ბორის ჩელე ყურუა - ამერიკული მხრიდან საუბარი იქნებოდა კრიზისის გადაჭრაზე, რეპრესიული კანონები უნდა გაიწვიონ და პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ - მგონია, რომ პროცესი მოახლოებულია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, იურისტ ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების მთავარი გზავნილი ისაა, რომ ამერიკის ხელისუფლება ურთიერთობას იმ მხარესთან გააგრძელებს, რომელსაც ქვეყანაში ძალაუფლება აქვს.

ამის შესახებ ყურუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში" ისაუბრა.

მისი შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა იქნებოდა.

„გზავნილი [ამერიკის საელჩოს განცხადება] მარტივია. ამერიკის ხელისუფლება დაელაპარაკება იმას, ვისაც ხელთ უპყრია ძალაუფლება თუ ოპოზიციას არ შეუძლია სხვა მოცემულობის დახატვა. ჩემი აზრით, საუბარი იქნებოდა იმ კრიზისის გადაჭრაზე, რა კრიზისიც არსებობს. კრიზისს იწვევს მრავალი ფაქტორი, თუმცა მისი გადაჭრა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ხელეწიფება, რაც მდგომარეობას იმაში, რომ მიღებული რეპრესიული კანონები უკან გაიწვიონ და მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი საქმეა. რასაც აკეთებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმ სავარაუდო გაცვლისთვის, რაზეც შემდეგ მოუწევდა ვაჭრობა დასავლეთთან. მგონია, რომ ეს ყველაფერი მოახლოებულია. სამწუხაროა ასევე ის, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ყოველთვის გარეთ უწევდა გასვლა საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის. სამწუხაროდ, ახლაც სჭირდება შუამავალი იმისთვის, რომ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ.

საბოლოოდ, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ნებისმიერ შემთხვევაში დრო არ არის დასაკარგი იმ ნაწილში, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა მოიპოვონ იმაზე მეტი ძალა, ვიდრე აქვთ“, - აცხადებს ყურუა.

ყურუას განმარტებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, მათ შორის ისეთი ნაბიჯების გადადგმაც, რომლებიც ოპოზიციის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას უკავშირდება.

ყურუა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ძირითადი ბერკეტები ხელისუფლების ხელშია და, შესაბამისად, კრიზისის გაგრძელებაზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

„პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც მოუნდებათ, მათ შორის მანდატების აღდგენაც არ იქნება პრობლემა. ჩვენთან არსებობს კონსტიტუცია, რომელიც „ქართული ოცნების“ დაწერილია, რომლის ფეხებზე დაკიდებაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ.

ოპოზიცია იმდენად ჩიხშია შესული, რომ პოლიტიკური სვლის საშუალება არ აქვს. ნებისმიერი პოლიტიკური სვლა, რომელიც კრიზისის გადაჭრის ნაწილი იქნება, არის უკან დახევა და კაპიტულაცია. კრიზისის განმუხტვის ქმედების ინსტრუმენტი აქვს ხელისუფლებას, შესაბამისად კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. კრიზისის ყოველი ახალი დღე არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ყოველი თეთრი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე კარგავს, იმის გამო რომ კრიზისია, ხელისუფლების ბრალია“,- განაცხადა ყურუამ.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს