უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრის მიზნით, სვანეთში, გამრიცხველიანების პროცესი იწყება

სვანეთში, ყველა სოფელსა და დასახლებაში ელექტროენერგიის მიმართულებით გამრიცხველიანების პროცესი იწყება. შესაბამისი განცხადება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა,

როგორც მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, გამრიცხველიანების მიზანი უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრაა მესტიის მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, ელექტროენერგია სვანეთში გარკვეულ ლიმიტამდე კვლავ უფასო დარჩება.

“საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. ერთ-ერეთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ პრობლემის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს, უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო რატომაც ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც ადგილობრივ მოსახლეობის გარდა ნეგატიურად აისახება ტურიზმზეც. კიდევ უფრო კონკრეტულად როგორ გამოიხატება უკანონო მაინინგის და ელექტრომოხმარების პრობლემა რიცხვებში - ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონიო კილოვატ/საათი შეადგინა მაშინ, როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტების ელექტრომოხმარება ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატ/საათს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, ელექტროსისტემის და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია მეტი კონკრეტიკა თითოეული აბონენტი ქვეყანაში ყოველი გადახდის დროს კონკრეტულად ამ პრობლემის გამო დამატებით იხდის 1,5 ლარს. პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობების გამო ვერ ხერხდებოდა. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისთვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ეს მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბით, თითოეულ სოფელზე თუ დასახლებაზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს. სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ყველას მოვუწოდებ პატივი სცენ პროცესს ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება”, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს