გივი მიქანაძე - მიუხედავად იმისა, რომ არსებული სახელმძღვანელოებიდან გვხვდება ავტორები, რომელთა მასალებიც მისაღებია, ეს სისტემურ გარდატეხას ვერ ახდენდა - ამიტომ გადაწყდა საბაზო რესურსის შექმნა, რომელიც სტანდარტების ერთიან მინიმუმს დააკმაყოფილებდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის სტანდარტის უზრუნველყოფაა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები დახურულ რეჟიმში არ შეიქმნება. როგორც მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ყველა ის სახელმძღვანელო, რომელიც 15 სექტემბრიდან შევა სკოლაში, გაივლის პილოტირების ეტაპს უშუალოდ სასწავლო პროცესში მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით.

„ჩვენი ხედვით, სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, აკადემიურად გამართულ და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამის სასწავლო რესურსზე.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან გვხვდება ისეთი ავტორები, რომელთა მასალებიც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაღებია, ერთეული კარგი წიგნების ან ცალკეული გამართული თავების თუ საკითხების არსებობა სისტემურ გარდატეხას ვერ ახდენდა. სწორედ ამიტომ, გადაწყდა ისეთი საბაზო რესურსის შექმნა, რომელიც აკადემიური, მეთოდოლოგიური და ასაკობრივი სტანდარტების ერთიან მინიმუმს დააკმაყოფილებდა. პროცესის დაწყებამდე განხორციელდა არსებული სახელმძღვანელოების შესწავლა, გამოიკვეთა მაღალი რეიტინგის მქონე ავტორები, განხორციელდა მათი პროფესიული გამოცდილების, საგნობრივი კომპეტენციის, პრაქტიკული პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინება. მასწვალებელთა მოთხოვნებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით დაიწყო სამუშაო ჯგუფების ფორმირება. ეს პროცესი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა დარგობრივი ასოციაციების, უნივერსიტეტების, ფსიქოლოგების, პრაქტიკოსი მასწავლებლების მონაწილეობით. სხვადასხვა დარგის პროფესიონალთან გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, სანამ არ ჩამოყალიბდა სახელმძღვანელოზე მომუშავე პირთა ჯგუფები, რომლებმაც შემოგვთავაზეს სახელმძღვანელოს ხედვა და კონცეფცია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი შესაძლოა მრავალფეროვნებას ზღუდავდეს, ამასთან დაკავშირებით გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ მასწავლებელს ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა, უფლება აქვს დამატებით რესურსად გამოიყენოს მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მასალა და „ამ კუთხით მასწავლებელს სრული აკადემიური თავისუფლება აქვს“.

გივი მიქანაძის განცხადებით, ღიაობის, მრავალმხრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პირობებში შესაძლებელი იქნება ხარისხიანი, აკადემიურად გამართული და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისა და ფართო ხედვის განვითარებაში დაეხმარება.

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია