ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - შესაძლოა, გათვლა აქვთ, რომ გავიქცევი და აშშ-ს საელჩოს შევეხვეწები, ქვეყანაში დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე თვალი დახუჭონ, რადგან სექტემბერში მიჭერენ - ეს არ მოხდება! - ციხეში მოხვედრის შიში დიდი ხნის წინ გადავლახე

არ გამოვრიცხავ, რომ ციხეში აღმოვჩნდე. შესაძლოა, გათვლა აქვთ ამათ, რომ მე აქედან გავიქცევი, აშშ-ს საელჩოში გადავირბენ და შევეხვეწები, რომ ქვეყანაში დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ათას პრობლემაზე თვალი დახუჭონ, რადგან სექტემბერში მიჭერენ. ეს არ მოხდება! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარის სურვილია, რომ პროცესები სწრაფად დასრულდეს.

„თავად არგუმენტი არ ჰქონდათ, თუ რატომ დააჩქარეს პროცესები, შეთანხმებული იყო განრიგი. განრიგის შეცვლა ადვილი ხომ არ არის? საქმეზე 8 ბრალდებულია, რომლებსაც ადვოკატები ჰყავთ, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე ადვოკატი, ასევე არიან პროკურორები და მოსამართლე, ყველას ხომ უნდა ეცალოს?

უნდათ, რომ სწრაფად დაამთავრონ. იძახიან, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულებისთვის არის საჭიროო, რაც ბოდვაა. 3 კვირის წინ არ იყო აუცილებელი და უცებ აუცილებელი გახდა?

სიგნალს უგზავნიან, ცალკე ამერიკელებს - „ან დავლაგდეთ სწრაფად, ან ამათ ყველას ციხეში შევყრი“, პირობები, რომლებიც თავად უნდათ ალბათ.

არ მჯერა, რომ დღევანდელი პროცესიც შემთხვევითია. დღეს არის ტექნიკური შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, სადაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება, არ შენარჩუნების საკუთხი განიხილება. დეკემბერში ევროსაბჭოში იქნება ეს საკითხი და საბოლოოდ, იანვარში იქნება გადაწყვეტილება.

არ გამოვრიცხავ, რომ ციხეში აღმოვჩნდე. შესაძლოა, გათვლა აქვთ ამათ, რომ მე აქედან გავიქცევი, აშშ-ს საელჩოში გადავირბენ და შევეხვეწები, რომ ქვეყანაში დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ათას პრობლემაზე თვალი დახუჭონ, რადგან სექტემბერში მიჭერენ. ეს არ მოხდება!

საბოლოოდ, არაფერი არ იცვლება, ამ ბრძოლას ის სტრატეგია მოიგებს, რომელიც ალიანსს აქვს გაცხადებული - არაღიარება, არ შეგუება, ქვეყნის შიგნით პროტესტის გაფართოება და ამის მცდელობა, რომელსაც აქეთა ფლანგზე ერთმანეთში დაპირისპირება უშლის ხელს, მაგრამ დავლაგდებით როცა იქნება, და წნეხი გარედან. დანარჩენი თავის მოტყუებაა. ციხეში მოხვედრის შიში დიდი ხნის წინ გადავლახე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“