ქეთი ბაკარაძე - როცა მშობლები საკუთარი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ, სახელმწიფოს ვალდებულებაა მათ გვერდით დადგეს და არა მათ წინააღმდეგ ინფორმაციული ომი აწარმოოს

როდესაც მშობლები საკუთარი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ, სახელმწიფოს ვალდებულებაა მათ გვერდით დადგეს და არა მათ წინააღმდეგ ინფორმაციული ომი აწარმოოს. ეს წამლები ადრე თუ გვიან საქართველოშიც აუცილებლად შემოვა და დიუშენის ბავშვებიც აუცილებლად მიიღებენ შესაბამის მკურნალობას. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი დროის ფაქტორია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ქეთი ბაკარაძემ პლენარული სხდომის დროს განაცხადა.

ბაკარაძის თქმით, რაც მეტად ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას, მით მეტად იზრდება საზოგადოების ცნობიერება, მხარდაჭერა და ინტერესი საერთაშორისო სამედიცინო პრაქტიკის მიმართ.

„დიუშენის ბავშვებისა და მათი მშობლების უწყვეტი პროტესტი უკვე 37 დღეა გრძელდება კანცელარიის წინ. მოთხოვნა ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატს, რომელსაც შეუძლია ამ ფატალური დაავადების პროგრესის შეჩერება.

ამ პროტესტის პროცესში უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა - დიდმა ბრიტანეთმა, მკურნალობის ოფიციალურ პროტოკოლში შეიტანა ერთ-ერთი პრეპარატი, რომლის ხელმისაწვდომობასაც საქართველოში მშობლები ითხოვენ.

ეს წამლები ადრე თუ გვიან საქართველოშიც აუცილებლად შემოვა, (იქნება ეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში თუ მისი შემცვლელის დროს) და დიუშენის ბავშვებიც აუცილებლად მიიღებენ შესაბამის მკურნალობას. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი დროის ფაქტორია. თითოეული დღე.

შესაძლოა, ზოგიერთი ბავშვისთვის ეს დრო უკვე იმდენად დაკარგული აღმოჩნდეს, რომ პრეპარატის მიღებას აზრიც აღარ ჰქონდეს.

უნდა გახსოვდეთ, რომ ეს თითოეული თქვენგანის პასუხისმგებლობა და ტვირთი იქნება, რომ ვიღაცების ამბიციამ, სიჯიუტემ, არაკომპეტენტურობამ და, ამასთან ერთად, თქვენმა დუმილმაც, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევადი დამძიმება განაპირობა. ნუ გახდებით ამის თანამონაწილეები.

სანამ ამ ყველაფერს პოლიტიკური მანიპულაციის, ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგული ინტერესების, ექსპერიმენტის და სხვა მსგავსი სამარცხვინო არგუმენტების მოშველიებით ამართლებს ხელისუფლება და ბავშვებთან ბრძოლას აგრძელებს, ამ დროს სხვა ქვეყნებში მეცნიერები ბავშვების პოზიტიურ დინამიკასა და მკურნალობის შედეგებზე საუბრობენ.

დღეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ერთი რამ, რაც მეტად ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სარჯველაძე, კობახიძე და სხვები, დიუშენის სამკურნალო პრეპარატების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას, მით მეტად იზრდება საზოგადოების ცნობიერება, მხარდაჭერა და ინტერესი საერთაშორისო სამედიცინო პრაქტიკის მიმართ.

სულ რამდენიმე დღის წინ პროგრესულმა ქართველმა ახალგაზრდებმა და პასუხისმგებლობიანმა მოქალაქეებმა თავად შეიტანეს წვლილი იმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომლებიც სიცოცხლისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში არიან.

თუმცა, ხელისუფლების პასუხი ამ საზოგადოებრივ ერთიანობაზე იყო არა თანადგომა, არამედ პროპაგანდისტული თავდასხმა და შეტევა.

დაიწყო ახალგაზრდების წინააღმდეგ სამარცხვინო კამპანია და მანიპულაციური გზავნილები მათი დისკრედიტაციის, პროცესის გაშავების, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„ოცნების“ ხელისუფლება ბინძურ კამპანიას აწარმოებს მოქალაქეობრივი სოლიდარობისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის; მთავარი სამიზნე არა პრობლემის გადაჭრაა, არამედ ისინი, ვინც ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობენ.

როდესაც მშობლები საკუთარი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ, სახელმწიფოს ვალდებულებაა მათ გვერდით დადგეს და არა მათ წინააღმდეგ ინფორმაციული ომი აწარმოოს.

შეწყვიტეთ ბავშვების სიცოცხლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება.

იმ ფონზე, როცა თქვენივე ჩინოვნიკები იპარავენ ხალხის ფულს, ასეულობით მილიონ ლარს საქართველოს ბიუჯეტიდან, სახლებში მალავენ ოქროს ზოდებს და დასეირნობენ ძვირადღირებული ავტომობილებით, უბრალოდ მორალური უფლება არ გაქვთ ბავშვებს წამლის ფული დაუთვალოთ.

სანამ კობახიძე, რომელსაც ემპათიის უნარი საერთოდ არ გააჩნია, ისაუბრებს საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტის რაციონალურად ხარჯვაზე, მანამდე იმ მილიონიანი მანქანიდან გადმოჯდეს, რომელიც სწორედ საქართველოს მოქალაქეების ფულით არის ნაყიდი.

წამალი ბავშვებს!” - განაცხადა ბაკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია