ვახტანგ ძაბირაძე - მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!
დიპლომატიური ჩიხი და ილუზიები მშვიდობაზე - ზელენსკის “წერილის დიპლომატია” პუტინის უარს შეეჯახა
დავით ზურაბიშვილი - “რას ითხოვს აშშ “ოცნებისგან” და ოპოზიციისგან?!”
საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე - 11 ივნისის დიალოგის რეალური სცენარები
ლევან ლორთქიფანიძე - “ოპოზიციური ალიანსი” დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ერთიანობას”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე - მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!
“ჯერჯერობით მმართველი გუნდი მაინც ცდილობს თავისი გაიტანოს და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამერიკამ უკან დაიხია, რომ ტრამპის პოლიტიკა განსხვავდება ბაიდენის, ანუ წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან და სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ. რამდენად გამოუვათ, სხვა საკითხია, თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს მაინცდამაინც სწორი გადაწყვეტილება არ არის... როდესაც ამერიკის მხრიდან, თუნდაც მინიშნებით, სახელდება ტრიო - რუსეთი, ირანი და ჩინეთი, ფაქტობრივად, შეგვიძლია ეს სამი ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეთა ბანაკად განვიხილოთ, განსაკუთრებით ლავროვის იმ განცხადების შემდეგ, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომი გახდა. ეს ეხება როგორც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე, ისე სამივეს ერთობლივად. ამიტომ “ოცნების” პრობლემები აბსოლუტურად სხვა სიბრტყეშია. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აქ ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდება და სუვერენული ავტოკრატია იარსებებს. ამ სუვერენიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან “ოცნების” დღევანდელი პოლიტიკა არა მხოლოდ ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის, არამედ პოლიტიკურ ოპოზიციასა და დასავლურ სამყაროს სუვერენულ ავტონომიად არ მიიჩნევს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა მოხდება შემოდგომით და მოსალოდნელია თუ არა მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!
“შესაბამისად, ის სუვერენიტეტი, რომელზეც ხელისუფლება ასე ხშირად საუბრობს, მათ რეალურად არა აქვთ, რადგან ამ შემთხვევაში მათი სუზერენები სწორედ აღნიშნული სამეულის წარმომადგენლები არიან. ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ის, შეძლებს თუ არა ამერიკა ავტოკრატიული რეჟიმების ატანას. როგორც ამბობენ, თუ აშშ-მა ეს აზერბაიჯანში შეძლო, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი მაინც სუვერენული სახელმწიფოა და თუ იქ ვინმეს გავლენაზე ვსაუბრობთ, გაცილებით ძლიერია თურქული გავლენა, ვიდრე რუსული. ამიტომ აზერბაიჯანის შემთხვევა მისაღებია, ხოლო საქართველოს რუსეთის სუზერენად არსებობას ამერიკა, რა თქმა უნდა, ვერ დაუშვებს... თუ საგარეო ორიენტაცია იცვლება, იცვლება ქვეყანაში არსებული ვითარებაც, რადგან ეს პროცესები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. საგარეო ვექტორის შეცვლა ბუნებრივად გამოიწვევს საშინაო პოლიტიკის ცვლილებასაც. ამ შემთხვევაში საგარეო ვექტორის შეცვლა დასავლეთისკენ კურსის აღებას ნიშნავს, რომ `ქართული ოცნება~ დასავლეთში მიღებულ დემოკრატიულ ღირებულებებზე უნდა გადავიდეს, ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც მმართველმა გუნდმა ბოლო პერიოდში მიიღო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“საია-ს გათვლებით, კანონმდებლობაში, როგორც მახსოვს, 100-ზე მეტი შესწორება შევიდა იმისთვის, რომ ის უფრო რეპრესიული გამხდარიყო და დღეს კანონმდებლობა მართლაც ასეთია. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგება ამ რეპრესიული კანონმდებლობისა და საარჩევნო კოდექსის გაუქმება. ასევე, პირველივე საკითხი სინდისის პატიმრების გამოშვება იქნება. ეს უკვე ნიშნავს, რომ ავტორიტარიზმზე, უნდათ თუ არა, უარის თქმა მოუწევთ და პროცესები დემოკრატიული განვითარების მიმართულებით წავა. შესაბამისად, საგარეო ვექტორის შეცვლა არ ნიშნავს მხოლოდ საგარეო პოლიტიკის გადახედვას - ის აუცილებლად ითვალისწინებს საშინაო პოლიტიკის შეცვლასაც. სანამ ხელისუფლება ძალიან აშკარად არ დაინახავს, რომ უკრაინაში პროცესები ისე არ წავიდა, როგორც კრემლისთვის არის მისაღები, ან ირანში მიმდინარე პროცესები ამერიკის სასარგებლოდ არ გადალაგდა, მეეჭვება, რაიმე დათმობაზე წავიდეს. ვფიქრობ, შემოდგომამდე ეს საკითხი, ალბათ, არ დაიძვრება. ამიტომ ხელისუფლების დღევანდელი მიზანია გაახანგრძლივოს ეს პროცესები, იქნება ეს გარდატეხა თუ საგარეო კურსის შეცვლა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ხელისუფლება ცდილობს მომხრეებისთვის მაინც პროპაგანდისტულად შექმნას ისეთი ვითარება, თითქოს ამერიკასთან ურთიერთობა უმჯობესდება. ეს ხდება მაშინ, როცა მარკო რუბიომ მკაფიოდ ისაუბრა დღევანდელ “ქართულ ოცნებაზე” - უფრო მკაფიოდ რა უნდა ეთქვა, არ ვიცი. თუმცა საპასუხოდ მას ყრუ კედელი დახვდა - ითქვა, რომ რუბიო არ იტყუება, მაგრამ მაინც იტყუება. სხვაგვარად კობახიძის კომენტარს რუბიოს განცხადებაზე ვერ შეაფასებ. ხელისუფლება შეეცდება ასეთი ილუზიის შექმნას, რადგან თუ ამერიკასთან სიტუაცია ვერ დალაგდა და ეს საჯაროდ ითქვა, კატასტროფული ვითარება შეიქმნება და მათთვის ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ოპოზიციის ფლანგზე არსებული ვითარების ფონზე, პრობლემების მოგვარება, თუნდაც დემოკრატიის თვალსაზრისით, იმდენად არ უჭირს, რამდენადაც ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, როდესაც საუბარი დაიწყო იმაზე, თუ რა შედეგი მოიტანა ბოიკოტმა, კი, შედეგი ნამდვილად მოიტანა, მაგრამ როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია ამ პროცესის ისევ გაგრძელება რამდენად სწორია, არ ვიცი. ვგულისხმობ 2024 წლის ბოიკოტს, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში ისევ ბოიკოტის თემის წამოწევა უკვე უშედეგო იყო. ჩემი აზრით, ამან ქვეყანაში პოლიტიკურ და ოპოზიციურ გაძლიერებას უფრო მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე დადებითი შედეგი”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“2024-ში ბოიკოტმა ის მოიტანა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, როგორც რუბიომაც თქვა, ფაქტობრივად, არალეგიტიმურია და არჩევნები არ ჩატარებულა. ეს არის დასავლური შეფასება და სწორედ ეს შედეგი მოიტანა ბოიკოტმა. თუმცა გასულ წელს ადგილობრივმა არჩევნებმა ის შედეგი მოიტანა, რომ ოპოზიციური ტალღა კი არ გაძლიერდა, არამედ დასუსტდა. სამწუხაროდ, დასუსტება დღემდე გრძელდება, რადგან ვეღარავინ გაერკვა, რა ხდება. არჩევნების ბოიკოტი არ არის პროტესტი, პროტესტი შედეგებმა უნდა გამოიწვიოს. ერთია შედეგის გაპროტესტება და სულ სხვაა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა. ქართულმა ოპოზიციამ ეს რაღაცნაირად უნდა გააცნობიეროს და თუ ვერ გააცნობიერებს, მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ ადგილობრივ არჩევნებში, როდესაც ის ქალაქები, სადაც ოპოზიციური ამომრჩეველი გაცილებით ჭარბობს “ქართული ოცნების” ამომრჩეველს, ოპოზიციამ ყოველგვარი ბრძოლის გარეშე დათმო. ეს არის პრობლემა. პრობლემაა ის, როცა ოპოზიცია დროისა და არსებული ვითარებიდან გამომდინარე არ აფასებს მოვლენებს და ამოჩემებული გზით, ერთი და იმავე მიმართულებით მიდის და უნდა ეს ვინმეს თუ არა, ფაქტობრივად, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“ხელისუფლების საყრდენი არა მოსახლეობა, არამედ ძალოვანი სტრუქტურებია, ამ სტრუქტურებთან დაპირისპირება კი დღეს ვერ ხერხდება. ამასთანავე, პოლიტიკური ოპოზიცია ფრაგმენტირებული, სუსტი და ერთმანეთის კინკლაობას გადაყოლილია. თუ ივანიშვილმა მთელი საქართველო იყიდა, უნდა ვიფიქროთ, რომ ოპოზიციაშიც იყიდდა ერთ-ორ კაცს. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად არ არის სტერილური კორუფციისა თუ ქრთამების მიმართ, პირიქით, ამიტომ გარკვეულ ქმედებებს ამ ეტაპზე ისეთი შედეგი არ ექნება, როგორიც უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იცით, რა არის მთავარი პრობლემა და რას ვერ ხედავს “ოცნება”? იმას, რომ ჩვენი პარტნიორები შეიძლება უფრო რადიკალურ ზომებზე წავიდნენ. რადიკალურ ზომებში ვგულისხმობ იმას, რომ ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იქ არალეგალურად არის. რა მოხდება მაშინ, თუ უვიზო რეჟიმის შეჩერებას კი არა, პირდაპირ არალეგალების გამოსახლებას დაიწყებენ ჩვენი პარტნიორები? დღეს ისედაც რთული ვითარებაა. ოპოზიციას თავისი ვიწრო წრის მიღმა, საზოგადოებაში საშუალო დონის მხარდაჭერა მაინც რომ ჰქონდეს, ხელისუფლება ძალიან მძიმე დღეში ჩავარდებოდა. ის, რომ ოპოზიციას დღეს მხარდაჭერა არა აქვს, რაც არ უნდა ხელისუფლებას აბრალოს, თავად ოპოზიციის ბრალია”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“ეს არის საზოგადოების იმ ნაწილის ბრალიც, რომელსაც ვერ გაურჩევია და, მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებებზე ლაპარაკობს, წინა ხელისუფლება დღეს მისაღებად მიაჩნია. აი, ეს არის დღეს პრობლემა, რომელსაც “ოცნება” დიდი ხანია იყენებს და კვლავაც გააგრძელებს გამოყენებას. როდესაც ოპოზიციაში, მაგალითად, სააკაშვილი თავს ესხმის მელიას და ცდილობს გახდეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი მაშინ, როცა ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ ორ მესამედს ის მიუღებლად მიაჩნია, ივანიშვილი ოპოზიციის სასარგებლოდ ნაბიჯს რატომ გადადგამს? ის ამას არც აკეთებს. ამიტომ ჩვენი საზოგადოება, თუ მართლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, არამედ სახელმწიფო ნორმალურ დემოკრატიულ პრინციპებზე ავაშენოთ, ცოტა მეტად უნდა გამოფხიზლდეს. თუ პროცესი ისე გაგრძელდა, როგორც დღეს არის, არა მგონია, რაიმე სერიოზული მოხდეს. კაცმა რომ თქვას, ამისთვის არც ოპოზიციაა მზად, არც საზოგადოება და არც ხელისუფლება. პროცესი ასე მდორედ განვითარდება და შემოდგომამდე არაფერს ველოდები. შემოდგომისთვის, თუ საგარეო ფაქტორების ზემოქმედება გაძლიერდა, მაშინ შეიძლება კიდევ იყოს რაღაც ძვრები პოლიტიკურ სივრცეში, მათ შორის უშუალოდ “ქართულ ოცნებაშიც”, - ამბობს ანალიტიკოსი.
“თუ კურსი იცვლება, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები მაშინ შეიძლება ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში, არა მგონია, დაინიშნოს. შეიძლება გარკვეულ მომენტში “უზენაესმა მსაჯულმა” და ქვეყნის პატრონმა კობახიძე და მისი ჯგუფი ძალაუფლებას ჩამოაშოროს, მაგრამ ახლა უფრო შორს რატომ წავა და აუტკივარ თავს რატომ აიტკივებს? თუ უცებ ყველამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, ეს ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. თუ ასე მოხდება, შედეგები უნდა გააყალბონ, ეს კი ზედმეტი თავსატეხია და რაში სჭირდებათ? აი, თუ საგარეო კურსი შეიცვლება, მაშინ დასჭირდებათ არჩევნები, რადგან სხვანაირად ვერ შეცვლიან. სხვა შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ველოდები. მაქსიმუმ, გარკვეულ მომენტში კობახიძე და მისი ჯგუფი ჩამოაშორონ ძალაუფლებას და მეტი არაფერი. ასეთ დროს წინა პლანზე სხვა ფიგურა უნდა გამოვიდეს. ჩვეულებრივ, ასე ხდება ხოლმე - ერთი და იგივე პირი ვერ იქნება რეპრესიულიც და შემწყნარებელიც, ავტორიტარიც და დემოკრატიც. მიუხედავად ამისა, დღეს ისინი სწორედ ამის შეთავსებას ცდილობენ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “სომხეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები...” - პასუხობს:
“ ძალიან კარგია, არჩევნები რაიმე სერიოზული გართულებების გარეშე რომ ჩატარდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული ამ არჩევნების შედეგებით. ეს ოფიციალურ დონეზეც ითქვა. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს პერიოდი და ვიცით, რომ ასეთ სიტუაციებში რუსეთი მიმართავს ძირითადად ეკონომიკურ სანქციებს. გარდა ამისა, გიუმრის ბაზა არის რუსეთისთვის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა კავკასიაში და, თუ სომხეთში ფაშინიანმა ის პოლიტიკა გააგრძელა, რაზედაც დღეს ლაპარაკობს, რუსეთი იძულებული იქნება გაიყვანოს გიუმრის ბაზიდან თავისი შეიარაღებული ძალები, რაც მისთვის კავკასიის სრულად დათმობას ნიშნავს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფაშინიანმა უპრობლემოდ შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთში დასავლეთის პოზიციები გაძლიერდება, რაც, ბუნებრივია, იმოქმედებს საქართველოზეც. ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში, კავკასიის პოლიტიკა მთლიანობაში უფრო პროდასავლური გახდება, მიუხედავად იმისა, “ქართული ოცნება” რა პოზიციას დაიჭერს. ეს პროცესები მისცემს დასაბამს საქართველოში პროტესტის ახალ ტალღას და ბევრი თემა შეიძლება სხვანაირად იქნეს გადააზრებული...”
დიპლომატიური ჩიხი და ილუზიები მშვიდობაზე - ზელენსკის “წერილის დიპლომატია” პუტინის უარს შეეჯახა
“ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელი მცდელობა - ღია წერილითა და მკვეთრი რიტორიკით ეიძულებინა ვლადიმირ პუტინი პირისპირ მოლაპარაკებებზე დათანხმებულიყო, კრემლის დემონსტრაციულ უარს შეეჯახა და კიდევ ერთხელ გამოაჩინა მხარეებს შორის არსებული უფსკრული. სანამ თეთრი სახლი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დიალოგის განახლების იმედს ინარჩუნებს, მოსკოვი გრძელვადიან კაპიტულაციას ითხოვს, კიევი კი პუტინის პოლიტიკურ უუნარობაზე მიანიშნებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. უკრაინის ლიდერმა რუს კოლეგას პირისპირ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ღია წერილი ხუთშაბათს გაავრცელა, სადაც პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ “ლოდინი უბრალოდ არასწორია”, თუ როდის მოექცევა აშშ-ის ყურადღების ცენტრში 2022 წელს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციით დაწყებული ომი. პუტინმა წერილს “უცერემონიო” უწოდა და შეხვედრის მოთხოვნა უარყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიპლომატიური ჩიხი და ილუზიები მშვიდობაზე - ზელენსკის “წერილის დიპლომატია” პუტინის უარს შეეჯახა.
“ამ ეტაპზე ამის აზრს ვერ ვხედავ”, - განაცხადა პუტინმა პარასკევს, სანქტ-პეტერბურგის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, როდესაც ზელენსკის შეთავაზების შესახებ ჰკითხეს. “ეს პირისპირ შეხვედრისთვის პირობების შექმნის მცდელობა იყო თუ პირიქით, მისი ჩაშლის? ვფიქრობ, უფრო მეორე”, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის ამ პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი “კვლავ ომის გზას ირჩევს”. “მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, ამ პასუხით ბევრი იმედგაცრუებული დარჩა”, - დაწერა ზელენსკიმ “ტელეგრამის” არხზე. ზელენსკის წერილზე საუბრისას, პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინას მხოლოდ ძალების გადაჯგუფების საშუალებას მისცემს, მაშინ, როცა კიევის მხრიდან მოსკოვის მოთხოვნები კვლავ შეუსრულებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ერთადერთი მიზანი უკრაინული მხარისთვის ჩვენი შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერებაა. თუმცა ჩვენ გვჭირდება შეთანხმება არა ექვსი ან სამი თვით, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივით”, - განაცხადა პუტინმა და დაამატა: “მიეცით ექსპერტებს მუშაობისა და გადაწყვეტილებების შემუშავების საშუალება, რის შემდეგაც შეგვიძლია შევხვდეთ”. პუტინის თქმით, ის ომს მხოლოდ მას შემდეგ დაასრულებს, რაც რუსეთი დასახულ მიზნებს მიაღწევს: “როგორც ვვარაუდობთ, სამხედრო მოქმედებები ოდესღაც დასრულდება. ეჭვგარეშეა, ისინი დასრულდება მას შემდეგ, რაც მივაღწევთ ჩვენ დასახულ მიზნებს”. მოსკოვის მოთხოვნა უცვლელია - უკრაინამ გაიყვანოს ჯარები დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან, ასევე ნატო-ში გაწევრიანების მცდელობებზეც უარი უნდა თქვას”, - განაგრძობს გამოცემა.
“თავის მხრივ, კიევი ნებისმიერი ტერიტორიის დათმობაზე უარს აცხადებს და მიიჩნევს, რომ მოსკოვთან კომპრომისზე წასვლა რუსეთს მომავალში ახალი აგრესიისკენ უბიძგებს. უკრაინული მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან რვა წლის შემდეგ დაიწყო. ზელენსკიმ თავის წერილში აღნიშნა, რომ “ხელისუფლებაში ყოფნის 26 წლის შემდეგ, ასაკი პუტინს თავის კვალს ატყობს”. ამასთანავე, მან ყურადღება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ბოლო დროინდელ დარტყმებზე გაამახვილა - მათ შორის ხუთშაბათს სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებულ იერიშზე, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა “სტუმრობა” უწოდა. პუტინის განცხადებით, წერილი “საკმაოდ უხეშ შენიშვნებს” შეიცავდა. მიუხედავად ამისა, ზელენსკის წერილის შინაარსმა გარკვეულ წრეებში, მათ შორის თეთრ სახლში, მშვიდობის დამყარების იმედი გააჩინა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრის გამართვა “შესანიშნავი იქნებოდა”... - დასძენს გამოცემა.
დავით ზურაბიშვილი - “რას ითხოვს აშშ “ოცნებისგან” და ოპოზიციისგან?!”
“ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამერიკისგან საქართველოს ხელისუფლებაზე რაიმე სერიოზულ ზეწოლას. სენატორების განცხადებაშიც ერთადერთი კონკრეტული ის იყო, რომ უნდა იყოს ოპოზიციის ჩართულობა. რაში გამოიხატება ეს და რომელ ოპოზიციაზეა ლაპარაკი, არ ვიცით... კობახიძემ გაიმეორა ხელისუფლების ძველი პოზიცია - ჩვენ გვინდა ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემითო. ამ “სუვერენიტეტის პატივისცემაში” კი ის იგულისხმება, რომ ბატონ ბიძინას როგორც მოეხასიათება, ისე უნდა გადაწყვიტოს. სიმპტომატურია ისიც, რომ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და პატიმრების გათავისუფლებაზე პირდაპირ არავინ საუბრობს - არც ამერიკის და არც ჩვენი მხრიდან. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, “ქართული ოცნების” ამერიკასთან დალაგების იმედი არარეალურად მეჩვენება უფრო სუბიექტური მიზეზების გამო”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რას ითხოვს აშშ “ოცნებისგან” და ოპოზიციისგან?!
“ჯერ ერთი, საქართველო არ არის მზად ირანთან ურთიერთობის გადასახედად. ერთადერთი, რაც მარკო რუბიოს განცხადებებშიც ჩანდა და ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის პოლიტიკასთანაც უნისონშია, არის ის, რომ ამ რეგიონში ჩინეთისა და ირანის გავლენა არ უნდათ. დანარჩენი კი უფრო ზრდილობიანი ფრაზებია. დემოკრატიაზე საერთოდ არ არის საუბარი და ამის ნიშნებსაც ვერ ვხედავთ. ერთადერთი, მკაფიო სიგნალი იყო პოზიცია, ჩინეთი და ირანი არ გვინდაო, რამაც შეიძლება ხელისუფლებას ამერიკასთან ურთიერთობაში ძალიან შეუშალოს ხელი. ოპოზიციასთან კი ერთადერთი მკაფიო მესიჯი ის იყო, რომ არჩევნებს ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადონ. მგონი, ეს არ ნიშნავს, თითქოს ამერიკას ბიძინა ივანიშვილისთვის კოჭის გაგორება უნდა. უბრალოდ, არჩევნების ბოიკოტი ამერიკელებისთვისაც, ევროპელებისთვისაც და ზოგადად ყველასთვის გაუგებარია. თუ არ ჩავთვლით ევროპარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც არჩევნების წინ ოპოზიციონერების ხათრითა და კარნახით რეზოლუციაში ბოლო მომენტში რაღაცები შეცვალეს... მართალი გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, ახლანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ოპოზიცია 2028 წლის არჩევნებზე როგორ უნდა გავიდეს და ეს როგორ უნდა გაამართლოს”, - აღნიშნავს გამოვრმიდ კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ამ ალიანსის ტაქტიკა ის არის, რომ წინაპირობად ბიძინა ივანიშვილის დანებებას ითხოვენ - ჯერ ის დანებდეს და მერე მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო. პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მესმის და არასწორი სულაც არ არის, მაგრამ, როდესაც ამ მოთხოვნებს არჩევნებში მონაწილეობის წინა პირობად აყენებ, ეს უკვე პრობლემაა. ეს ხომ ნიშნავს, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არჩევნებში არ მონაწილეობ, შესაბამისად, თავად არჩევნებს ეკარგება აზრი. ეს ხელისუფლებისთვის სტიმულია, რომ არაფერი შეცვალოს. თუ ეტყვიან, რომ არჩევნებზე არ წავლენ, ხელისუფლება არაფერს დათმობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2028 წლის მერე ყველაფერი მის ხელში აღმოჩნდეს, ამისთვის კი ერთ-ერთი მთავარი პირობა ოპოზიციის სრული გაქრობაა. ახლა რომ ოპოზიცია პარლამენტში არ არის, რამეში ხელი ეშლება ხელისუფლებას? წამითაც არა! თუ საკონსტიტუციო უმრავლესობაც ექნება, მთლად გარანტირებული იქნება და რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. ამიტომ, მიჭირს იმის გაგება, როგორ უნდა გამოძვრეს ოპოზიცია ამ სიტუაციიდან”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“გასაგებია, რომ რუბიოს გამოსვლის შემდეგ “ქართულ ოცნებაში”დაბნეული არიან. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას წინა ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა მკაფიო პოზიცია მოსთხოვეს, ბიძინა ივანიშვილმა ეს ომში ჩათრევად აღიქვა. ახლა კი ჩინეთსა და ირანზე სთხოვენ იმავეს და ხომ ვერ იტყვის, რომ ამერიკა ირანთან ომში ითრევს? თან არც ამის დაფიქსირება უნდა, ამიტომაა დაბნეული და არ იცის, რა გააკეთოს. მას ამერიკის ეშინია... ამერიკის ლანძღვა შეწყვიტეს. ზარქუაც კი, რაღაცებს რომ გაიძახოდა, აღარ შვრება ამას. ერთადერთი, ბაიდენს აგინებენ და ისიც ტრამპის გასაგონად - შენ ხომ არ გიყვარს და აი, არც ჩვენ გვიყვარსო, ანუ ცდილობენ ტრამპთან საერთო ენა გამონახონ. ივანიშვილი დაბნეული იქნება იმიტომაც, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობას სთხოვენ. საქართველოში სტაბილურობა სხვანაირად წარმოუდგენელია”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“2024 წლის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს რომც ვენდოთ, ამ შედეგების მიხედვითაც კი, ოპოზიციის მხარდამჭერი 800 000-ზე მეტი კაცია. 3-მილიონიან ქვეყანაში, 2.5 მილიონი ამომრჩევლით, როცა 800 000 კაცი მხარს არ გიჭერს, სტაბილური ვერ იქნები. ვერც აზერბაიჯანი იქნები და ვერც თურქმენეთი. თუ ამ 800 000 კაცის ლეგიტიმირებული პოლიტიკური ძალები ყველაფრიდან მოტეხე და აკრძალე, ეს ნიშნავს, რომ კონფრონტაციასა და დესტაბილიზაციაზე მიდიხარ. დასავლეთისთვის კი რეგიონში სტაბილურობა მთავარია. ხელმძღვანელობასთან მყარი ურთიერთობის დასამყარებლად სტაბილური ვითარებაა საჭირო... სწორედ ამიტომ ეუბნებიან, რომ ოპოზიციასთან ილაპარაკონ - შენც დათმე რაღაც, იმანაც დათმოსო. ამიტომაც უნდათ არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა, რათა ხალხის გადაწყვეტილება აისახოს და იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილისთვის ამ სიტუაციიდან გამოსვლა ძალიან მარტივია. მას შეუძლია ისე გამოძვრეს, რომ ძალაუფლებაც შეინარჩუნოს, სტაბილურობაც უზრუნველყოს და ევროკავშირსა და ამერიკასთანაც დაალაგოს ურთიერთობა ისე, რომ არც რუსეთი გააღიზიანოს, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს, მას აბსოლუტური ძალაუფლება უნდა”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე - 11 ივნისის დიალოგის რეალური სცენარები
“ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება. ეს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “ოცნების” ხელისუფლებისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება და წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უვიზო მიმოსვლაა. ანალიტიკოსების პოზიცია ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ თავად ევროკავშირის რეგულაციებიდან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის რაიმე გამოკვეთილი სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს. ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. 5 ივნისს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს, რომელზეც “საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს განიხილავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიააში სათაურით საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე და შესაძლო სცენარები - რეალურად რა განიხილება 11 ივნისს
“დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია 6 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა: “ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს ქ. ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ 11 ივნისის შეხვედრაზე მთავარი საკითხი უვიზო რეჟიმი იქნება. მისი აზრით, თუ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა გააუქმა, ამას ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა მოყვება, მაგრამ ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ხოლო ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ევროკავშირის მხრიდან არასწორი ნაბიჯი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი, რომ ბოლო წლების მანძილზე პირველი ოფიციალური შეხვედრაა საქართველოსა და ევროკომისიას შორის. აქამდე, მოგეხსენებათ, ევროკომისია ასეთი ტიპის შეხვედრებისგან თავს იკავებდა იმ მოვლენების საპასუხოდ, რაც საქართველოში მოხდა. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ერთ-ერთი სავარაუდო თემა სავიზო რეჟიმი იქნება. საკითხით, რომელზედაც მისი ბიუროკრატია დღემდე ცდილობს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოახდინოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების მუქარით, თუ გაფრთხილებით. ალბათ, ამასთან ერთად სხვა საკითხებსაც განიხილავენ, მათ შორის ქვეყანაში არსებულ ვითარებას და იმ თემებს, რაც ტრადიციულად, ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებაში აქვთ ხოლმე. თუნდაც ისინი, რაც ევროკავშირის რეზოლუციებში ასახულია, ასევე ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებები, რაც უკავშირდება არჩევნებს, დემოკრატიის ხარისხს და ა.შ. ჩემი აზრით, მთავარი მაინც უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხი იქნება”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რთულია იმის პროგნოზი, გააუქმებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას, გააჩნია თავად ევროკავშირში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამის თაობაზე. რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს კრიტიკულად არ დაურღვევია მიგრაციის წესები, რაც უვიზო რეჟიმის მიღება/შენარჩუნებას ეხება. ანუ აქედან წასული მოქალქეები, რომლებიც იქ ცდილობენ უკანონოდ მოახდინონ ლეგალიზაცია, კრიტიკულად მაღალი არ არის სხვა ქვეყნებთან შედარებით. თუმცა რა თქმა უნდა, ამ მხრივ გარკვეული შეშფოთებები არსებობს. გააჩნია ევროკავშირი რა მიდგომებს აირჩევს. თუ ის გადაწყვეტს ეს ბერკეტი გამოიყენოს იმისათვის, რომ საქართველოში სიტუაცია კიდევ ერთხელ დაძაბოს და ხელისუფლებას პოზიციები შეუსუსტოს, რასაც ადგილობრივი ოპოზიციური აქტორები ითხოვენ, ამაზე წავა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ უფრო გონიერებას გამოიჩენს, ამაზე არ უნდა წავიდეს, რადგან შეიძლება ამან ბუმერანგის ეფექტი გამოიწვიოს. თუ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის გაუქმება გადაწყვიტა, გასაგებია ალბათ, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის თვითონ ქვეყნის შიგნით. მათთვის, ვინც ევროპაში უვიზოდ დადის, ეს ერთგვარი სტიმული გახდება, რომ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. თუმცა იქნება თუ არა ეს აქცია იმ მასშტაბის, რომ ამას მოჰყვეს ის ცვლილებები, რაც სურთ ევროკავშირში გარკვეულ ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას, ამაში დარწმუნებული არ ვარ. მაინც მგონია, რომ არ იქნება იმ მასშტაბის მწვავე გამოსვლები, რომ ამას ხელისუფლების შეცვლა მოჰყვეს”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ხელისუფლება შეწუხდება, ხოლო ხალხი ხელისუფლებაზე აღშფოთდება, ძალიან ცდება. პირიქით, ხელისუფლება ამ შემთხვევაში ამოქოქავს პროპაგანდას, რომ ბრიუსელი (იგივე დიპსტეიტი, გლობალური ომის პარტია, მასონები, 25 ოლიგარქიული ოჯახი და ა. შ.) საქართველოს სჯის იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არ დადის ევრობიუროკრატების ჭკუაზე და ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით და ეს პროპაგანდა საკმაოდ დამაჯერებელიც იქნება არა მარტო მათი მომხრეებისთვის, არამედ ბევრი ჩამოუყალიბებელი და მოყოყმანე ქართველისთვისაც, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წმინდა პოლიტიკური, ანუ ხელისუფლების ანტიევროპული პოლიტიკის გარდა, სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს უვიზო რეჟიმის შეჩერების. ხოლო სახელისუფლო პროპაგანდის სიმძლავრეებს თუ გავითვალისწინებთ, მათ არ გაუჭირდებათ ანტიევროპული რიტორიკა სუვერენიტეტის დაცვად გაასაღონ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არცთუ წარუმატებლად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“მეორეს მხრივ, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს აქაურ ოპოზიციასაც. მათ მოუწევთ ან ევროკავშირის გადაწყვეტილების დაგმობა, რაც იქნება არაპირდაპირი დასტური იმისა, რომ ხელისუფლება ევრობიუროკრატიასთან მართალია, ან მოუწევთ “გააპრავონ” არაპოპულარული და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი და მტკივნეული გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე შედეგებით. აღარაფერს ვამბობ იმ ადვილად პროგნოზირებად ფაქტზე, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მტკივნეულად დაარტყამს საქართველოს ათიათასობით და შეიძლება ასიათასობით მოქალაქეს, ხოლო “ოცნების” ჩინოვნიკებს ოდნავ დისკომფორტსაც არ შეუქმნის”, - განმარტავს რესპონდენტი.
“დიახ, ქართველი ხალხი, რომელიც ბოლო წლების უპრეცედენტო ანტიევროპული პროპაგანდის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს ევროინტეგრაციის მიმართ დადებით დამოკიდებულებას, აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას და ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში ადასტურებს, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია, იმსახურებს იმას, რომ ხელისუფლების უგვანი პოლიტიკის მიუხედავად, მას ჰქონდეს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალება. უფრო მეტიც: სანამ უვიზო რეჟიმი არსებობს, “ოცნების” ანტიევროპული რიტორიკა ვერასდროს იქნება ისეთი ქმედითი, როგორც ბიძინა ივანიშვილს და მის მომსახურე პერსონალს უნდა. და ბოლოს: ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვი, არის სრულიად ელემენტარული ამბავი და თუ ევროკავშირის ქვეყნები ზედაპირულად მაინც აზრზე არიან აქაური ვითარების, უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი არც კი უნდა დაისვას სერიოზულად და თუ აქამდე რომელიმე ოპოზიციონერი ან აქტივისტი არწმუნებდა ევროპელებს, უვიზოს შეჩერება ხალხის რისხვას მოიწევს “ოცნების” თავზე და ლამის ჩამოაქცევს ბიძინასო... აქ უნდა ეწეროს ძალიან ცუდი სიტყვები მათი მისამართით, მაგრამ თავს შევიკავებ”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.
ლევან ლორთქიფანიძე - “ოპოზიციური ალიანსი” დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ერთიანობას”
“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ საქართველოში შემცირდება “მავნე პოლიტიკური გავლენები” და თუ ქვეყანაში დაიწყება ისეთი პოლიტიკური პროცესები, სადაც ოპოზიცია რეალურად ჩაერთვება პოლიტიკურ ცხოვრებაში. `მავნე პოლიტიკურ გავლენებში~ იგულისხმება ჩინეთის, რუსეთისა და ირანის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური გავლენის შემცირება საქართველოში. ამიტომაც იბადება კითხვა, რამდენად შეუძლია `ქართულ ოცნებას~ ამ გავლენების შემცირება? ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უკვე ოფიციალურად არის გაფორმებული, ირანთან კი ხელისუფლებას ინტენსიური ურთიერთობა აქვს. რთულად წარმოსადგენია, რომ `ქართული ოცნება~ მიმართულებას ფუნდამენტურად შეცვლის, იქნება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გადახედვა, ირანისგან დისტანცირება თუ რუსეთთან საგარეო პოლიტიკის შეცვლა. შესაბამისად, გადატვირთვის პირველი კრიტერიუმის შესრულება ძალზე სათუოა”, - აცხადებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციური ალიანსი” დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ერთიანობას, რადგან...”
“ირაკლი კობახიძის განცხადების ყველაზე მწვავე ნაწილი არის შეფასება, რომ ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ასი პროცენტით ეკისრება შეერთებულ შტატებს, რაც მიუთითებს, რომ ქართული მხარე საკუთარ პასუხისმგებლობას არ აღიარებს. ამერიკელების დასმულ მეორე საკითხზე, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის ჩართულობას ეხება, იკვეთება პოზიცია, რომ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება ამ ეტაპზე რეალისტურ სცენარად აღარ განიხილება და ყურადღება შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გადაერთოს - იმგვარი პირობების შექმნაზე, სადაც ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის ინტერესი და მოტივაცია. ამ კონტექსტში იგულისხმება, რომ მოთხოვნა შეეხება გარკვეულ კომპრომისებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ, ისეთი პირობების შექმნას, სადაც პოლიტიკური პარტიებისთვის მინიმუმ ელემენტარული თანასწორობის განცდა მაინც იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა კობახიძის განცხადებები აჩენს სკეპტიციზმს, მზად არის თუ არა “ქართული ოცნება” ამ ტიპის ცვლილებებისთვის და საარჩევნო გარემოს გადახედვისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ლორთქიფანიძე.
“ამავე დროს, გამოითქმის მოსაზრება, რომ თუ არ იარსებებს შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობა და მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი, შესაძლებელია ვაშინგტონსა და თბილისს შორის გარკვეული ტიპის შეთანხმებაც შედგეს. ამ არგუმენტის გასამყარებლად პარალელი კეთდება სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, აზერბაიჯანთან, უზბეკეთსა და ტაჯიკეთთან, რომლებთანაც აშშ თანამშრომლობს, მიუხედავად განსხვავებული დემოკრატიული სტანდარტებისა. თუმცა ამასთანავე ხაზგასმულია მნიშვნელოვანი განსხვავება საქართველოს შემთხვევაში: არსებული შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა წინააღმდეგობა განაპირობებს, რომ საქართველო ჯერ კიდევ სხვა კატეგორიაში აღიქმება და სწორედ ეს ფაქტორი ქმნის ბარიერს მის ისეთი “ავტორიტარული მოდელების” მსგავს ჩარჩოში მოთავსებისთვის, როგორიცაა ბელარუსი, ყაზახეთი ან აზერბაიჯანი. ამ ლოგიკით საბოლოო დასკვნად გამოიკვეთება, რომ ე.წ. გადატვირთვის პროცესზე საუბარი ამ ეტაპზე უფრო პოლიტიკური ილუზიის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე რეალისტური და მოკლევადიანი სცენარისას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ოპოზიციას თავისი ხედვები უკვე გააცნო სახელმწიფო დეპარტამენტმა, თუმცა ისედაც ჩანს, რომ საქართველოში ბოიკოტის ტაქტიკა, რომელიც 2020, 2024 და 2025 წლებში გამოიყენეს, შედეგს არ იძლევა. გონიერი პოლიტიკური ძალა ამას რეკომენდაციის გარეშეც უნდა ხვდებოდეს. ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს კონკრეტული მოთხოვნები საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე და პარალელურად იმუშაოს ამომრჩევლის ფართო მობილიზაციაზე. ხელისუფლება იდეალურ სისტემას არ შექმნის, მაგრამ გარკვეული გაუმჯობესების მიღწევა შესაძლებელია. საბოლოოდ მთავარი ამოცანა არჩევნებზე კონცენტრირება და უფრო ძლიერი მობილიზაციაა, რასაც ოპოზიცია დღეს აშკარად ვერ ახერხებს”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
“ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიების ლიდერებს, რომლებიც უკვე ათწლეულებია ქართულ პოლიტიკურ ველზე არიან, არ გააჩნიათ იმ რაოდენობის ამომრჩევლის მობილიზების რესურსი, რომ ივანიშვილის გავლენა დაასუსტონ ან დაამარცხონ, შესაბამისად, აუცილებელია ახალი ძალების გამოჩენა, რომლებიც შეძლებენ ბევრად უფრო ფართო ელექტორატის გააქტიურებას. მხოლოდ სააკაშვილი, მელია და გვარამია ამ კრიტიკული მასის მობილიზებას ვერ ახერხებენ. ამასთან, სამარცხვინოა, “ოპოზიციური ალიანსი” ერთიანობისა და ერთიანი ბრძოლის დეკლარირების პარალელურად ყოველდღიურად ერთმანეთის საჯარო ლანძღვა-გინებით რომ არის დაკავებული, რაც ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს ძალიან აბნევს. მათ ვეღარ გაუგიათ, რა ფორმაციასთან გვაქვს საქმე - ერთობასთან თუ ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან”, - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე და შეკითხვაზე - “როგორ ახსნით სააკაშვილის კრიტიკულ განცხადებებს ალიანსის სხვა წევრების შესახებ?” - პასუხობს:
“საქმე გვაქვს სუპერეგოისტურ ქცევასთან, სადაც მთავარი ლოგიკაა მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, ხოლო დანარჩენი მეორეხარისხოვანია. სააკაშვილის პოლიტიკური სტილი სწორედ ამას ეფუძნება. ყოველთვის ცდილობს იყოს ცენტრში. შესაბამისად, სადაც ის არის, იქ ჩნდება ლიდერობის ერთპიროვნული პრეტენზია, და თუ ჯგუფში ყველა მას არ ემორჩილება, იწყება კონფლიქტები. ამას შეიძლება ვუწოდოთ განდიდების მანია”.
“სააკაშვილი ვერ არის იმ ტიპის ფიგურა, რომლის გარშემოც სტაბილური მრავალცენტრიანი ერთობა შენდება, ამიტომაც ალიანსი დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ერთიანობას. ოპოზიციურ ველს პირობითად ორად დავყოფდი: ერთ მხარეს არიან ის პარტიები, რომლებიც “ნაცმოძრაობის” მმართველობის ეპოქიდან მოდიან და მეტწილად აღიარებენ სააკაშვილის ლიდერობას, და მეორე მხარეს პარტიები, რომლებიც ამ ერთპიროვნულ ლიდერობას არ იზიარებენ. შესაბამისად, ეს ალიანსი რეალურად შეიძლება დაიყოს მიშისტურ და პოსტმიშისტურ ნაწილებად, რადგან ერთიანობის შენარჩუნება სააკაშვილთან ერთად პრაქტიკულად ვერ ხერხდება. ამიტომ რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას, მით უფრო სწრაფად შეძლებენ ისეთი ფორმატის ჩამოყალიბებას, რომელიც არჩევნებზე გასვლას, ბარიერის გადალახვასა და რეალური პოლიტიკური გავლენის მოპოვებას მაინც უზრუნველყოფს”, - დასძენს ლორთქიფანიძე.