ჯერჯერობით არაფერში არ ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ დათმობებზე წავიდა, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
თინა ხიდაშელის განმარტებით, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების საპროცესო გარიგებით გათავისუფლება „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნახევარი ნაბიჯია.
„ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ 4 ოქტომბრის პატიმრებთან მიმართებაში, შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ნახევარი ნაბიჯი უკან იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ითხოვს აღიარებას ამ ნახევარნაბიჯიანი დათმობისთვის. ეს ძალიან ფორმალურია და არავინ სერიოზულად არ აღიქვამს, მაგრამ მათ სჭირდებათ სახის შესანარჩუნებლად. იმისათვის, რომ რეალურად გამოჩნდეს რაიმე დათმობა საჭიროა სრულიად უპირობო ორი ამოცანის შესრულება: პირველი ის, რომ ყველა, მზია ამაღლობელიდან დაწყებული, ნებისმიერი, ვინც პროტესტის დროს იყო დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს საპატიმროებიდან და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და პრინციპული ამოცანაა, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მათი რეაბილიტაციის პროცესი იმიტომ, რომ ეს ხალხი კრიმინალები არ არიან და მათ არ უნდა გამოყვეთ კრიმინალის ისტორია იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი გათავისუფლდებიან. უნდა გათავისუფლდნენ არა მარტო პატიმრობიდან, არამედ ყველა სამარცხვინო ბრალისგან, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ჰქონდათ წაყენებული“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს საპასუხოდ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები „პოზიტიური სიგნალი“ არ არის.
ხიდაშელის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპის ადმინისტრაციას წაუყენა პირობა, რომ ყველა პირობას დააკმაყოფილებდნენ, თუკი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს მოუხსნიდნენ.
„[კობახიძის განცხადება] ჩემთვის არ არის პოზიტიური სიგნალი, პოზიტიური რომ იყოს, უფრო მეტს იტყოდა. თუკი ცვლილებისთვის მზად არიან, მათ ინტერესშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ურთიერთობების კორექტირება და განახლება. მაგრამ ვინაიდან ის[კობახიძე] ამას არ აკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული და მართლა პირდაპირი მნიშვნელობით მამას, ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან.
ჩემი აზრით და ჩემი ინფორმაციით, მათი პირობა იყო, რომ ყველაფერზე წავიდოდნენ, ყველა პირობას დააკმაყოფილებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ჯერ სანქციებს მოხსნიან, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციას, ესაა მათი ამოცანა ამ წუთას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.