გივი მიქანაძე - გამოცდები სრულ თანხვედრაში იქნება იმ პროგრამასთან, რაც მე-11 კლასში იქნება შეთავაზებული - საშუალო საფეხური და უმაღლესი დაწესებულება ისეთ ბმაში უნდა იყოს, რომ მშობელს არ დასჭირდეს დამატებითი რესურსის ხარჯვა მოსწავლის მომზადებაში

სკოლის საშუალო საფეხური და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთმანეთთან ისეთ ბმაში უნდა იყოს, რომ მშობელს არ დასჭირდეს დამატებითი რესურსის ხარჯვა მოსწავლის მომზადებაში - უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდები სრულ თანხვედრაში იქნება იმ პროგრამასთან, რაც სკოლის მე-11 კლასში იქნება შეთავაზებული, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საბაზო ცოდნა მოსწავლემ სრულად უნდა მიიღოს საბაზო საფეხურზე, ხოლო X-XI კლასებში უკვე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფილურ და მისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

„მნიშვნელოვანია ზოგადი და პროფესიული განათლების უფრო მჭიდრო დაკავშირება. სწორედ ამიტომ, წელს პირველად, აბიტურიენტებს გამოცდებზე რეგისტრაციის დროს მიეცათ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებთან ერთად პარალელურად აერჩიათ პროფესიული კოლეჯებიც. გამოცდების დასრულების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა, უკვე მიღებული შედეგებისა და ინტერესების საფუძველზე მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებენ სწავლას.

რაც შეეხება XII კლასს, ეს რჩება მოსწავლეებისთვის არჩევით კომპონენტად. ერთი მოსწავლის შემთხვევაშიც კი სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება XII კლასში სწავლება. ამ არჩევანში მოსწავლე და მშობელი არის თავისუფალი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერისა და სკოლებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის შეთავაზების მნიშვნელობაზე.

„ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები ბოლო წლებში ეტაპობრივად იზრდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, სკოლაში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო გარემო და სტაბილური ანაზღაურება.

მიმდინარეობს სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის პილოტირება, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის დატვირთვის დამატებით შეფასებას და სკოლის განვითარებისთვის საჭირო თანხების მობილიზებას. აღნიშნული მოდელი, ფინანსური რესურსი მიმართული იქნება ინდივიდუალურად როგორც სკოლის, ისე მასწავლებლის დაფინანსების საჭიროებებზე.

რაც შეეხება მასწავლებლებს, 2024 წლიდან დაიწყო ახალი სახელფასო სისტემის დანერგვა, რომელიც გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. ახალი მოდელის ფარგლებში ყველა მასწავლებელს აქვს ვალდებულება, დაადასტუროს იმ საგნის კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის ან რომლის სწავლების სურვილიც აქვს. ანაზღაურება კი დაკავშირებულია რეალურ საათობრივ დატვირთვასთან.

პარალელურად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი კადრების სისტემაში შემოყვანის პოლიტიკაზეც. მათ შორის, მნიშვნელოვანია 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა მობილიზება, სარეზერვო ბაზების შექმნა და ისეთი პროგრამების გაფართოება, როგორიცაა „ასწავლე საქართველოსთვის“. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, სისტემაში მოვიზიდოთ ახალი თაობის მასწავლებლები, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედ პედაგოგებს შევუქმნათ მეტი მხარდაჭერისა და განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია