სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასური შესაძლოა გაიზარდოს

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასური შესაძლოა გაიზარდოს.

დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასურის ცვლილებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ შესთავაზა.

მოქმედი რეგულაციის მიხედვით, დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობაა სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში – გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არაუმეტეს 500 ლარისა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, საბჭოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, საფასური შემდეგნაირად გადაიხდება: - სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში - სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში - გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 1 000 ლარისა.

როგორც მთავრობა განმარტავს, საჩივრის წარდგენის დღესდღეობით მოქმედი საფასური დადგენილ იქნა კონკრეტული დროის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს, ფულადი ერთეულის მსყიდველობითუნარიანობის და სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით. მისივე განმარტებით, მოქმედი საჩივრის წარდგენის საფასური ვერ უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიკურ ბალანსს, ქმნის დაუსაბუთებელი საჩივრების წარდგენის მაღალ რისკებს, რაც თავის მხრივ, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს აჭიანურებს და სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის საჭიროებების დროულ დაკმაყოფილებაზე უარყოფითად აისახება.

„ეკონომიკური გარემოს ცვლილების პირობებში, სახელმწიფო შესყიდვების მოცულობის ზრდისა და ფინანსური მაჩვენებლების ცვლილების გათვალისწინებით, დადგენილი საფასურის უცვლელად შენარჩუნება იწვევს მისი რეალური ეკონომიკური ღირებულების შემცირებას. დაწესებული საფასური უნდა იყოს იმ ოდენობით განსაზღვრული, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და ამავდროულად, დაცული იქნება თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპები“, - ვკითხულობთ კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ საჩივრის წარდგენის საფასურის ცვლილება შეამცირებს დაუსაბუთებელი საჩივრების ოდენობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაჩქარებას, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია