გორში, პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობისთვის დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, ალექსი ბადალოვის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებით, პატრულის თანამშრომლები ძალადობაში არ მონაწილეობდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, ადვოკატი აღნიშნავს, დასადგენია ვის რა როლი ჰქონდა იმ ძალადობაში, რომლის ამსახველი ვიდეო კადრებიც გავრცელდა.
ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციელი ამ დრომდე არ მოუნახულებია.
"დასავლეთ საქართველოში ვარ. ხვალ, სავარდოდ, ვიქნები სასამართლოში. არც ბრალდებულს შევხვედრივარ, არც საქმის მასალები ვიცი. რაც ტელევიზორით გავიგე და ვნახე, ის ინფორმაცია მაქვს, თუმცა ვის რა როლი ჰქონდა და ვიდეო მასალებით რა იკვეთება, არ ვიცი. ვიდეოს რომ ვუყურე, ისიც არ ვიცი ვინ, ვინ არის.
საპატრულო პოლიციაში მუშაობს. ვიდეოს, რაც ვნახე, იქ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ძალადობაში არ მონაწილეობენ",- აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.