პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს.

“დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 79-ხმით, ერთხმად - პირველი მოსმენით მიიღეს.

ამავე პროექტის ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობად განისაზღვრება. ასევე, შესაძლებელი ხდება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭოს. მინისტრისთვის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება მისთვის რანგის შესაბამისი დანამატის - ყოველთვიურად 1 360 ლარის გაცემას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დიპლომატიის აკადემიის შექმნის ინიციატივას, პროექტის თანახმად, დიპლომატიის აკადემია საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი იქნება, რომლის სახელმწიფო კონტროლს სამინისტრო განახორციელებს. აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას სამინისტრო უზრუნველყოფს.

დიპლომატიის აკადემია პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს, კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსსა და მინისტრის გადაწყვეტილების შემთხვევაში - სხვა კურსებს განახორციელებს. პირები, რომლებიც აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, “დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, დიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნებიან.

როგორც მთავრობა განმარტავს, დღეის მდგომარეობით, საქართველოში სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მომავალი დიპლომატების აღზრდაზე გამოკვეთილად არ არიან ორიენტირებულნი. პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით კადრების მომზადება ზოგადი პროფილითა და საერთო მიდგომების გათვალისწინებით ხდება, რაც შემდგომში ითხოვს დამატებითი ძალისხმევის გაწევას ახალგაზრდა დიპლომატთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ამაღლების თვალსაზრისით.

“სუვერენული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელება და განმტკიცება, საკუთარი ქვეყნისა და საერთაშორისო აქტორების ინტერესების სიღრმისეულ ცოდნას, გაცნობიერებას და გამოყენებას საჭიროებს. ამ კონტექსტში, დიპლომატიური სამსახურის როლი და გამართული სისტემის სიმტკიცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის საგარეო უწყებამ პროფესიონალი დიპლომატების არაერთი თაობა გამოზარდა. გამოცდილი დიპლომატების კვალდაკვალ, საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული თაობა, რომელიც უფროსი თაობის გვერდით, ერთგულად ჩაერთვება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვაში საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა მიღება დაგეგმილია 2027 სასწავლო წლიდან. აკადემიაში მიღებული იქნება 70 სტუდენტი საბაკალავრო, ხოლო 50 სტუდენტი სამაგისტრო პროგრამებზე.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების ფარგლებში, დიპლომატიის აკადემიაში 46 პირი დასაქმდება. წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად 1 093 350 ლარი იქნება.

ასევე, წინასწარი გათვლებით, დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი - 2 993 675 ლარი იქნება - მათ შორის ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარი, ხოლო 2027, 2028 და 2029 წლებში ყოველწლიურად - 2 851 350 ლარით განისაზღვრება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს