საია-ს თავმჯდომარე - უმძიმესი სანახავია გორში საპოლიციო ძალადობის ამსახველი კადრები, ასე ხდება, როდესაც პოლიციელების მხრიდან ადამიანების წამებისა და ცემის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ ფასადურია

უმძიმესი სანახავია გორში საპოლიციო ძალადობის ამსახველი კადრები. ასე ხდება მაშინ, როდესაც პოლიციელების მხრიდან ადამიანების წამებისა და ცემის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ ფასადურია , - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გორში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

თამარ ონიანის განცხადებით, დაუსჯელობას ყოველთვის აქვს ჯაჭვური რეაქცია და, სწორედ ამიტომ, შემთხვევითი ვეღარ იქნება, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ფაქტები.

„საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა, საკითხს ცოტა უფრო სიღრმისეულად შევხედოთ. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში სისტემური პრობლემა სწორედ საპოლიციო ძალადობაზე პროკურატურის მხრიდან ფიქციური გამოძიებები იყო, არსებობდა მკაფიო მოწოდება, შექმნილიყო ცალკე, სპეციალიზებული საგამოძიებო სამსახური. ეს მოხდა 20-ზე მეტი საქმის წარმოების შედეგად სტრასბურგის სასამართლოში (იხილეთ ცინცაბაძის ჯგუფის გადაწყვეტილებები).

2025 წელს, როდესაც ეს სამსახური გაუქმდა, რა ინდიკატორი არსებობდა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი საჭიროება აღარ არსებობდა?!

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უპირველესი ფუნქცია არსშივე სწორედ საპოლიციო ძალადობასთან ბრძოლა იყო. მისი გაუქმებით დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გაძლიერდა.

ამიტომაც, როდესაც ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში მსგავს საქმეებს ვაწარმოებთ, ამ ინსტიტუციურ გაუარესებაზეც ვდავობთ”, - წერს თამარ ონიანი.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია