გიგა ფარულავა - გორში მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის სისტემური დანაშაული - ქვეყანაში სამართალდამცავი სისტემა მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, მათ წინააღმდეგ მოქმედებს

გორში დღეს მომხდარი ძალადობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში სამართალდამცავი სისტემა მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, მათ წინააღმდეგ მოქმედებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

გიგა ფარულავას თქმით, გორში მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის სისტემური დანაშაული.

„პოლიციელებისთვის შექმნილია დაუსჯელობის განცდა, რასაც წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან წახალისება და მოძალადე პრაქტიკის დაფარვა განაპირობებდა. სწორედ ამიტომ ვხედავთ ძალადობის მსგავს შემთხვევებს დღესაც და არსებობს საფრთხე, რომ მომავალშიც გაგრძელდება.

მინისტრების ცვლილება ვერ ცვლის სისტემას, როდესაც თავად სისტემა არის ძალადობაზე, კორუფციასა და მოქალაქეების დაშინებაზე დაფუძნებული. რიგითი ადამიანი დაუცველია როგორც პოლიციის ძალადობისგან, ისე ხელისუფლების კორუფციისგან. პოლიცია, რომელიც უნდა იცავდეს მოქალაქეებს, ხშირ შემთხვევაში თავად იქცევა ძალადობის წყაროდ, ხოლო სახელმწიფო უწყებები მოქალაქის გვერდით დგომის ნაცვლად დუმილს ირჩევენ.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სანქცირებული პირების დაწინაურება და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა სამართალდამცავებისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებას პასუხისმგებლობა არ მოჰყვება. ეს ქმნის სისტემურ პრობლემას, რომლის შედეგსაც საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს.

გორში მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჯგუფურად, რამდენიმე პირის მონაწილეობით განხორციელდა და საჭიროებს სრულ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას. ყველა მონაწილე პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი. ასევე აუცილებელია, ასეთ ადამიანებს სამომავლოდ აეკრძალოთ სამართალდამცავ სისტემაში საქმიანობა.

საზოგადოებას აქვს უფლება ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც პოლიცია იცავს მოქალაქეს და არ ძალადობს მასზე, ხოლო ხელისუფლება პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და არა საკუთარ ძალაუფლებაზე", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს