ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ესმით ამ ქვეყანაში შექმნილი რეალობა და აფასებენ ქართველი ხალხის ბრძოლას - ყველა ხედავს, რომ ქართველი ხალხი აპირებს ბრძოლას გამარჯვებისთვის
ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ესმით ამ ქვეყანაში შექმნილი რეალობა და აფასებენ ქართველი ხალხის ბრძოლას,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო წნეხი ხელისუფლებაზე გაიზარდოს, რათა პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ, რომ გაუქმდეს „დრაკონული" კანონები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
„ჩემი აზრით, გამორიცხულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები დალაგდნენ, ივანიშვილის ტერმინით რომ ვისაუბროთ, რეჟიმთან ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე. მიხარია, რომ მათ სრული ინფორმაცია აქვთ, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ჩვენი პოზიცია და ამ კუთხით მნიშვნელოვანია 26 მაისს გამართული აქცია ამ კონტექსტში, რადგან, კიდევ ერთხელ, ყველა ხედავს, რომ ქართველი ხალხი აპირებს ბრძოლას გამარჯვებისთვის.
ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმზე წნეხი გაძლიერდება, მაგრამ მთავარია ჩვენი გასაკეთებელი - ქართველი ხალხის ბრძოლა და ალიანსის სტრატეგია - ფართო მასშტაბიანი პროტესტის ორგანიზება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და სანდო პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ესენი კი აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე - პოლიტიკური პატიმრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გათავისუფლება, დრაკონული კანონების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
აშშ-ს სახელმწიფოს აქვს ტრადიციული ინტერესები რეგიონში, ეს არის სტრატეგიული ინტერესების თანხვედრა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში, აშშ-ს გაზრდილ გავლენას შავი ზღვის რეგიონში",- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე ჩარლზ იოქი და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ ოპოზიციის ნაწილს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე, შეხვედრა გამართეს საპატრიარქოში.