პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.

სხდომას დაკავებული არც ერთი პოლიციელი არ ესწრებოდა.

პროკურატურა პოლიციელების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურორი ნინო ზურაბაშვილი ექვსივე პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლების არსებობაზე საუბრობდა.

როგორც ის აღნიშნავდა, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულების სამსახურებრივი პოზიციით უპირველესად წესრიგის დაცვა ევალებოდათ და არა ის, რა ქმედებაც განახორციელეს. ზურაბაშვილის თქმით, აღკვეთის ღონისძიების მიღწევას პატიმრობა უზრუნველყოფს.

დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

გიორგი წკრიალაშვილის ადვოკატის, ზაზა მინდიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაბამისად, მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ადვოკატმა წკრიალაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა.

პოლიციელ საბა წაველიძის ადვოკატის, ზურა კაპანაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 19 წლისაა. ადვოკატის თქმით, ის გამოძიებასთან მოთხოვნის შესაბამისად აქტიურად თანამშრომლობს. კაპანაძის თქმით, ახალგაზრდული ასაკი მხოლოდ ბიოლოგიური გარემოება არაა და 19 წლის პირი რეაბილიტაციის შესაძლებლობის მქონე პირს წარმოადგენს, პატიმრობის გამოყენება ასეთ ასაკში კი მიზანშეწონილი არაა. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს კრიმინალური წარსული არ აქვს და წარსულში რაიმე ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია.

კაპანაძის თქმით, აღკვეთის მიზნების მიღწევა შესაძლებელია გირაოს გამოყენებით, შინა პატიმრობით, ელექტრონული სამაჯურით, პოლიციაში გამოცხადების ვალდებულებითაც.

შუამდგომლობას არც ბესო მალაციძის ადვოკატი დაეთანხმა. უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ივანე მისირელის ადვოკატი, ვანო სამხარაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფების 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, გოდერძიშვილი კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას გადის. ადვოკატის თქმით, საქმის მასალებით დგინდება, რომ პოლიციელს დაზიანება პაპუნა ლოცულაშვილის მიერ აქვს მიყენებული. სამხარაძის თქმით, გოდერძიშვილმა თავი სრულად ცნო თავი დამნაშავედ და აღიარებს ბრალს. უფლებადამცველის თქმით, პატიებას ითხოვს და ბრალს აღიარებს ივანე მისირელიც.

შუამდგომლობას არც ალექსი ბადალოვის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე არ დაეთანხმა. მისი განმარტებით, ბადალოვი შემთხვევის ადგილზე კონფლიქტის შემდეგ მივიდა. ადვოკატის თქმით, ის ადგილზე კრიმინალური პოლიციის შეტყობინების შემდეგ მივიდა.

ნოდარ ცინცაძეც დაკავებულის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

პროკურორმა მიშა ბერიაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საქმეზე არაერთი პირდაპირი მტკიცებულებაა მოპოვებული, მათ შორის, ვიდეომასალა, სადაც “შავით თეთრზე” ჩანს, რომ პოლიციელები დაზარალებულებზე ძალადობდნენ. პროკურორის თქმით, ალექსი ბადალოვი მათ შორის, ლაშა აბისონაშვილის მიმართაც ახორციელებს ძალადობრივ ქმედებას, კერძოდ კი, მას ბადალოვიც ჰკიდებს საყელოში ხელს.

ამასთან, მიშა ბერიაშვილის თქმით, ამ მომენტისთვის დანარჩენი პირების ვინაობა დადგენილი არ არის და ინტენსიურად მიმდინარეობს ანალოგიური საპროცესო მოქმედებები.

„ეს ჩვეულებრივი საქმე არაა, ბრალდებულები პოლიციის თანამშრომლები არიან, გარდა დაკავებულისა, იქ სხვა პირებიც ფიგურირებენ... 6 ბრალდებულიდან 4 საკუთარ ქმედებებზე უთითებს და იმასაც არასწორად.... რომ ეთანამშრომლათ, სხვა პირებიც გამოკვეთილი იქნებოდნენ. ნუ ნაწილი გამოკვეთილია, ნაწილი გამოიკვეთება, ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან გამოძიების შეცდომაში შეყვანას”, - განაცხადა პროკურორმა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს, 12:00 საათზე ჩატარდება.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია