პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში
ოპოზიციის არასტაბილურობით იყო დაინტერესებული, რომ მისი ადგილის ჩამნაცვლებელი არ გამოჩენილიყო.
როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ოპოზიციური ერთიანობის მიუხედავად, სააკაშვილი თავად არღვევს იმ წესებს, რომლებზეც ოპოზიციური ძალები შეთანხმდნენ.
ბოკერიას თქმით, სააკაშვილი ერთიანობის იდეას საჯაროდ უჭერდა მხარს, თუმცა პრაქტიკაში შეთანხმებული ქცევის წესებს არ იცავს.
„ამაზე კრიტიკული აზრი მაქვს. ქვეყანა ისეთ ვითარებაშია, რომ უნდა შეძლონ სტრატეგიის გარშემო და ქცევის წესების გარშემო გაერთიანება. არ მომწონს, როდესაც მესმის - „ერთმანეთს თავს ესხმიან“, ანუ ტალახის განაწილება ხდება, რეალობა არის მკაფიო: არის ერთი პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი, პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის დროზე ერთიანობის დროშას იქნევდა, ოღონდ არაზუსტად. როდესაც შედგა ერთობა, დღე არ გადის ისე, რომ თავს არ დაესხას, იმ წესების დარღვევით, რომელსაც თვითონ დათანხმდა. გამოაცხადა, რომ წესები ჩემთვის არ არსებობსო. ამის დახასიათება არ შეიძლება როგორც სააკაშვილი-მელია, ანუ არის ერთი ადამიანი და მისი გარემოცვის უდიდესი ნაწილი, რომლებიც თავისივე შეთანხმებას და პირობას სულ ურტყამს.
თქვას გვარიო - სააკაშვილის მორიგ „საპნის ოპერაზეა“ საუბარი. რაღაც გვარიო, მერე ვიტყვი და ა.შ. ეს „საპნის ოპერა“ სააკაშვილმა დაიწყო, არ ვაპირებ მელიას ადვოკატობას, ნათელია ვითარება. სწორია, რომ გვარები უნდა ითქვას, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
წლების განმავლობაში სააკაშვილი დაინტერესებული იყო არასტაბილურობით საკუთარ პარტიაშიც და მთლიანად ოპოზიციაშიც, რომ მისი ადგილის ჩამნაცვლებელი არ გამოჩენილიყო. ეს არის არაჯანსაღი, საზიანო ინსტინქტი ქვეყნისთვისაც და პარტიისთვისაც. „მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე ნუ დარჩებაო“, ოღონდ აქ ჩვენც მიგვათვალა“,- განაცხადა ბოკერიამ.
„ფედერალისტების“ ლიდერმა ამერიკელ პარტნიორებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრის კონტექსტში გააკრიტიკა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებები და აღნიშნა, რომ პარტია საკითხს „ანტიამერიკული“ კუთხით აყენებს.
მისი შეფასებით, სისტემურ ოპოზიციად ყოფნასა და „დეკორაციად“ ქცევას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და საზოგადოებისთვის მხოლოდ ფორმალური ოპოზიციური მონაწილეობა საკმარისი არ არის.
„ვინც დემონებად და სამიზნეებად გამოაცხადეს ყველანი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. პარტნიორის გზავნილი, როცა მთავრობაში ხარ თუ გინდა პარტნიორები ვიყოთ, უსაფრთხოების საკითხებში ჩემ მტრებთან არ უნდა იყო შეკრული და ქვეყნის შიგნით სტაბილურობა უნდა გქონდეს, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია.
საკითხს უნდა მივუდგეთ იმ კუთხით, თუ რა სჭირდება ქვეყანას, გარე მეგობრები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხები წყდება საქართველოში. ვინც პირიქით აყენებს საკითხს, სწორედ, რომ ანტიამერიკულია. სამწუხაროდ, „ლელო“ ამას აკეთებს. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს სიმართლე და მშრალი ფაქტები. ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება - იყო ამერიკის პარტნიორი.
თავისუფალ არჩევნებს რომ მივაღწიოთ, ეს საზოგადოების და „ოპოზიციის ალიანსის" ამოცანაა. ამ პროცესებამდე მივიდეთ ისე, რომ გარდატეხა ისეთი ხარისხის იყოს, რომ თავისუფალ არჩევნებს აზრი ჰქონდეს, თორემ გარეთ ვინმემ რა თქვა, ეს არ არის ამოცანა - დეკორაციად და სისტემურ ოპოზიციად ყოფნა არ შეიძლება იყოს საზოგადოების ინტერესებში“, - აცხადებს ბოკერია.
ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისმის შეფასება, თითქოს ოპოზიციურმა ბოიკოტმა არ გაამართლა, „შარლ მიშელის შეთანხმების“ შემდეგ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემდეგაც ვითარება არ შეცვლილა.
„შარლ მიშელის შეთანხმების“ შემდეგ, ოპოზიცია შევიდა პარლამენტში. ეს არ ახსოვს ხალხს, ამბობენ, ბოიკოტმა არ გაამართლა. რომ შევიდნენ პარლამენტში რა მოხდა? მინიმალურად მაინც იყო დაცული საპარლამენტო ცხოვრება? ყოველდღე იყო ფიზიკური თავდასხმა და დამცირება. ოპოზიციის არსებობის დეკლარაციულად უარყოფა. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ვითარება იქ, სადაც, ვინც წააგებს შევიდეს პარლამენტში და ტრიბუნა გამოიყენოს მწვავედ. ოღონდ, დეკორაციად ყოფნა სისტემურ ოპოზიციაში სხვადასხვა რამეა“,- აცხადებს ბოკერია.