ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება “ქართულ ოცნებას”, იმ ადამიანებს, ვინც რეალურად შექმნა ეს სისტემა
ეს კონკრეტული ფაქტი გუშინ რომ არ გასაჯაროებულიყო, დარწმუნებული ვარ, ეს ორი ადამიანი დღეს, როგორც დამნაშავე, ისე ეყოლებოდა ამ სისტემას დაკავებული. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერისგან მოვისმინეთ, რომ თურმე ეს ყოფილა “მცირე გადაცდომა”. პოლიციელები რომ ჯგუფურად ძალადობენ რიგით მოქალაქეებზე, ამას თურმე ჰქვია “მცირე გადაცდომა” და მათთვის მზია ამაღლობელი არის სასტიკი დამნაშავე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში”, გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
ფარულავას თქმით, მომხდარი ფაქტი არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და ამაზე პასუხისმგებლობა როგორც უშუალო ხელმძღვანელებმა, ისე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უნდა აიღონ.
“ეს არის ის სამწუხარო რეალობა, სადამდეც მიიყვანა “ოცნების” ხელისუფლებამ დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო, სამართალდამცავი სისტემა და სწორედ მსგავსი ძალადობრივი ფაქტების გამო, თავის დროზე, 2012 წელს საზოგადოებამ უარი უთხრა იმ ხელისუფლებას.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ოცნება” “განაცდა”, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რაც ხდება დღეს ამ სისტემაში.
ეს არის დაუსჯელობის სინდრომის განცდა, როდესაც წლების განმავლობაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ძალადობა მოქალაქეების მიმართ არა მხოლოდ საპროტესტო აქციების დროს, არამედ სადარბაზოებთან, მანქანებსა და განყოფილებებში.
ეს კონკრეტული ფაქტი გუშინ რომ არ გასაჯაროებულიყო, დარწმუნებული ვარ, ეს ორი ადამიანი დღეს, როგორც დამნაშავე, ისე ეყოლებოდა ამ სისტემას დაკავებული. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რაზეც გუშინ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერისგან მოვისმინეთ, რომ თურმე ეს ყოფილა მცირე გადაცდომა. ამ კონკრეტულ მძიმე დანაშაულს, როდესაც პოლიციელები ჯგუფურად ძალადობენ რიგით მოქალაქეებზე, ამას თურმე ჰქვია “მცირე გადაცდომა” და მათთვის მზია ამაღლობელი არის სასტიკი დამნაშავე.
ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება “ქართულ ოცნებას”, იმ ადამიანებს, ვინც რეალურად შექმნა ეს სისტემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინისტრების ცვლილებას შედეგი არ და ვერ მოჰყვება, ვინაიდან სისტემა, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ ძალადობას ჩადის და მერე ამ ძალადობას ფარავს და მალავს. სისტემას სჭირდება როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ როგორც უშუალო ხელმძღვანელებმა, ასევე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა”, - განაცხადა ფარულავამ.
მან ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები საუბრობენ ერთს, თუმცა საპირისპიროდ მოქმედებენ.
“ზოგადად, “ქართულ ოცნებას”, კობახიძეს, მის პოლიტიკურ გუნდს ახასიათებს საუბარი - ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტური გამოძიების იმედი საზოგადოებას ვერ ექნება, ვინაიდან არაერთი დანაშაულებრივი ქმედება გვახსოვს სამართალდამცავი პირების მიერ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია, მათ შორის, დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც პირდაპირ ეთერებში ხდებოდა, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართაც, რომლებზეც სამართლებრივი შედეგები დღემდე არ დამდგარა, შესაბამისად, სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა საზოგადოებას არ აქვს”, - განაცხადა ფარულავამ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ისაუბრა იმ სამმართველოს შექმნაზეც, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გაღვივებას გაუწევს მონიტორინგს. ფარულავას შეფასებით, სიძულვილის ენა მთელი ამ წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” პოლიტიკური იარაღი იყო, რომლის გამოყენებითაც ის საზოგადოებას “მტრებად და მოყვრებად ყოფდა”.
“ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ნამდვილად არ აქვს მორალური უფლება, სიძულვილის ენის დაგმობაზე ისაუბროს, ვინაიდან მათთვის სიძულვილის ენა პრობლემას კი არ წარმოადგენს, არამედ პოლიტიკური იარაღია და ამ სიძულვილის ენით, უკვე წლებია, საზოგადოებას მტრებად და მოყვარებად ყოფს.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით, ეს კონკრეტული უწყება გიორგი გახარიას მიერ შეიქმნა, რომელიც უნდა მომსახურებოდა მოქალაქეების უსაფრთხოებას და ისინი ძალადობისაგან დაეცვა. ამ პერიოდის განმავლობაში ეს უწყება საკმაოდ აქტიურად და კარგად მუშაობდა და უამრავი მოქალაქე დაიცვა.
დღეს რასაც ვხედავთ, მათი მიდგომა არის, რომ ეს კონკრეტული დეპარტამენტი აღჭურვონ ახალი უფლებამოსილებებით და გადააკეთონ, როგორც საპოლიციო ცენზურის მექანიზმი. ეს უწყება “ქართულიო ოცნების” პოლიტიკური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
რაც შეეხება სიძულვილის ენის დაძლევას, ამას შინაგანი პოლიტიკური კულტურა სჭირდება, რომლის დეფიციტიც აქვს “ქართულ ოცნებას”, თუმცა ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს”, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
დეპუტატმა, ასევე, ისაუბრა პარლამენტში დაინიცირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც, რომელიც მათმა ფრაქციამ რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დააინიცირა. როგორც ფარულავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ქართულმა მხარემ დაგმოს მიმდინარე პროცესები, რომლითაც რუსეთი ოკუპაციის მასშტაბებს ზრდის საქართველოში.
“ეს არის პოლიტიკური აქტი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ამ გლობალური პროცესების ფონზე ჩვენ ვხედავთ ოკუპაციის არათუ შეჩერებას, არამედ რუსული ოკუპაციის დღითი დღე მომძლავრებას.
მოგეხსენებათ, რუსეთის პარლამენტმა 9 მაისს რატიფიცირება მოახდინა იმ ხელშეკრულების, რომელიც რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმთან დადო. ფაქტობრივად, ამით ხდება ჩვენი სამაჩაბლოს ტერიტორიის ანექსირება. ამაზე, ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ჰქონია რეაგირება არც საერთაშორისო დონეზე, არც შიდა დონეზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, მოხდა რეზოლუციის ინიციირება, რათა პოლიტიკური აქტით ამ კონკრეტული ფაქტის დაგმობა მოხდეს.
“ქართულმა ოცნებამაც” უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩვენი პარტნიორების გასაგონად, მათი მეტი ჩართულობისთვის, დავგმოთ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს.
ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ რიტორიკას, ნაბიჯებს, რომლებიც ხშირად ემთხვევა ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებებს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩორჩანას საქმეს, რომელზეც დღეს “ქართული ოცნება” ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება საკუთარი ტერიტორიის დაცვას და მისი რიტორიკა ერთი ერთში ემთხვევა ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლების რიტორიკას. დღეს ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ ქართული ტერიტორიიდან ქართული საგუშაგოს გატანას. ეს არის შედეგი “ქართული ოცნების” არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ”, - განაცხადა ფარულავამ.