“ნაციონალურ მოძრაობას“ განახლებისა და ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ აქვს - ვურჩევდი, რომ იზრუნონ ელექტორატის შენარჩუნებაზე და ტონს ერთი რეგისტრით დაუწიონ. უფრო პოლიტიკაზე იფიქრონ და არა ბელადის ერთგულებაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაანონსებულ განახლების პროცესს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ძალა არ არის პარტიებში, ძალა არის ხალხში.
„მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ პარტიის განახლების რესურსს. არ მგონია, რომ ეს რესურსი არსებობდეს. გასაგებია, რომ მას ჰყავს ძალიან სტაბილური ელექტორალური დასაყრდენი, მაგრამ განვითარების პერსპექტივა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბოლო წლებში პარტიის შესაძლებლობები, სულ უფრო და უფრო მცირდება. რაც შეეხება განახლებას, პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც ელექტორატის, მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი ორიენტირებულია არა პოლიტიკაზე, არამედ ბელადის ბრმად მიმდევრობაზე, იქ რაიმე ტიპის ცვლილებებზე საუბარი, ჩემი აზრით, ზედმეტია. შორიდან ნანუკა ჟორჟოლიანის შესაძლებლობებიც კარგად ჩანს, მენეჯერული შესაძლებლობები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამას უბრალოდ ვერ შეძლებს. რისი გაკეთებაც საჭიროა, მან შეიძლება იცოდეს, მაგრამ თვითონ ისეთი ტიპის ფანატიკურ წინააღმდეგობას წააწყდება, რომ ზარალის მეტს ამ პროცესიდან ის ვერაფერს მიიღებს. ეს ისეთი თემაა, რომელსაც მე სკეპტიკურად ვუყურებ. როგორც აღვნიშნე, „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლებისა და ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ აქვს.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოში განწყობილია ისე, რომ მას არ მოსწონს აწმყო, დღევანდელი ხელისუფლების სახით, მაგრამ არც იმისთვისაა მზად, რომ წარსულში დაბრუნდეს. ის ითხოვს მომავლის არჩევანს. მომავალს ვერ ხედავს წარსულში, ანუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ პარტიას განახლების პოტენციალი ისეთი, რომ წარსულის განულება და ახალი სტარტის აღება მოხდეს, ესეც შეუძლებელია. საბაზისო მხარდამჭერი ჯგუფები „ნაციონალური მოძრაობის“ ისევ წარსულში არიან. შეცდომების აღიარებაც არ უნდათ და მიხეილ სააკაშვილის მითოლოგიაში ცხოვრობენ. რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ამას? - არაფერი. მათ ერთადერთი ვურჩევდი, რომ იზრუნონ ელექტორატის შენარჩუნებაზე და ტონს ერთი რეგისტრით დაუწიონ. უფრო პოლიტიკაზე იფიქრონ და არა ბელადის ერთგულებაზე.
დღეს გვაქვს სიტუაცია - ორ ბელადს, ბიძინასა და მიშას, უნდა, რომ მათი დაპირისპირება ავსებდეს პოლიტიკურ სამყაროს მთლიანად. ისინი თითქოს დაპირისპირებულები არიან, მაგრამ ამით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. არავის აღარ უნდა ეს ბელადების ეპოქა. არც ერთი ბელადი სჭირდება არავის და არც მეორე ბელადი. გვინდა ჯანსაღი, ნორმალური, ადამიანური პოლიტიკა და არა მითოლოგიური გმირების შერკინება ღრუბლებში.
რაც შეხება ოპოზიციურ ალიანსს, გაუგებარი სისტემაა. ამ ტიპის ალიანსების არსებობა არის ხელისუფლების დაკვეთა. პოლიტიკური შინაარსი ამაში არ არის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ძალა არ არის პარტიებში. პარტიები როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ძალა არის ხალხში. ჩვენი ხელისუფლება რეაგირებს მხოლოდ ძალაზე ანუ ხალხის განწყობებზე. ვისაც აქვს ამბიცია, რომ პოლიტიკაში იყოს, უნდა იზრუნოს მხარდამჭერების მოზიდვაზე. სანამ პროტესტი გათითოკაცებულია, ხელისუფლება ინარჩუნებს სტაბილურობას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება. სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.