ლევან სამუშია - მოქალაქეების მიმართ პოლიციელების ძალადობა სისტემური ხასიათის ქმედებებად იქცა, მოვითხოვთ უსწრაფესად გამოძიების შედეგებს - დღისით, მზისით  ხდება ძალადობა, სად არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი?!

უმძიმესი საყურებელი და აღსაქმელია, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიციელები ჩადიან დანაშაულს ჯგუფურად და მათ შორის ერთი პოლიციელიც კი არ გამოერია, რომ რომ აღეკვეთა და ხელი შეეშალა თავისი კოლეგებისთვის. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ აქვთ ხელშეუხებლობის გარანტიები, თუ მსგავსი ფაქტები სააშკარაოზე არ გამომზეურდება , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც გორში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

მისივე თქმით, მოქალაქეების მიმართ ძალადობა პოლიციელების მხრიდან, სამწუხაროდ, უკვე იქცა სისტემური ხასიათის ქმედებებად.

„დღეს გავრცელდა უმძიმესი კადრები უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რომელსაც ჩადიან პოლიციელები საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ დაკავებამდე და სავარაუდოდ, დაკავების შემდეგ. სახეზეა უმძიმესი ფაქტი, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა, ძალადობა. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ქმედება ჩადენილია ჯგუფურად! უმძიმესი საყურებელი და აღსაქმელია, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიციელები ჩადიან დანაშაულს ჯგუფურად და მათ შორის ერთი პოლიციელიც კი არ გამოერია, რომ დანაშაული აღეკვეთა და ხელი შეეშალა კოლეგებისთვის, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ აქვთ ხელშეუხებლობის გარანტიები თუ მსგავსი ფაქტები სააშკარაოზე არ გამომზეურდება",- დასძინა მან.

ოპოზიონერი მიმართავს პროკურატურას, რომ "მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ სახეზეა პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული ჯგუფურად".

"ამის დამალვა არ შეიძლება, ამას შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს!", - აცხადებს სამუშია.

"ლელო ძლიერი საქართველო" მიმართავს სახალხო დამცველს, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს და მონიტორინგი გაუწიოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს.

"სამწუხაროდ, უკვე იქცა სისტემური ხასიათის ქმედებებად საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა პოლიციელების მხრიდან, მე შემიძლია გითხრათ თუნდაც აქციებისას ჩადენილი არაერთი უმძიმესი ფაქტის შესახებ, შევსებული აქვთ "ფორმა ნომერი ერთი, დაწყებულია გამოძიება" და სისხლის სამართლის უამრავ საქმეზე შესაბამის სამართლებრივ შეფასებებს ჩვენ ვერ ვხედავთ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, აუცილებელია უსწრაფესი შედეგი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ჯგუფურად ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე შესაბამის რეაგირებას!", - დასძენს სამუშია.

ამასთან, სამუშია მმართველი პარტიის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"და ბოლოს, სად არის მეგობრებო პოლიტიკური პასუხისმგებლობა?! უკვე ღიად, დღისით, მზისით ხდება ძალადობა, სად არის პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი?! სად არის კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი?! გამოვიდეს და თქვას, თუ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და რაში მდგომარეობს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება აქციების დარბევიდან მოყოლებული და შედეგები თითქმის არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ დამდგარა.

პროკურატურისგან და შესაბამისი ორგანოებისგან კიდევ ერთხელ მოვითხოვთ უსწრაფესად გამოძიების შედეგებს, რადგან ფაქტი სახეზეა. მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა!“ , - განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს