“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის სავარაუდო ფაქტი მძიმე და სისტემურ პრობლემად შეაფასა.
ამის შესახებ სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ჟურნალისტების მიერ გადაღებულმა მასალამ, სავარაუდოდ, შეცვალა საქმის განვითარება და შესაძლო დაზარალებული საპატიმროში მოხვედრას გადაარჩინა.
„ეს არის უმძიმესი ფაქტი. ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც გუშინ ვიხილეთ. მადლობა მინდა, გადავუხადოთ ჟურნალისტებს, როგორც აღმოჩნდა, მათ გადაიღეს კადრები, რამაც უზრუნველყო ამ ადამიანის მომავალი, თორემ დღეს დაზარალებული იქნებოდა საპატიმროში და პირიქით, დაკავებული ადამიანები დაზარალებულის სტატუსით იქნებოდნენ აღჭურვილები. უმძიმესია ფაქტი, როდესაც ათზე მეტი ადამიანი ერთ ადამიანს ურტყამს. შემდეგ, როდესაც აცნობიერებ, რომ ამ ადამიანების ჯგუფი პოლიციელები არიან, რომლებიც საკუთარ მოქალაქეს უსწორდებიან, ჩნდება თუ არა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სისტემური ხასიათის? როდესაც დღისით-მზისით ხელაღებულად იქცევი, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს დაუსჯელობის განცდა, რომ მათ არავინ შეეხებათ?“, - განაცხადა სამუშიამ.
სამუშიას თქმით, განსაკუთრებით მძიმეა გარემოება, რომ ერთ ადამიანს ფიზიკურად ათზე მეტი პირი უსწორდებოდა, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი სამართალდამცველები იყვნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვამს კითხვას, ხომ არ მიუთითებს ეს შემთხვევა სისტემურ პრობლემაზე და აქვთ თუ არა პოლიციელებს დაუსჯელობის განცდა.
„ახლა კითხვა უნდა დაისვას, ეს ბრალი საბოლოოა თუ გამოძიება მსჯელობს, ამას უნდა გასცეს პასუხები პროკურატურამ. თუ მსჯელობენ, მიიღეს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება და საზოგადოებას რას ეუბნებიან და დაზარალებულს.
გუშინდელმა ფაქტმა ჩემში გამოიწვია განცდა იმისა, რომ ამ ადამიანებს დაუსჯელობის განცდა ჰქონდათ, რომ არა მოულოდნელად გადაღებული კადრები, ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, მით უმეტეს, ძალადობაზე.
თუ ამ ქვეყანაში მოძალადეები, ძალადობის დამკვეთები არ დაისჯებიან - პრეცედენტი უნდა შეიქმნას. ის კი არა სისტემა მთავრობებმა გადმოიბარონ, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ადამიანიებმა, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიან, კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. დაუსჯელობის სინდრომი, ეს არის თავგასულობა, რომლის შედეგებსაც ვნახულობთ“, - განაცხადა სამუშაიამ.