პროცესი, რაც ზოგადად, ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარეობს, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ, მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არანაირი შეფერხება პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„დღესვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ექიმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რაღაც წუთების განმავლობაში დაიშვება ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში.
ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იყო ის სავალდებულო, მართლაც რომ მინიმალური სახის დოკუმენტაცია – ეს მართლაც რომ ღიმილის მომგვრელი არის, ანუ ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი და, ასევე, შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც, მერწმუნეთ, ნებისმიერ ექიმს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს... მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოსული არ ყოფილა.
ეს პროცესი უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება, გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. მის მიერ მოთხოვნილი იყო შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მყისიერად, მეორე დღესვე განხორციელდა ამ კვლევების ჩატარება. დამატებით გეტყვით, რომ მეორე ჯერზეც განხორციელდა უფრო ღრმა კვლევის ჩატარება, ორივე შემთხვევაში გვქონდა ნეგატიური პასუხი. ლაბორატორიული კვლევების პასუხები, საბედნიეროდ, არის უარყოფითი. ანუ მას ის დაავადება არ სჭირს, რომელზეც მისი მხარე აპელირებდა. ამ წუთებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, სტაბილური“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.
ცნობისთვის, პარტია „დროას“ ლიდერების განცხადებით, ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმის დაშვების საკითხზე პენიტენციური სამსახურის მხრიდან პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.