გივი მიქანაძე - დიპლომატიური აკადემია კონკრეტულ ფუნქციას შეასრულებს - თუ იქ იქნება თანხვედრა გარკვეულ მიმართულებებთან, მაშინ ის პრინციპი იმოქმედებს, რაზეც რეფორმაა დაფუძნებული - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“, თუმცა, არავინ არაფერს აუქმებს

თუ იქ იქნება თანხვედრა გარკვეულ მიმართულებებთან, მაშინ ის პრინციპი იმოქმედებს, რაზეც რეფორმაა დაფუძნებული - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი" - თუ ეს პრინციპი ამ საკითხთან მიმართებაში აქტუალური იქნება, მოცემულობა ისაა, რომ გარკვეული ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება უკვე დიპლომატიურ აკადემიაში დაიწყება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა შეკითხვას „მას შემდეგ, რაც დიპლომატიის აკადემია ამოქმედდება, „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის გათვალისწინებით სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში გადავა თუ არა მილევად რეჟიმში ისეთი ფაკულტეტები, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებს, საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიასთან არის დაკავშირებული.“

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, დიპლომატიური აკადემია რომ საჭიროა, ეს ნათელია.

„ცნობილი დიპლომატიური აკადემია ვენაშია, რომელიც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს შექმნილი. სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, რომ თავის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება შექმნას. დიპლომატიური აკადემია რომ საჭიროა, ეს ნათელია. ეს აკადემია კონკრეტულ ფუნქციას შეასრულებს. თუ იქ იქნება თანხვედრა გარკვეულ მიმართულებებთან, მაშინ ის პრინციპი იმოქმედებს, რაზეც რეფორმაა დაფუძნებული - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“. თუმცა, არავინ არაფერს აუქმებს. თუ ეს პრინციპი ამ საკითხთან მიმართებაში აქტუალური იქნება, მოცემულობა ისაა, რომ გარკვეული ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება უკვე დიპლომატიურ აკადემიაში დაიწყება. უნდა ვნახოთ, რა პროგრამების ავტორიზაცია მოხდება და ა.შ. ახლა ჯერ საკანონმდებლო კუთხით ხდება მისი დაფუძნება, რასაც შემდეგ პროცედურები მოჰყვება, მათ შორის ავტორიზაცია და ა.შ.“, - განმარტა გივი მიქანაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კონკრეტული მიმართულება ავტორიზაციას გაივლის დიპლომატიურ აკადემიასთან მიმართებაში, იმ უნივერსიტეტში, სადაც ეს მიმართულება ისწავლება, მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში.

„ეს არის პრინციპი: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“, რომელიც ვრცელდება თბილისში და ქუთაისში მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს მიმართულება ავტორიზაციას გაივლის დიპლომატიურ აკადემიასთან მიმართებაში, იმ უნივერსიტეტში, სადაც ეს მიმართულება ისწავლება, მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. ხაზს ვუსვამ, რომ ეს თანხვედრაშია ბაზრის კვლევასთან.

ისევე, როგორც სხვა მილევად რეჟიმში მყოფ ფაკულტეტებზე პროფესორ-მასწავლებლებს ვთავაზობთ, რომ მათი ინტეგრირება მოხდეს როგორც მილევად რეჟიმში მყოფი საგნების სასწავლებლად, ასევე ვთავაზობთ, რომ მათი ინტეგრირება მოხდეს იმ უნივერსიტეტებში, სადაც "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი" მოქმედებს.

ვაპირებთ, რომ ამ ადამიანებს ისეთი სახელფასო პოლიტიკა შევთავაზოთ, სადაც ეს ადამიანები ერთ უნივერსიტეტზე იქნებიან მიმაგრებული, შესაბამისად, დანარჩენ სამ უნივერსიტეტში ადგილები გამოთავისუფლდება. რაღაც პერიოდში შეიძლება საკადრო დეფიციტიც გვქონდეს. ჩვენი მიზანია, რომ კადრების შენარჩუნება მაქსიმალურად მოხდეს, მაგრამ უნივერსიტეტების ავტონომიურობიდან გამომდინარე ეს უნივერსიტეტების შიდა გადასაწყვეტი საკითხია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია