ჩვენ არ დაგვიმალავს, ვამბობდით, რომ მასშტაბური აქცია ნიშნავს იმ პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ვახმოვანებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამოვიდა უპირველეს ყოვლისა, ეროვნული იდეალების მხარდასაჭერად და შემდეგ უკვე, იმ პოლიტიკური პლატფორმის მხარდასაჭერად, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ.
როდესაც 14 წელია, ქვეყანაში არის რეჟიმი, რომელიც სულ უფრო და უფრო მკაცრი ხდება საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ცხადია, ბევრ ადამიანში არის იმედგაცრუება. ვხედავთ, რომ დღეს დღეობით არჩევნების გზა არ არსებობს, ქუჩაში გამოსვლებმა და 200 ათასიანმა აქციებმა ის შედეგი ვერ მოიტანა… ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი არის და ივანიშვილი ფიქრობს, რომ ეს იმედგაცრუება გახადოს ტოტალური, რომ ხალხი აღარ გამოვიდეს ქუჩაში, რომ არ ენდოს აღარც პოლიტიკურ ლიდერებს და აღარც საკუთარ თავს.
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი იყოს ყოველი მომდევნო აქცია.
გუშინდელმა აქციამ დაანახა ყველას, რომ ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას, ეს არის ყველაზე კოშმარული ამბავი ივანიშვილისათვის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ტიპის მასშტაბური გამოსვლა არ შემდგარიყო.
ამ აქციის კონტექსტში კიდევ ერთ გარემოებას მივაქცევდი ყურადღებას. როგორც იცით, იყვნენ პოლიტიკურ პარტიებში სკეპტიკოსები, რომლებმაც პირდაპირ გამოაცხადეს, რომ არ შემოგვიერთდებოდნენ, რომ ის 26 მაისი არ არის, რომელშიც ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას და უარი თქვეს ხალხთან ერთად ამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ორი დიდი პოლიტიკური პარტია არ შემოგვიერთდა, მაინც ძალიან მასშტაბური იყო ეს აქცია და როდესაც ვსაუბრობთ გუშინდელ აქციაზე, ეს არის ის აუცილებელი რემარკა, რომელიც უნდა ითქვას.
ახლა მნიშვნელოვანი არის იმ აქცენტების დანახვა, რომელიც ჩვენ გავიგონეთ ამ ხალხისგან გუშინ - სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. რაც შეეხება მომდევნო დიდი აქციის თარიღს, ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ დიდი მხარდაჭერა აქვს დემოკრატიულ მოძრაობას საქართველოში და ასევე ვხედავთ, რომ ეს მოძრაობა მთელი თავისუფალი სამყაროსგანაც არის მხარდაჭერილი. როდესაც ასეთი ვითარება არის, იქ ვერავის ვერ უშველის ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ქარდებზე გამოფენა”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.