„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი დღეს მინიმუმზეა დასული და ახლა უკუპროცესის დაწყება შეუძლებელია, სიზიფეს შრომაა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისთვის პარტიის ლიდერობის შეთავაზებას ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეგრადაცია შეჩერდეს, მაგრამ პარტიას რომ ისეთი ენერგია შესძინოს, რასაც მისი ხელისუფლებაში მოყვანა შეუძლია, არ არსებობს.
„საქმე იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც არ ასოცირდება მომავალთან. საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს არა წარსულსა და აწმყოს შორის, არამედ მომავლისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ მის ცნობიერებაში წარსულთან ასოცირდება და წარსულის დანაშაულთან. 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველმა ვერდიქტი გამოუტანა, ხოლო 2016-2017 წელს - „ქართულ ოცნებას“, სამუდამო განდევნა აქვს ორივე პარტიას საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის თვალში და ეძებს მომავლის არჩევანს. მე სკეპტიკურად ვუყურებ, რომ წარსულის რებრენდინგი ისეა შესაძლებელი, რომ მომავლად მოგვაჩვენონ. მას არ აქვს ელექტორალური ზრდის პოტენციალი. წლების განმავლობაში ეს პარტია ამომრჩეველს კარგავდა, დღეს მინიმუმზეა დასული და ახლა უკუპროცესის დაწყება შეუძლებელია, სიზიფეს შრომაა.
დარწმუნებული ვარ, ნანუკა ჟორჟოლიანი მაქსიმუმს გააკეთებს და შეუძლია დააპაუზოს დეგრადაციის პროცესი, მაგრამ პარტიას რომ ისეთი ენერგია შესძინოს, რასაც მისი ხელისუფლებაში მოყვანა შეუძლია, არ არსებობს. მას კი არა, რაც არ უნდა გენიოსი იყო, არ არსებობს ასეთი ადამიანი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილმა გადაცემაში „ოპოზიციის ალიანსზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები სინამდვილეში „სახლობანას თამაშობენ“ და არანაირი ალიანსი არ არსებობს.
„ეს ალიანსი მოგონილი, ვირტუალური თემაა. სინამდვილეში არანაირი ალიანსი არ არსებობს. რაღაც ტექსტებით ლაპარაკობენ და ერთმანეთს ვერ იტანენ და დღე და ღამე აგინებენ. გვარამიას და ჩერგოლეიშვილს შეუყვარდათ ერთმანეთი? ეს ხომ აბსურდია. რაზე ვლაპარაკობთ? ეს ხომ პოლიტიკა არ არის, ეს არის „სახლობანას“ თამაში, რითაც მშვენივრად სარგებლობს ხელისუფლება და დასცინიან. ხშირ შემთხვევაში ღირსები არიან, მართლა სასაცილოები არიან. რაღაც დეკლარაცია დაწერეს, თამაშის წესებზე შეთანხმდნენ, რას თამაშობენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.