ლევან სანიკიძე - „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: "თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს" – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

„ქართულ ოცნებას“ რომ მოვუსმინე, ფაქტობრივად, ამბობენ, რომ მოქალაქე საცემი იყო, მაგრამ ცუდია, რომ გადაღება მოახერხეს - ქალბატონი თეა წულუკიანის მთავარი პრეტენზია ექვს მოძალადესთან ისაა, რომ „შავში, ბნელში რატომ არ გალახეთ ხალხი, რა არაპროფესიონალი მოძალადეები ხართ, როგორ მოახერხეთ, რომ მედიასაშუალებებმა აღბეჭდეს თქვენი მოძალადეობრივი აქტი“ , - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “თავისუფალი სტუდია” “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ლევან სანიკიძემ ისაუბრა გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტზე და თქვა, რომ მომხდარი სისტემური დანაშაულია. ის მმართველ გუნდს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

ლევან სანიკიძის განცხადებით, სამსახურებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ხალხის, ვინც ძალადობაში მონაწილე პოლიციელების უშუალო ზედამხედველები არიან.

„ეს არის სისტემური დანაშაული და ამ ყველაფერს აქვს მიზან-შედეგობრივი კავშირი. როდესაც [საპროტესტო აქციებზე] მთელი მსოფლიოს დასანახად, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა დარბევის ყველა მომენტი და კადრი, ამ დროს არ ერიდებოდნენ ხალხს და უმოწყალოდ სცემდნენ დემონსტრანტებს. ამის შემდეგ ვინმეს უკვირს, რომ პოლიციელი იძალადებს მოქალაქეზე, როდესაც ჰგონია, რომ მას არავინ არ უღებს?

დღეს მოვუსმინე „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს და მთავარი პრეტენზია, რაც წააყენეს, ისაა, რომ „თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს ეს ყველაფერი“. გესმით, ეს რა ქვეყანაა, რა სახელმწიფო აქვს ივანიშვილს ჩამოყალიბებული? პრობლემა ის კი არ არის, რომ მოქალაქეს პოლიციელი სცემს, პრობლემა ყოფილა, რომ ჩუმად რატომ არ ურტყამს. როგორი იდიოტი უნდა იყო, რომ ჟურნალისტმა მოახერხოს შენი გადაღება“ - ეს აქვთ პრეტენზია.

[შს მინისტრის მოადგილე] დარახველიძე გამოვიდა და თქვა, ქვა ისროლაო, როგორ მოყვა იცით? ჩხუბია, უბნური გარჩევაა, ბიჭებმა ერთმანეთს ხელი მოუქნიეს. მაშინ გაიხადონ ფორმა, ასეთი გაგიგიათ? ბანდა ბანდაზე ვჩხუბობთ თუ რა არის?... ესენი პოლიციელები არიან, თუ უბნის ბიჭები არიან? თუ ძველი ბიჭები არიან, უნდა ჩამოყალიბდნენ.

ხელისუფლება არ გმობს მათ ქმედებას. სამსახურებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა ხალხის, ვინც ამ პირების უშუალო ზედამხედველები არიან: პოლიციის უფროსი, შს მინისტრის მოადგილე. უშუალო ზედამხედველი ვინც არის, მინიმუმ გათავისუფლებული უნდა იყოს. საზოგადოების რეაქციას დაელოდნენ და ნახეს, რომ ხალხი გამწარდა, იფიქრეს, ისედაც ხელისუფლება ნეგატივს-ნეგატივზე იგროვებს და მოდი, ცოტახნით დავიჭიროთ. თუ ხელისუფლება შეინარჩუნეს რაღაც პერიოდის განმავლობაში, ყველას გამოუშვებენ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძემ გადაცემაში 26 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოპოზიციის ალიანსმა“ გამოცდა ჩააბარა, რადგან აქციაზე იმაზე ბევრი ხალხი მივიდა, ვიდრე ელოდა.

„26 მაისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საეტაპო გამოცდა ქართული ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ოპოზიციის ალიანსისთვის“. ქართველმა ხალხმა დამატებითი შანსი მისცა ალიანსს. ეს ერთგვარი ტესტი იყო, მიიღებდა თუ არა ნდობას ალიანსის მიერ წარმოებული პროცესი და მგონია, რომ ბევრი ხალხი იყო. ბევრი ხალხი იყო, რომელიც 100%-ით იყო პარტიული. მგონია, რომ ხალხმა გადაილახა კომპლექსი, რომელსაც ერქვა - “პოლიტიკოსები არ გვინდა, არ დაგვანახოთ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ლევან სანიკიძე 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, რომ აქციაზე გამოსული იყო 5 000-მდე კაცი „ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი“.

სანიკიძის თქმით, შალვა პაპუაშვილს ან მხედველობის პრობლემები აქვს ან უსინდისოა.

„მე არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს. ეს პროფესია არ მაქვს, რომ მისი მხედველობა შევამოწმო, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული პრობლემები აქვს ან ძალიან უსინდისოა“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია