გიორგი ტუმასიანი - რუსეთი თბილისის მეშვეობით ბლოკავს საქართველოსა და სომხეთის ინტეგრაციას ევროკავშირში - 7 ივნისის არჩევნები იქნება გადამწყვეტი გააგრძელებს თუ არა ერევანი სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან და ევროკავშირთან

ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრი, გიორგი ტუმასიანი აცხადებს, რომ სომხეთში დაგეგმილი არჩევნები ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და რეგიონულ გეოპოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსიის" გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა.

ტუმასიანის თქმით, 7 ივნისის არჩევნები გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა სომხეთი სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სა და ევროკავშირთან.

მისივე შეფასებით, მარკო რუბიოს ერევანში ვიზიტი ვაშინგტონსა და ერევანს შორის ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ტუმასიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე და განაცხადა, რომ „რუსეთი საქართველოს მეშვეობით ბლოკავს საქართველოსა და სომხეთის ინტეგრაციას ევროკავშირში“.

„სომხეთი საკვანძო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც სომხეთის ბედს გადაწყვეტს, რეგიონის გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზეც იქონიებს გავლენას. 7 ივნისის არჩევნები იქნება გადამწყვეტი - გააგრძელებს თუ არა სომხეთი სტრატეგიულ ურთიერთობებს ამერიკასთან და ევროკავშირთან.

ასევე უნდა ითქვას, რომ მარკო რუბიოს ერევანში ვიზიტი, აშშ-სა და სომხეთის ურთიერთობებს კიდევ ერთი დონით აწევს. რეგიონში ჯერ საქართველოს ჰქონდა სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკასთან. დღეს, სომხეთი და აზერბაიჯანიც არ არიან თანაბარ პირობებში, რადგან სომხეთთან ყოვლის მომცველი პარტნიორობა გაფორმდა, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ მიმართულებებს.

სომხეთი სტრატეგიულ გეგმას აწყობს. ამავე დროს არ გამორიცხავს ვაშინგტონთან და ბრიუსელთან თანამშრომლობას. რუსეთი საქართველოს მეშვეობით ბლოკავს საქართველოსა და სომხეთის ინტეგრაციას ევროკავშირში“, - აცხადებს ტუმასიანი.

გიორგი ტუმასიანი აღნიშნავს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით მარკო რუბიოს წერილში ქართველი ხალხის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი იკითხება.

ტუმასიანის თქმით, რუბიოს განცხადებაში მინიშნებაა, რომ საქართველოში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დასრულებული არ არის. მისი შეფასებით, აშშ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას.

„რუბიოს წერილში კონკრეტული მინიშნებაა, რომ ის ქართველ ხალხს ულოცავს, ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. ასევე მინიშნებაა, რომ საქართველოში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დასრულებული არ არის. ამით, შეერთებულ შტატებში ადასტურებენ, რომ დიახ, დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქვეყნის დამოუკიდებლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად. ასევ 26 მაისის ღონისძიებაზე ვიხილეთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები რეგიონში ყველაზე სუსტია. მისი შესაძლებლობები ძალიან მოწყვლადია და „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ნარატივი არის სისუსტის და ჩაბარების ლოგიკა. ხვალ, სომხეთს აქვს პირველი რესპუბლიკის დღე და შთამბეჭდავი აღლუმი იქნება, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის იარაღი აქვს", - აცხადებს ტუმასიანი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს