კახა კალაძე - კარგია, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა და  სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა - თუ ვინმემ არ უნდა იაქტიუროს და ისაუბროს ამ თემაზე, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“

კარგია, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდა და სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავების მიერ ორ პირზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და 6 პირის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც მოხდა.

„თუ ვინმემ არ უნდა იაქტიუროს და არ უნდა ისაუბროს აღნიშნულ თემაზე, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ყველას გვახსოვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რა პროცესები მიდიოდა, რა პრობლემების წინაშე იდგა ქართველი ხალხი და, ზოგადად, მთლიანად ქვეყანა.

რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველაფერი, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კარგია ის, რომ მომხდარი გასაჯაროვდა.

„კარგია, რომ ეს ფაქტი გასაჯაროვდა და ამას მოჰყვა სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედა მყისიერად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია