საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თბილისის მერია ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწავლების პროცესშივე ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში და პროფესიული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ. სწორედ ამიტომ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექციის საქალაქო სამსახურის ინიციატივას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მნიშვნელოვანია, რომ მერია სწორ აქცენტს აკეთებს იმ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს ქვეყნის განვითარებისა და ურბანული პროცესების მართვისთვის პრიორიტეტულია. სამშენებლო, სატრანსპორტო, არქიტექტურის, აგრარული და სამთო მიმართულებები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ქალაქის განვითარებასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, გარემოს უსაფრთხოებასთან და მდგრად განვითარებასთან. სწორედ ამ სპეციალობების სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შეთავაზება დროული გადაწყვეტილებაა“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა სტუდენტებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრის ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექციის საქალაქო სამსახური სტუ-ის სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებაზე აცხადებს მიღებას. მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების სტუდენტებს დეტალურად გააცნო სტაჟირების პროგრამის პირობები, მონაწილეობის კრიტერიუმები, ასევე მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის სპეციფიკა.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, თბილისის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სპეციალობების სტუდენტების მხარდაჭერას, რომლებიც ქალაქის განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გარემოს ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა დაინახონ საკუთარი პროფესიის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მომავალ საქმიანობას უკავშირდება. მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს როგორც პროფესიული უნარების განვითარებას, ისე საჯარო სექტორსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა პროგრამასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა