პარლამენტმა პირველი მოსმენით “შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, მშვილებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის, ამ პირთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად, შესაბამისი სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერის წარდგენა სავალდებულო წინაპირობა აღარ იქნება.

მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში სოციალური აგენტი მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ცვლილებები “შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ“ კანონში პირველი მოსმენით განხორციელდა.

“შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ“ კანონის მოქმედი რეგულაციის მიხედვით, მთელ რიგ გარემოებებთან ერთად, მშვილებლის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოებს. შეფასების მიზნით, შვილად აყვანის მსურველმა პირმა მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დადასტურდება, რომ მისი სარეიტინგო ქულა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება და 120 000 ქულას აღემატება. ამასთან, მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ, შვილად აყვანის მსურველმა პირმა/ოჯახმა ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიაროს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შეფასება ამ პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღრიცხვიდან მოიხსნება.

პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, შვილად აყვანის მსურველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც ბავშვის სათანადო აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობდა დასტურდება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შვილად აყვანის წესით განისაზღვრება.

როგორც სამინისტრო განმარტავს, პროცესის პირველ ეტაპზე - შვილად აყვანის მსურველი პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დროს და მომდევნო ეტაპზე - შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის გაცხადებისას, მინისტრის ბრძანებით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (პირის/ოჯახის შემოსავლების, ქონებრივი მდგომარეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, მათ შორის საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტაცია), შესაძლებელი იქნება დადგინდეს მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მშვილებელთა რეესტრში რეგისტრირებულია 1 571 მშვილებელი ოჯახი.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია