ჯაშუშობის ბრალებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს. როგორც მისმა ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რცხილაძისთვის უცნობი იყო მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, ვინაიდან ის დაკავებამდე გამოკითხვაზეც არ დაუბარებიათ.
გულბაათ რცხილაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებას ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.
„გუშინ დააკავეს, მოსამართლის განჩინებით მივიდნენ. როდესაც სუს-ის შენობაში გადაიყვანეს, ვინახულე, საქმის მასალებსაც გავეცანი, ბრალი ხვალ უნდა წარუდგინონ. რაც თქვეს, იმაზე მეტს ვერ გეტყვით, ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ედავებიან, საქმის დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი.
ბრალს ბუნებრივია, არ აღიარებს, სასამართლო განხილვებზე შევეცდებით სიმართლე დავამტკიცოთ. ეს ადამიანი საჯარო ფიგურა იყო, კონფერენციებს მართავდა, „ობიექტივზეც“ გადაცემა მიჰყავდა, თავის საქმიანობის შესახებ ყველაფერს საჯაროდ ჰყვებოდა, არც წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციასთან და მისი საქმიანობა ჯაშუშური ქმედება რანაირად გამოდის, ვერ ვხვდები“, - განაცხადა გოლუბიანმა.
კითხვაზე, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან თუ არა მას, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.
„დაველოდოთ, სუს-მა თქვას თვითონ. არის გარკვეული სახის ვიდეომასალა, წერილობითი მტკიცებულებები, უბრალოდ, რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ადამიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, ეს სხვა საკითხია. არის რაღაც მტკიცებულებები, მაგრამ ამ მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედება აქვს ჩადენილი გულბაათ რცხილაძეს.
გამოკითხვაზე არც მანამდე ყოფილა დაბარებული და არც გუშინ, რომ მივედი, მაშინაც გამოუკითხავთ. ჩემი ვარაუდით, ხვალ, ბრალის წარდგენის პარალელურად გამოკითხვა მოხდება და იქ დააფიქსირებს თავის პოზიციას“, - განაცხადა გოლუბიანმა.
ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.