ბოლო თვეა, ყოველდღიურად ვისმენთ უმძიმეს ამბებს: 15 წლის მოზარდი იპოვეს გარდაცვლილი, სტუდენტი იპოვეს გარდაცვლილი, კაცმა სანადირო თოფით მოკლა ქალი, რუსთავში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, გურიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა, ბათუმში ქუჩაში კაცი მოკლეს, ფონიჭალაში სამი ადამიანი დაჭრეს, რამდენიმე ახალგაზრდა ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა, ჭრელ აბანოში კი ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ეს მხოლოდ ბოლო ორი კვირის კრიმინალური ქრონიკაა. ამ ფონზე ჩნდება კითხვა - რას აკეთებს სახელმწიფო? იცით, რას აკეთებს? სტუდენტებს დასდევს და ტროტუარზე დგომის გამო და უნივერსიტეტებში ხელბორკილებს ადებს. ქმნის სქროლვა-სქრინვის უწყებას, რომ ვინმემ კრიტიკული კომენტარი არ დაუწეროს ჩინოვნიკებს, რომლებიც ამ ქვეყანას ძარცვავენ,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ განაცხადა.
მისი თქმით,„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქცა ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ ხელისუფლებად, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს შეულახა უსაფრთხოების განცდა, რომელიც მოქალაქეებს ვერ იცავს კრიმინალისგან, ძალადობისგან, სიღატაკისგან და თავად გახდა საკუთარი მოქალაქეებზე ფიზიკურად მოძალადე.
„პოლიცია სისტემურად ძალადობს ადამიანებზე. ვიმეორებ - სისტემურად. ამის მკაფიო მაგალითია ის, რაც გორში მოხდა, როდესაც ადამიანებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. თქვენ პოლიციელებს საშუალებას არ აძლევთ დანაშაულს ებრძოლონ და მოქალაქეები დაიცვან. ამის ნაცვლად აიძულებთ მოქალაქეებს სდიონ ტროტუარზე დგომისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანად დაუსახეთ მკვლელების, ქურდების და მოძალადეების ნაცვლად „ფეისბუქზე“ თქვენზე დაწერილი კრიტიკულ კომენტარებს სდიონ - შედეგიც შესაბამისია. თქვენ პოლიციაში ავიწროებთ კეთილსინდისიერ პოლიციელებს და აბრუნებთ ვანო მერაბიშვილის სტანდარტებს - აბრუნებთ ძალადობრივი მეთოდებს და ადამიანებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ძალადობის შემოქმედები იყვნენ. მაგრამ პრობლემა მხოლოდ უსაფრთხოება არ არის . კრიმინოგენურ კრიზისთან ერთად, ქვეყანა დემოგრაფიულ კრიზისსაც განიცდის. მაგალითად, 2025 წელს 37 867 ბავშვი დაიბადა, ხოლო 44 320 ადამიანი გარდაიცვალა. ახალგაზრდები ვეღარ ბედავენ ოჯახების შექმნას და შვილების გაჩენას, რადგან მომავლის რწმენა დაკარგული აქვთ. როდესაც ადამიანებს არ აქვთ სათანადო სამსახური, ღირსეული ანაზღაურება, ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, სტაბილურობა და სოციალური დაცვა, ოჯახების შექმნა და შვილების გაზრდა მათთვის სულ უფრო რთული ხდება. დღეს საქართველოში თითქმის არ დარჩა ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც ემიგრაციაში არ იყოს წასული. ადამიანები საკუთარი ოჯახების გადასარჩენად ტოვებენ ქვეყანას, რადგან მძიმე სოციალური მდგომარეობა სხვა არჩევანს აღარ უტოვებთ. და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ უარი თქვით ჩვენს ინიციატივაზე, რომ მინიმალური ხელფასი 1050 ლარი ყოფილიყო. ამ მძიმე სოციალური, დემოგრაფიული და უსაფრთხოების კრიზისის ფონზე, თქვენი პრემიერი ირაკლი კობახიძე ღელავს დანიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამართლებრივ წესრიგზე, სიღარიბეზე გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში. მაშინ, როდესაც აქ ყველაფერი თავზე გვექცევა, როდესაც ქვეყანა ამდენ გამოწვევას ებრძვის - თქვენ უბრალოდ რეალობას კი არ მოწყდით, არამედ ადეკვატურობის განცდაც დაკარგული გაქვთ. თქვენ იქეცით ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ ხელისუფლებად, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს შეულახა უსაფრთხოების განცდა, რომელიც მოქალაქეებს ვერ იცავს კრიმინალისგან, ძალადობისგან, სიღატაკისგან და თავად გახდა საკუთარი მოქალაქეებზე ფიზიკურად მოძალადეც და გამღატაკებელიც. ხალხს დასცინით, 10 ლარიან ხორცზე და გაიაფებულ კვერცხზე ესაუბრებით და ამ დროს მიმდინარე კვირაში ის 15 პროდუქტიც ვერ ვიპოვეთ, რომელიც ვითომდა ბატონმა კობახიძემ გააიაფა. თქვენ მოქალაქეები უნდა დაიცვათ ძალადობისგან, თავად კი არ უნდა ძალადობდეთ, ფიზიკურად, მორალურად თუ ფინანსურად. მათ ხარჯზე ხელფასებსაც იზრდით, საბიუჯეტო რესურსებით ბიზნესებს იწყობთ, დალაგებულ ტენდერებს იკეთებთ და მინიმალურ ხელფასად 1050 ლარიც კი გენანებათ მოსახლეობისთვის, მზად თუ ხართ დაუბრუნოთ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებები, უსაფრთხოება და თქვენ მიერ წართმეული კეთილდღეობა?“- განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.