არ მჭირდება, არც ნიკა მელიას დადასტურება, არც არავის დადასტურება, როდესაც ბატონი ხაჭაპურიძე [შალვა ხაჭაპურიძე] გყავს ადვოკატად, ფაქტია, რომ მაშინ აპირებ და ცდილობ ხელისუფლებასთან დალაგდე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მელია ამბობს რომ „სააკაშვილმა მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო მისი მოციქული ხელისუფლებასთან, მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც!“.
როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის კონკრეტულ პოლიტიკოსებს შუამავლებად არ განიხილავს.
„ნიკა მელიასაც მოვუწოდებ და მიშასაც, ან არ უნდა თქვან ასეთი რამ, ან ბოლომდე თქვან. არ მჭირდება, არც ნიკა მელიას დადასტურება, არც არავის დადასტურება, როდესაც ბატონი ხაჭაპურიძე [შალვა ხაჭაპურიძე] გყავს ადვოკატად, ფაქტია, რომ მაშინ აპირებ და ცდილობ ხელისუფლებასთან დალაგდე. სააკაშვილის პოზიციონირებაც - გამიშვით და „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ შევწყვეტ ურთიერთობას, ამას სააკაშვილი ამბობდა, არ მინდა ვიმარჩიელო. მე ვიცი ის, რასაც ჩემი თვალით ვხედავდი. ის, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, გავიგე მიხეილ სააკაშვილისგან, მისი „ლაივ“ ჩართვით. ვერ ვხედავ კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც სააკაშვილის ჩამოსვლიდან 1 საათში, მისი გეგმები დაუდო ხელისუფლებას. ვერ ვხედავ რომელიმე პოლიტიკოსს, ვინც შუამავალი შეიძლება ყოფილიყო. ვხედავ ადვოკატს. ვხედავდი მის განცხადებებს...
მომეწონა სააკაშვილის წინა „პოსტი“, სადაც ამბობს, რომ ამ ხელისუფლებასთან გარიგება შეუძლებელია. დიახ, ყველანი შეცდომებს ვუშვებთ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც. კარგია, ეს დასკვნა, რომ გააკეთა - რომ ამ ხელისუფლებასთან გარიგება შეუძლებელია. „გადააგდეს“ და მომავალშიც გადააგდებენ“, - აცხადებს ბობოხიძე.
ბობოხიძე ასევე აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, თითქოს ვინმემ სააკაშვილი „გაყიდა“ და ხელისუფლებას მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდა.
„არ ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლაზე რომელიმე კონკრეტულმა ერთმა პირმა უღალატა. სააკაშვილის განწყობა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდოდა, შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულმა წევრმა. ეს ადამიანები დღესაც აქტიურად პოზიციონირებენ და სხვისკენ იშვერენ ხელს. ჩვენი დამოკიდებულება იყო ისეთი, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არ იქნებოდა კარგი.
ჩამოსვლას თუ მოახერხებდა არ ველოდი. ვაღიარებ, რომ სრულიად მოულოდნელი სვლა გააკეთა. ის, რომ მისი ჩამოსვლიდან 2 საათში ვიღაცამ გაყიდა, ფაქტები რაც მახსოვს, ამას არ მიდასტურებს, რომ ვიღაცამ გაყიდა და ვინც უნდა დახვედროდა, მან აცნობა. მისი „ლაივით“ გაიგო ხელისუფლებამაც და ჩვენც. ისინი არ იჯერებდნენ, რომ ბათუმში იყო. რომ არა ხინკლის გამოძახების დროს დაშვებული შეცდომა, საერთოდ ვერ ნახავდა მას ხელისუფლება არჩევნებამდე“,- აცხადებს ბობოხიძე.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
როგორც მელია წერს, სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან „იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.
ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ „საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა" ჩამოსულიყო.
ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან მის მისამართით გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს".
„სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა.
ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.
რატომ იყო „ის კაცი" მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი! ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც“, - წერს მელია.