რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დააინიცირა

2026 წლის 9 მაისს, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დააინიცირა.

რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და როგორც განმარტა, აღნიშნული რეზოლუციის მიღება რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე პარლამენტის მხრიდან რეაგირება იქნება.

კერესელიძის თქმით, ის რაც მიმდინარეობს, არის არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ საქართველოს ისტორიული მიწის - სამაჩაბლოს საბოლოოდ მოწყვეტა და რუსულ სივრცეში გადატანა.

მისივე განცხადებით, რუსეთის აგრესიაზე არანაკლებად საგანგაშო საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე და გულგრილობაა.

„გუშინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო. თითოეული ქართველისთვის ამ შესანიშნავ დღეს, სამწუხაროდ საქართველო კვლავ შეხვდა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესით, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო გახლავთ ის, რომ ასეთ ისტორიულ დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე კვლავ ხელისუფლების დუმილი ვიხილეთ.

2026 წლის 9 მაისს გაფორმებული „ხელშეკრულება“ გახლავთ, რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის ოფიციალური პროცესი. რუსეთი უკვე აღარ მალავს საკუთარ მიზანს საქართველოს ისტორიული ტერიტორიების პირდაპირ მიერთების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ოკუპირებული ისტორიული სამაჩაბლოს რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთის მოქალაქეებს ეძლევათ უფლება, დაიკავონ მაღალი თანამდებობები ოკუპირებულ რეგიონში. „ერთობლივი სასაზღვრო პოლიტიკის“ ფარგლებში კი, მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზის ფაქტობრივი გაუქმება და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ადმინისტრაციულ სივრცეში შეყვანა.

ეს არამხოლოდ ოკუპაციაა, არამედ საქართველოს ისტორიული მიწის სამაჩაბლოს საბოლოოდ მოწყვეტა და რუსულ სივრცეში გადატანის მცდელობაა. თუ ეს პროცესი დროულად არ შეჩერდა, დამერწმუნეთ საქართველოსთვის საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება არა თუ რთული არამედ მხოლოდ ოცნებად შეიძლება დარჩეს.

სწორედ ამიტომ, დღეს რუსეთის აგრესიაზე არანაკლებ საგანგაშო საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე და გულგრილობა გახლავთ. როდესაც ხელისუფლება ანექსიის წინააღმდეგ ხმას არ იღებს, როდესაც არ არსებობს არც პოლიტიკური რეაგირება, არც დიპლომატიური ბრძოლა და არც საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება, საქართველოს პარლამენტი რჩება ერთადერთ ინსტიტუციად რომელმაც მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების ანექსიას.

საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს დუმილი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ აღადგინოს აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და საქართველო არ დარჩეს მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ!

დღეს, როდესაც რუსეთი ღიად ცდილობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ ჩუმად. ეს არა პოლიტიკური, არამედ ეროვნული საკითხია და საკუთარი ქვეყნის წინაშე არსებულ ვალდებულებას ვერც „ოცნება” დაემალება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია