ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო, რომ შეძლეს და საზოგადოების პატარა ნაწილი მაინც მოწყვიტეს იმ საერთო სულისკვეთებას, რომელიც 26 მაისს განსაკუთრებით უნდა გვაერთიანებდეს, მაგრამ პოზიტიურია, რომ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი უერთდება ამ ანტიქართულ დემონსტრაციებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გუშინ გამართულ, “ოპოზიციური ალიანსის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე ვნახეთ, რომ “არათუ ქართველ ხალხში, საკუთარ ამომრჩეველშიც კი მოწოდებები და სიგიჟეები ვერანაირ გამოხმაურებას ვერ პოვებს”.
“ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს გუშინდელი აქცია. მათ შორის, ამ აქციის ირგვლივ რაღაც დისკუსია, კითხვები, აჟიოტაჟი არის მხოლოდ და მხოლოდ მათ ნარატივზე დაჯდომა. ეს აქციაც ეწყობა იმისთვის, რომ გადაიღონ ფოტოები, ვიდეოები, გააკეთონ ხმაურიანი განცხადებები, რომელსაც უკან არაფერი მოჰყვება და შემდეგ, გაავრცელონ მათ პატრონებთან, გარე დამკვეთებთან იმისთვის, რომ ახალი დაფინანსება მიიღონ და საქართველოს წინააღმდეგ ახალი ტალღა მივიღოთ. გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩავარდნილი სცენარი - ბლაჟევიჩის იქნება თუ სხვა ინსტრუქტორის გაცემული დავალებები, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებენ. მაგრამ ასევე, ვნახეთ, რომ არათუ ქართველ ხალხში, საკუთარ ამომრჩეველშიც კი, ეს მოწოდებები და სიგიჟეები ვერ პოვებს ვერანაირ გამოხმაურებას. ერთადერთი, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულო იყო გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, იყო ის, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოუვიდათ, რომ თუნდაც საზოგადოების პატარა ნაწილი მაინც, შეძლეს და მოწყვიტეს იმ საერთო სულისკვეთებას, რომელიც 26 მაისს განსაკუთრებით უნდა გვაერთიანებდეს. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ პოზიტიურია და ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი უერთდება ამ ანტიქართულ აქციებს და დემონსტრაციებს,” - განაცხადა წილოსანმა.