ბადრი ჯაფარიძე - დღეს ოპოზიციაში ყოფნა ყველა რისკს ნიშნავს, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ გადავუხვევთ ხაზს, რომელიც გვაქვს: ეს არის ის, რომ ყველა რეპრესიას მშვიდად შევხდეთ და გამთლიანებისკენ მოწოდებით ვუპასუხოთ

დღეს ოპოზიციაში ყოფნა ყველა რისკს ნიშნავს, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ გადავუხვევთ ხაზს, რომელიც ჩვენ გვაქვს - ეს არის ის, რომ ყველა რეპრესიას მშვიდად შევხდეთ, რეპრესიების მძიმე ტალღის გადატანა მოვახერხოთ, ამან წონასწორობიდან არ გამოგვიყვანოს და სიძულვილსა და რეპრესიებს სიმშვიდის და გამთლიანებისკენ მოწოდებით ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, აღნიშნული საქმე თავის არსით 30-იან წლებში წარმოებულ აბსურდულ საქმეებს უტოლდება, როცა ადამიანებს იმის გამო ასამართლებდნენ, რომ ესა თუ ის პირი ხელისუფლებისთვის სასურველ პირად არ მიიჩნეოდა.

ჯაფარიძის თქმითვე, „პროცესი შეკვეთილია ერთი ადამიანის მიერ“.

„სასამართლო სხდომა შეგნებულად არის დახურული, რათა საზოგადოებამ ის საოცარი აბსურდი ვერ მოისმინოს, რასაც ჩვენ ახლა ვესწრებით. ეს არის პოლიტიკური ლიდერების გამორჩეული დევნა - ყველასი ერთად! პოლიტიკური ლიდერები იმ პარტიებს წარმოადგენენ, რომელთაც ბოლო არჩევნებზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღეს. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზრი იდევნებოდეს და ამისთვის გამოყენებული იქნას პროკურატურა და სასამართლო.

ადამიანმა, რომელმაც ეს პროცესი დაუკვეთა, გადაწყვიტა, რომ ახლა პროცესი უნდა დააჩქაროს. ასეთ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი იღებს, რომელიც სათანადო ნდობით აღჭურვილი პირების მეშვებით დავალებებს შესაბამის უწყებებს გადასცემს.

საქმეში არსებული მასალები სამაგალითო სისულელეს ადასტურებს, რომლის მაგალითი ძნელი წარმოსადგენია, გარდა 30-იანი წლებისა, როდესაც ადამიანებს ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრაში ადანაშაულებდნენ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“