ნუგზარ წიკლაური  - არ მინდა, ჩავერთო უსაგნო პინგ-პონგში, რომლის ინიციატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენგან პასუხები იყო - „ოპოზიციის ალიანსის“ მიზანი არ არის ვინმე გამოაკლდეს, იმედია, ყველა გააცნობიერებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ოპოზიციაში ბოლო პერიოდში განვითარებული დაპირისპირება სამწუხაროა და პოლიტიკური თანამოაზრეების მიმართ მძიმე ბრალდებების წაყენება საფუძვლიანი მტკიცებულებების გარეშე მიუღებელია.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პოლიტიკური კრიტიკა დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა ბრალდებები ხელისუფლებასთან გარიგებისა და ფინანსური ინტერესების შესახებ სხვა კატეგორიას მიეკუთვნება.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან გარიგების ბრალდება პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდებაა და ღალატის ტოლფას შეფასებას წარმოადგენს.

„დასანანია ბოლო დაპირისპირება, რაც ოპოზიციაში მოხდა. კრიტიკა მისაღებია პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ კრიტიკა არ არის, როდესაც შენს პოლიტიკურ თანამებრძოლს აბრალებ გარიგებას, ფულის აღებას. თუ ასე ფიქრობენ, მიმართონ პროკურატურას - ივანიშვილის პროკურატურას, რადგან გაჟღერებული ბრალდებები სიმართლესთან არ არის კავშირში. ბრალდება ივანიშვილთან გარიგებაში არ შეიძლება ჩაითვალოს მოზომილ ბრალდებად, პირიქით, ამაზე მძიმე ბრალდება არ არსებობს, ეს არის ღალატის ბრალდება და ამ თვალსაზრისით ძალიან დასანანია მიიღო ბრალდებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ეს არის თვითდესტრუქცია, რომელიც არავის არ მოუტანს სიკეთეს. არ მინდა ჩავერთო უსაგნო პინგ-პონგში, რომელიც გაიმართა და რომლის ინიციატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენგან კი, მხოლოდ და მხოლოდ, პასუხები იყო.

სრულიად გამაოგნებელია მიხეილ სააკაშვილის წინა განცხადებების პათოსი. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი თავდასხმები, შეურაცხყოფები ხელს უწყობს მხოლოდ ივანიშვილს. დროა, ვკონცნტრირდეთ მთავარ საკითხებზე, მათ შორის ხელისუფლების წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯების კოორდინაციაზე“,- განაცხადა წიკლაურმა.

კითხვაზე, გაირიცხება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ "ოპოზიციური ალიანსიდან", წიკლაურმა აღნიშნა, რომ კოალიციის მიზანი პირიქით, ოპოზიციური სპექტრის გაფართოებაა.

„ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ ვინმე გამოაკლდეს ალიანსს, პირიქით, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი შეემატოს მას. იმედია, ყველა გააცნობიერებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას“, - პასუხობს წიკლაური.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა