სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

აღნიშნულის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი გამართა.

მისი განმარტებით, დაკავებული დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

მაღრაძის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს