ტატა ხვედელიანი - ბატონმა პრემიერმა შექმნა „ღარიბების დახლი“ და იქაც მხოლოდ წიწიბურას ფასი გააიაფა, ამით მოქალაქეებს პირდაპირ უთხრა - თქვენ წიწიბურა ჭამეთ, ხორცი კი მდიდრებისთვის არისო

ბატონმა პრემიერმა ვერაფრის ფასი რომ ვერ გააიაფა, ახლა იტყუება, ვითომ შემცირდა ეს რიცხვი, მან შექმნა „ღარიბების დახლი“ და იქაც მხოლოდ წიწიბურას ფასი გააიაფა. ამით მოქალაქეებს პირდაპირ უთხრა - თქვენ წიწიბურა ჭამეთ, ხორცი კი მდიდრებისთვის არისო, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ სოციალურ გარემოზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა ბავშვების საარსებო შემწეობასა და სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფორმაში ჩაცმულ სოციალურ „თანასწორობას“ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ „მშიერი ბავშვი უყურებს, როგორ ჭამს სხვა ბავშვი”.

„დღეს მინდა ვისაუბრო იმ სოციალურ გარემოზე, რომელიც ქვეყანაშია „ოცნების” არაკომპეტენტური სამთავრობო გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო.

2025 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 307 607 მოქალაქეს. აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 463 122 პირს ქვეყნის მასშტაბით.

ბატონმა პრემიერმა ვერაფრის ფასი რომ ვერ გააიაფა, ახლა იტყუება, ვითომ შემცირდა ეს რიცხვი, მან შექმნა „ღარიბების დახლი“ და იქაც მხოლოდ წიწიბურას ფასი გააიაფა. ამით მოქალაქეებს პირდაპირ უთხრა - თქვენ წიწიბურა ჭამეთ, ხორცი კი მდიდრებისთვის არისო.

შემდეგ აპლიკაცია შექმნა, სადაც „კობახიძის სახელობის ფასდაკლებებით“ თავმოყრილია პროდუქტები, რომლებზეც ისედაც იყო ფასდაკლებები. მაგრამ მთელ ამ პროცესში მან ერთი რამ ვერ გაითვალისწინა - ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც სმარტფონი არ აქვს.

ჩვენს მოხუცებს დღეს წამალსა და საკვებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. ათასობით ადამიანს უღირსი ანაზღაურება აქვს, მაგრამ „ოცნებამ” არც პენსიების ზრდას დაუჭირა მხარი და არც მინიმალური ხელფასის დაწესებას.

თქვენ ვერ გააიაფეთ პროდუქტები, მაგრამ გააძვირეთ კომუნალური ტარიფები. ბავშვებს ბაღის საჭმლის, უპოვრებს - სასადილოების დაფინანსების ფული მოპარეთ და ახლა, როდესაც პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა, ისევ ვერ სთავაზობთ ბავშვებს სკოლებში ღირსეულ პირობებს - თან იმ სკოლებში, რომლებიც ამ დრომდე ვერ ააშენეთ.

დღეს საქართველოში ბავშვებს შიათ. UNICEF-ის კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან ან ყოველთვის შიმშილის გრძნობას განიცდის. ეს პირდაპირ მოქმედებს მათ განათლებაზე, კონცენტრაციაზე და აკადემიურ შედეგებზე.

ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე თითქმის 20%-ს აღწევს. სოციალური დახმარება ისევ 200 ლარია, მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის კი უცვლელი 100 ლარი. ეს თანხები წლებია არ შეცვლილა და უკვე ელემენტარულ საჭიროებებსაც ვერ ფარავს.

ამ დროს „ოცნება“ უარს ამბობს უფასო სასკოლო კვების პროგრამაზე - პროგრამაზე, რომელიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სოციალურ და საგანმანათლებლო ინსტრუმენტად ითვლება.

რა მნიშვნელობა აქვს ფორმაში ჩაცმულ სოციალურ „თანასწორობას“, თუ მშიერი ბავშვი უყურებს, როგორ ჭამს სხვა ბავშვი?

საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულია, რომ სასკოლო კვება აუმჯობესებს მოსწავლეების აკადემიურ შედეგებს, ზრდის სკოლაში დასწრების მაჩვენებელს და ამცირებს ნაადრევად სწავლის მიტოვების რისკს.

უფასო სასკოლო კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ოჯახებისთვის. ბევრ შემთხვევაში ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ბავშვმა დღის განმავლობაში სრულფასოვანი საკვები მიიღოს.

სასკოლო კვება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა - ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის წინაშე.

თუ ამ ქვეყნისთვის მომავალი გვინდა, ეს მომავალი მშიერი ბავშვებით ვერ აშენდება!” - განაცხადა ხვედელიანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს