ლონდა თოლორაია გორში მომხდარზე - შსს-ს ინტერესში უნდა იყოს სამინისტროს ასეთი პოლიციელებისგან გაწმენდა და მათი სამაგალითო დასჯა - „ცივი იარაღი“ ჰქონდაო, ეს ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით

რა თქმა უნდა, ამ პოლიციელებს დააკავებენ. იმიტომ, რომ ვიღაცამ მოახერხა და გადაიღო - თან განა რამე განსაკუთრებული დააშავა. “ცივი იარაღი” ჰქონდაო (დანა ან რამე ამდაგვარი), რაც ჯარიმით, შინაპატიმრობით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, - ასე გამოეხმაურა იურისტი, ლონდა თოლორაია გორში ე.წ. კომბინატის დასახლებაში მოქალაქის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტს, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც თოლორაია სოციალურ ქსელში წერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესში უნდა იყოს სამინისტროს ასეთი პოლიციელებისგან გაწმენდა და მათი სამაგალითო დასჯა.

“რა თქმა უნდა, ამ პოლიციელებს დააკავებენ. იმიტომ, რომ ვიღაცამ მოახერხა და გადაიღო - დღისით, მზისით, სადაც სახე ყველას უჩანს. ვინც ვერ მოასწრო და გადაიღო? ვისაც არავინ შეესწრო იმ მოქალაქეებს ვინ დაიცავს? ან ვისაც ძალადობისას ნიღაბი ეკეთა, იმათ რატომ არ ვსჯით? შინაგან საქმეთა სამინისტროში თითქმის ყოველთვის “გაფუჭებული” იყო ვიდეოკამერები, როცა ეს პოლიციელთა მიერ ჩადენილი ძალადობის გამოსაძიებლად გვჭირდებოდა, მაგრამ ყოველთვის “მუშაობდა”, როცა მათ სჭირდებოდათ.

ისევ მოქალაქეების “გადაღების” იმედად უნდა ვიყოთ? საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა.

აუცილებელია ვინმეს სიკვდილი, რომ ასეთი პოლიციელი ქვეყანაში ისჯებოდეს? აუცილებლად ყველამ უნდა დავინახოთ ძალადობა, რომ ასეთი ქმედების ჩამდენი დაისაჯოს? უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესში უნდა იყოს სამინისტროს ასეთი პოლიციელებისგან გაწმენდა და მათი სამაგალითო დასჯა. პირველი ეს უწყება უნდა ამბობდეს, რომ მე ასეთი პოლიციელი სისტემაში არ მინდა! თან განა რამე განსაკუთრებული დააშავა. “ცივი იარაღი” ჰქონდაო (დანა ან რამე ამდაგვარი), რაც ჯარიმით, შინაპატიმრობით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება”, - წერს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ამასთან, კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ჰქონდა ცივი იარაღი. საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია