დღეს მთავარი კითხვა არის, ვინ მფარველობს დამნაშავეებს? რატომ ცდილობს ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადატანას რამდენიმე ძალოვანზე მაშინ, როცა ათზე მეტი პოლიციელი ძალადობდა ორ მოქალაქეზე? რატომ არ ისმის კითხვა მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც უყურებდა დანაშაულს და არაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ ეს დანაშაული აღეკვეთა? რატომ არ განიხილება საქმის კვალიფიკაციის შეცვლა უფრო მძიმე მუხლებით, მათ შორის, ჯგუფური ძალადობისა და წამების მუხლებით? - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით განაცხადა.
კუპრაძე თავის განცხადებაში პროკურატურას მიმართავს და მუხლის გადაკვალიფიცირებასა და ყველა პოლიციელის ქმედების მიმართ ინდივიდუალურის შეფასების მიცემას მოითხოვს.
„გორში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ანტი-ქართული ოცნება” ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე.
მივმართავ ქართველ მშობლებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ კრიმინალური პოლიცია, ძალოვანი უწყებები ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში, სამშენებლო მოედნებზე, თქვენს შვილებს პერიოდულად უსწორდებიან, ძალადობენ და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ,აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან.
ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მსხვერპლს გაუმართლა და ამ სამშენებლო მოედანთან, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, იძალადეს და აწამეს, უბრალოდ გაუმართლა, რომ მიმდებარე კორპუსში ცხოვრობდა ჟურნალისტი, რომელმაც შეძლო ამ კადრების გადაღება.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი შვილები, ჩვენი საქართველოს მოქალაქეები არიან დაუცველი „ანტი-ქართული ოცნების“ ძალოვანი უწყებების წინაშე.
გორში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ანტი-ქართული ოცნება“ ვერ იაზრებს იმას, რომ სისტემური ძალადობა, რომელსაც ის ქმნის, ძალიან მძიმედ დაუბრუნდება მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობებით.
„ანტი-ქართული ოცნება“ აგრძელებს ძალადობას მსხვერპლზე, აგრძელებს პროპაგანდის წარმოებას მსხვერპლზე, აგრძელებს ოჯახის წევრების დაშინებას, რაც გამოხატულია პირველ კომენტარში და შემდეგ საჯაროდ გაკეთებულ კომენტარებსა და გამოსვლებში.
ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის დისკრიმინაციის მცდელობას, პარალელურად წაყენებულ ბრალს, როდესაც ადამიანს აწამებს სამშენებლო მოედანზე ათზე მეტი პოლიციელი, მაგრამ პარალელურად ბრალს უყენებს ისევ და ისევ მსხვერპლს, რაც სრულიად გაუგებარი სამართლებრივი ნონსენსია. ეს არა რის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის ტირანია, სადაც ავტოკრატი და ავტორიტარი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე.
დღეს მთავარი კითხვა არის, ვინ მფარველობს დამნაშავეებს? რატომ ცდილობს ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადატანას რამდენიმე ძალოვანზე მაშინ, როცა ათზე მეტი პოლიციელი ძალადობდა ორ მოქალაქეზე? რატომ არ ისმის კითხვა მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც უყურებდა დანაშაულს და არაფერი მოიმოქმედა იმისათვის, რომ ეს დანაშაული აღეკვეთა? რატომ არ განიხილება საქმის კვალიფიკაციის შეცვლა უფრო მძიმე მუხლებით, მათ შორის, ჯგუფური ძალადობისა და წამების მუხლებით?
ასევე, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დანაშაული ჩაიდინება როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. იქ მყოფმა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც უყურებდნენ მოქალაქეების წამებას და არაფერი გააკეთეს ამ დანაშაულის აღსაკვეთად, ისინი პასუხისმგებლები არიან უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულზე.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობოს, მიმდინარეობს თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება. ყველა პოლიციელის ქმედებას მიეცეს ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასება, დადგეს როგორც უშუალო დამნაშავეების, შემსრულებლების, ისე მათი ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, რადგან ცხადია, რომ ეს არ არის ინდივიდუალური გადაცდომა, ეს არის სისტემური პოლიტიკა, რასაც ივანიშვილი და „ანტი-ქართული ოცნება“ აწარმოებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
შეწყდეს მსხვერპლის მიმართ წარმოებული ბინძური პროპაგანდისტული კამპანია, შეწყდეს ძალადობა და ზეწოლა ოჯახის წევრებზე, რომელთა შეცვლილი კომენტარებიც და განცხადებებიც ცხადად ადასტურებს ამ ზეწოლას „ანტი-ქართული ოცნების“ მხრიდან.
ირაკლი კობახიძე და მისი სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გაექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ასევე უნდა ითქვას, რომ უმძიმესი განცხადება იყო დეპუტატ წულუკიანის მხრიდან, რომელმაც ღიად განაცხადა და ყველამ ზუსტად ასე გავიგეთ, რასაც გულისხმობდა ქალბატონი წულუკიანი - ჩაიდინეთ ყველამ დანაშაული ისე, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგოს. დევნეთ, აწამეთ საქართველოს მოქალაქეები ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგოს.
წულუკიანი არ წუხს იმაზე, რაც კადრებში ნახა საზოგადოებამ, არამედ წუხს იმის გამო, რომ თურმე ვინმეს სალაპარაკო მიეცა ამის შესახებ. მივმართავ ქალბატონ წულუკიანს და „ანტი-ქართული ოცნებას“, თუ გგონიათ, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, ქუჩაში გვდევნონ, გვაწამონ, დაგვიჭირონ, აქეთ წაგვიყენონ შემდეგ ბრალი უბრალოდ იმისთვის, რომ შემდეგ სალაპარაკო მოგვეცეს, ეს არის სიბეცე და ტყუილი „ანტი-ქართული ოცნების“ მხრიდან.
ყველას ესმის, რომ “ანტი-ქართული ოცნება” იქცა სისტემური ძალადობის პოლიტიკურ პარტიად, რომელიც არ ემსახურება ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს მოემსახურება ახალი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც შექმნის სამართლებრივ და სამართლიან სახელმწიფოს.
ყველას უნდა ახსოვდეს, მშობლებს, რომ თქვენი შვილები არიან დაუცველი „ანტი-ქართული ოცნების” სისტემის წინააღმდეგ, თქვენს შვილებს სცემენ და აწამებენ მიყრუებულ ადგილებში, მაგრამ მათ შეიძლება არ უმართლებთ და არ აღმოჩნდნენ ადგილზე ჟურნალისტები, რომლებიც შეძლებენ კადრების გადაღებასა და გამოქვეყნებას. დღეს ქართველი ახალგაზრდობა არის ხიფათში ანტი-ქართული ძალადობრივი რეჟიმის პირობებში.
ჩვენი მიზანია ის, რომ „ანტი-ქართული ოცნება” ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და შევქმნათ სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.