დანაშაული სისტემური რომ არის, ეს სხვა სპიკერებმაც დაადასტურეს ნაკლებად ოდიოზური ფორმით და ნაკლებად ოდიოზურებმა, ვიდრე თეა წულუკიანია, ხოლო წულუკიანმა დაასვა ამას წერტილი, სადაც პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ვართ ერთნი, ერთი დამპალი პოლიტიკური სისტემა, რომლის შემადგენელი ნაწილი არის სამართალდამცავი სისტემაც, ჩვენ ყველანი ვემსახურებით ერთ საქმეს და მტრებს ნუ გავახარებთო, გსაყვედურობთ იმიტომ, რომ ფრთხილად არ მოიქეცითო, ანუ მოფარებულში უნდა გექნათო, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” გორში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
სიორიძის შეფასებით, წულუკიანის განცხადება და დამოკიდებულება “სისტემაში მყოფი მოძალადეების წახალისებაა”.
“ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს ადამიანები [პოლიციელები] საჩვენებლად დააკავეს იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდათ. ამავდროულად, ცდილობენ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამბობენ, მყისიერი რეაგირება გვქონდაო, ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” გადასწვდნენ, გაიხსენეთ გირგვლიანის შემთხვევაო და ა.შ.
დაკავებულებს წარუდგინეს ბრალი, რომელიც არის სრულიად არაადეკვატური. ნებისმიერი იურისტი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც გეტყვით, რომ აქ არანაირ გადაცდომაზე საუბარი არ არსებობს. ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია იმ თვალსაზრისითაც, რომ გადაცდომა ისეთ აღქმას აჩენს, თითქოს რაღაც პროცედურები მიმდინარეობდა, რაღაცას კანონიერად აკეთებდნენ და იქ რაღაც ფარგლებს გასცდნენ. აქ არანაირი ფარგლებს გაცდენა არ არის, თითქოს რაღაც დრამატურგია ჰქონდათ, თითქოს გავარჯიშებულები იყვნენ ასეთ საქმეში და განაწილებული ჰქონდათ როლები - ერთი რას აკეთებს, მეორეს როგორ გაჰყავს, მესამე როგორ ურტყამს, მეოთხე როგორ უღებს… მთელი დრამატურგიაა, რაც კიდევ ერთხელ გვიჩენს განცდას, რომ სისტემატურად ხდება ასეთი ამბები, უბრალოდ არ არის კადრებში დაფიქსირებული და ამას აქვს სისტემური ხასიათი.
დანაშაული სისტემური რომ არის, ეს სხვა სპიკერებმაც დაადასტურეს ნაკლებად ოდიოზური ფორმით და ნაკლებად ოდიოზურებმა, ვიდრე თეა წულუკიანია, ხოლო წულუკიანმა დაასვა ამას წერტილი, სადაც პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ვართ ერთნი, ერთი დამპალი პოლიტიკური სისტემა, რომლის შემადგენელი ნაწილი არის სამართალდამცავი სისტემაც, ჩვენ ყველანი ვემსახურებით ერთ საქმეს და მტრებს ნუ გავახარებთო. ამ ბრალდებულ ადამიანებს ეუბნება, გსაყვედურობთო, კი არ მოგკვეთეთ სისტემიდან, თქვენ ამ სისტემის საცეცები ხართო, მაგრამ გსაყვედურობთ იმიტომ, რომ ფრთხილად არ მოიქეცითო, ანუ მოფარებულში უნდა გექნათო… სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ წულუკიანის განცხადება, რომელიც იქცა ნამდვილ პოლიტიკურ ვუდუს თოჯინად “ქართული ოცნებისთვის”.
ყველაზე მეტ სიბინძურეს ეს ქალბატონი [თეა წულუკიანი] ანთხევს, ეს ადამიანი, რომელიც მოვიდა სტრასბურგის წიაღიდან და მისი პოლიტიკური ევოლუცია დავიდა აქამდე, რომ არის ცენზორი, ისტორიაში შესულია თავისი არალეგიტიმური კომისიით, რომელიც საქართველოს ბრალს სდებს ოკუპანტთან ომის დაწყებაში და ახლა აჟღერებს ყველაზე დიდ სიბინძურეს.
ეს არის სწორედ წახალისება მომავალში იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ სისტემის შემადგენელი ნაწილები არიან, ისეთივე წახალისება, როგორიც თავის დროზე ირაკლი კობახიძის მიერ ღირსების ორდენზე “ხარებას”, დარახველიძის და სხვების წარდგენა იყო.
მომხდარი არ უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი გამოაშკარავებული დანაშაული. ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც სისტემატურად გრძელდება და მთელი სისტემა არის ამაში ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ “მწვანე შუქი” აქვთ ანთებული ზემოდან. როდესაც სისტემური დანაშაული ხდება, მაშინ პერიოდულად სისტემას უწევს ხოლმე სისხლის გამოშვება, ისევე როგორც ხუთი სპეცრაზმელის დაკავების შემთხვევაში მოხდა.
ახლაც, კადრებს ვერ გაექცევიან, სახეზე ჩანან ეს ადამიანები და მოუწიათ მათი გაწირვა, ოღონდ გაწირვა ამ შემთხვევაში რას ნიშნავს - მიუყენეს სხვა მუხლი, მსუბუქი და არაადეკვატური მუხლი, რომელიც სხვა დანაშაულზე პასუხისგებას ითვალისწინებს. სულ სხვა პასუხისმგებლობის ზომა არის, სულ სხვა მსვლელობა და შინაარსი ექნება თვითონ გამოძიებასაც, მტკიცებულებების გამოკვლევას და ა.შ. ციხეში როგორ პირობებში იქნებიან ეს ადამიანები, მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი დამპალი სისტემების ლოგიკა სწორედ ამას გვკარნახობს. გირგვლიანის შემთხვევაზე რომ საუბრობდა კობახიძე, რა იყო იქ - სააკაშვილიც იძულებული გახდა მაშინ, რომ ეს ადამიანები უნდა დაეკავებინა, რეზონანსულობიდან გამომდინარე, მერე კი შეიწყალა”, - განაცხადა სიორიძემ.
მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ისე მთავრობის ხელმძღვანელსაც ეკისრება, თუმცა, როგორც სიორიძემ აღნიშნა, “ამით სისტემა არ შეიცვლება, საჭიროა ის დაინგრეს”.
“უშუალოდ გორის შემთხვევაზე ექვსი ადამიანი არის დაკავებული მაშინ, როდესაც ექვსზე მეტი პირი ჩანს კადრებში. დანარჩენები, როგორც მინიმუმ, უმოქმედობის ბრალით უნდა იყვნენ დაკავებული. ეს უნდა წავიდეს იერარქიული პრინციპით - [პასუხი მოეთხოვება] მათ ხელმძღვანელებს, რამდენად იცოდნენ, რამდენად საქმის კურსში იყვნენ, რამდენად შეეძლოთ ეს გაეკონტროლებინათ. სამართლებრივად ეს მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამდე იმიტომ, რომ პოლიცია ამ სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია და პოლიტიკურად, ეს მიდის მთავრობის ხელმძღვანელამდე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და მთავრობის ხელმძღვანელმა, მაგრამ ამით სისტემა არ შეიცვლება იმიტომ, რომ სისტემას სჭირდება ერთი რამ - ის უნდა დაინგრეს”, - აღნიშნა სიორიძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტსა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების შესახებაც ისაუბრა. სიორიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ბოიკოტის პოლიტიკას და მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები.
“ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონფიგურაციის პრინციპით შეგვხვდა. ჩვენ, ანა დოლიძეს, “თავისუფლების მოედანსა” და “მოქალაქეებს” ცალკე შეგვხვდნენ.
რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურ ლანდშაფტს, ისინი პირდაპირ აცხადებენ და მე ამას თამამად ვიტყვი თქვენთან, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან ბოიკოტის პოლიტიკით და კერძოდ იმით, რაც მოხდა გასულ წელს საქართველოში, რადგან მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ პარტიები პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა იყვნენ, არ უნდა დასცილდნენ ძირითად პოლიტიკურ პროცესს, რაც გულისხმობს, მათ შორის, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობასაც.
ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, როგორი ვითარება არის ამ ქვეყანაში, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ხალხის წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია.
მე ვამბობ იმას, რაც მოვისმინე და არ მგონია, საარჩევნო ბოიკოტში მყოფ პარტიებთან სხვა გზავნილები ჰქონოდათ ამერიკელებს. მათ სიტყვა სიტყვით თქვეს, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან ბოიკოტის პოლიტიკით და მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხისგან მანდატი უნდა მიიღონ, რათა ხალხის სახელით ისაუბრონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, სტრატეგიულ პარტნიორებთან”, - განაცხადა სიორიძემ.