ჩვენი გუნდიდან ბევრი ჩვენგანი დიდი ხანია პოლიტიკაში ვართ და გავიარეთ ის ასაკი - სიტყვების უკვე აღარ გვჯერა - თუ შენ დეკლარირებ ერთს და აკეთებ მეორეს, ჩემთვის უკვე ნათელია, რომ შენ არაფერს არ აკეთებ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის თაობაზე.
მისი თქმით, ისინი მხოლოდ რეალურ ქმედებებს დაიჯერებენ.
„ჩვენი გუნდიდან ბევრი ჩვენგანი დიდი ხანია პოლიტიკაში ვართ და გავიარეთ ის ასაკი - სიტყვების უკვე აღარ გვჯერა. თუ შენ დეკლარირებ ერთს და აკეთებ მეორეს, ჩემთვის უკვე ნათელია, რომ შენ არაფერს არ აკეთებ. როდესაც მეუბნები, რომ ნატოს კარი ღიაა და ლამის 20 წელია ორპირ ქარში მამყოფებ, უკვე მეც კითხვები მიჩნდება. ასე რომ, კაია კალასმა რომ იმიჯი გამოისწოროს და ვითომ ჩვენ დაგვანახოს, თითქოს ქართველი ხალხის მომავალზე ძალიან გულდათუქულია და ბევრს ფიქრობს, მარტო იმის დეკლარირება კი არ უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ჯარები უნდა იქნას გაყვანილი, არამედ საქართველოს რეალურად უნდა შეუწყოს ხელი ევროინტეგრაციის და ეკონომიკის განვითარების საკითხებში. იქითკენ არ უნდა გადაგვადგმევინოს ნაბიჯი, რაც მოიტანს ეკონომიკურ კრახს საქართველოში, რისკენაც გვიბიძგებენ და არ გავაკეთეთ. კიდევ კარგი, რომ ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, თორემ აქ რა იქნებოდა კაცმა არ იცის. ჩვენ დავიჯერებთ მხოლოდ რეალურ ქმედებებს, სიტყვების აქეთ-იქით სროლას უკვე დიდი ხანია აღარ ვიჯერებთ”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ.
კალასმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, არსებობს თუ არა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებში მის მიერ წარდგენილ მოთხოვნების დოკუმენტთან დაკავშირებით.
„მინისტრებმა სხვა სახის დათმობებიც წამოაყენეს. რაც შეეხება რუსულ ჯარებს საქართველოსა და მოლდოვაში, ეს ერთ-ერთი იდეაა, რადგან როდესაც ევროპის უსაფრთხოების ძირითად ინტერესებზე ვსაუბრობთ და როდესაც ეს ქვეყნები ცდილობენ ევროპულ გზაზე იყვნენ, მაშინ იქ რუსული ჯარების ყოფნა აშკარა უსაფრთხოების რისკია და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ისინი იქიდან გავიდნენ. ამას არავინ არ ეწინააღმდეგება, ამიტომ ეს კვლავ განიხილება“, - განაცხადა კალასმა.