ლევან მახაშვილი - ოპოზიცია არის ორიენტირდაკარგული, ვარსკვლავდაკარგული, მიშლილ-მოშლილი, მწყემსის გარეშე დატოვებული ფარასავით - ყოველი ახალი აქციის კვალდაკვალ ეცლებათ ადამიანები

ოპოზიცია არის სრულიად ორიენტირდაკარგული, ვარსკვლავდაკარგული, მიშლილ-მოშლილი, მძიმე პოლიტიკური წარსულით, მაგრამ ყოველგვარი მომავლის გარეშე - ყოველი ასეთი ახალი აქციის კვალდაკვალ ეცლებათ ადამიანები, რაც ჯანსაღი პროცესია, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გუშინ გამართულ, “ოპოზიციური ალიანსის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, “მათი უცხოური მფარველების მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს რაღაცნაირად გულისცემა და სუნთქვა შეუნარჩუნონ”.

მახაშვილი ამბობს, რომ წარმატების საფუძველი არც ერთ სცენარს არ ექნება.

“ვნახეთ გაგრძელება იმ ყოველგვარ აზრს, გეგმას, იდეას მოკლებული მცდელობებისა, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც ჩანს. ოპოზიცია არის სრულიად ორიენტირდაკარგული, ვარსკვლავდაკარგული (რაზეც შეიძლება სწორება გააკეთო), მიშლილ-მოშლილი, მძიმე პოლიტიკური წარსულით, მაგრამ ყოველგვარი მომავლის გარეშე. ასე დაკარგული, მწყემსის გარეშე დატოვებული ფარასავით. ეს ადამიანები, პოლიტიკური რადიკალები, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას რაღაც ახალ პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებებს, მნიშვნელოვან ინიციატივებს სთავაზობდნენ, ისევ განცხადებებს აკეთებენ და ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. საზოგადოებაც ხედავს, რომ ყოველი ასეთი ახალი აქციის კვალდაკვალ ეცლებათ ადამიანები, რაც ნორმალური, ჯანსაღი პროცესია, ჩვენი გადმოსახედიდან. გააგრძელონ მათ იგივე ქმედებები. 2028 წელს ასევე საზოგადოება გასცემს მათ პასუხს.

მერამდენედ ვხედავთ მათი უცხოური მფარველების მხრიდან მცდელობას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს რაღაცნაირად შეუნარჩუნონ გულისცემა და სუნთქვა. საქართველოს რეალობაში ცდილობენ ამ სცენარების გატარებას, დატესტვას. ვხედავთ მცდელობას, რომ მოატყუონ საზოგადოება, თითქოს, ახალი გვირგვინით შემკობილი, გონებაგანათებული პოლიტიკური ძალები არიან, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერს ვხედავთ. რა უცხოური სცენარიც არ უნდა იყოს დაწერილი, როდესაც ის არ არის თანხვედრაში ქართულ დაკვეთასთან, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან, ეს იგივეა, რომ ხე იყოს ფესვების გარეშე, საზოგადოებრივ მხარდაჭერას მოწყვეტილი. ამიტომ არც ერთ ასეთ სცენარს, როგორი კარგი შემსრულებლებიც არ უნდა ჰყავდეს, როგორც არ უნდა მიჰყვნენ პუნქტობრივად, წარმატების საფუძველი არ ექნება,” - განაცხადა მახაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია