ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს

უკრაინული დრონების რუსეთის ტერიტორიაზე აქტიურობის გამო უკრაინა-რუსეთის ომის ახალ ეტაპზე გადასული, სავარაუდოდ, რა ცვლილებები ხდება უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოებაში, რას შეიძლება ნიშნავდეს კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგის, კარაგანოვის განცხადება, რომ რუსეთი 2027 წელს ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ასევე აშშ-ირანის მოლაპარაკებებსა და იმაზე, რამდენად შეიძლება ისრაელის პოზიცია აღმოჩნდეს აშშ-სა ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერისთვის ხელშემშლელი, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, კარგა ხანია უკრაინული დრონები ანადგურებენ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას და

ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს, არა მხოლდ ყირიმში, არამედ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ზოლის მიმდებარედ რუსეთის მხრიდან. ვხედავთ, რომ რუსეთი ამ პროცესს ვერ აჩერებს.

როგორც ამბობენ, უკრაინას მალე თავისი ბალისტიკური რაკეტები ექნება, რაც ამ ომში ბევრ რამეს შეცვლის და საერთოდ შეცვლის უკრაინის სტატუსს მსოფლიოში.

თქვენ როგორ დაახასიათებდით ამ ეტაპზე უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობას, და როგორც ბევრი ამბობს ომი ახალ ეტაპზეა გადასული?

- ჩემი აზრით, მთავარი, რაც მოხდა ისაა, რომ აშშ არ უშლის უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელოს დრონული დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზე. ამ მხრივ, აშშ-ს პოლიტიკა შეცვლილია.

მეორე მხრივ ახლა აშკარაა, რომ უკრაინას ომში აქვს ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს უპირველესად ეხება უპირატესობას დრონების წარმოებაში. უკრაინამ ამ უპირატესობას მიაღწია ევროპისა ქვეყნებთან და აშშ-თან აქტიური თანამშრომლობით. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ დრონების წარმოებაში იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს.

საქმე ისაა, რომ რუსეთში სამხედრო წარმოება და მთლიანად სამხედრო ეკონომიკა ცენტრალიზებულად და მონოპოლიზირებულად ხორციელდებათ. უკრაინაში კი სამხედრო წარმოებაში საბაზრო კონკურენციაა. უკრაინაში სამხედრო სფეროში დანერგილი და წახალისებული კერძო ინიციატივა, რუსეთთან შედარებით უკრაინის უპირატესობაა

მოსკოვი საკმაოდ დაცული ქალაქია, შესაძლოა, ასეთი დაცული რუსეთის არც ერთი ქალაქი არ იყოს, მაგრამ, დრონები ხელოვნური ინტელექტით წვდებიან ისეთ რუსულ ობიექტებს, რაც რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტებია.

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა უკრაინას ბალისტიკურ რაკეტები? ეს სავსებით რეალურია, თუ უკრაინას დაფინანსების პრობლემები ახლა არ აქვს.

საქმე ისაა, რომ რუსეთში სამხედრო წარმოება და მთლიანად სამხედრო ეკონომიკა ცენტრალიზებულად და მონოპოლიზირებულად ხორციელდება. უკრაინაში კი სამხედრო წარმოებაში საბაზრო კონკურენციაა.

სახელმწიფო კერძო სამხედრო კომპანიებს უკვეთავს რაც სჭირდება და საქმე სწრაფად და ეფექტურად კეთდება. უკრაინაში სამხედრო სფეროში დანერგილი და წახალისებული კერძო ინიციატივა, რუსეთთან შედარებით უკრაინის უპირატესობაა.

უკრაინა-რუსეთის ომი ახალ ეტაპზე გადასული

უკრაინა მოქმედებს სტრატეგიულად. ახლა მისთვის მთვარია რუსეთის ლოჯისტიკის მაქსიმალურად დაზიანება, რასაც აკეთებს კიდეც. რუსეთი დიდი ქვეყანაა და მისი ლოჯისტიკის დაცვა შეუძლებელი ხდება. ყველაფერი ეს ერთად აღებული მიანიშნებს იმას რომ უკრაინა-რუსეთის ომი ახალ ეტაპზეა გადასული.

რატომ არ მოქმედებდა ასე თავისუფლად უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე? ჩემი აზრით იმიტომ რომ კიევს არ აძლევდნენ უფლებას დაებომბა რუსეთის ინფრასტრუქტურა. ასეთი იყო ვაშინგტონის და კერძოდ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური პოზიცია

- უკრაინულ დრონების შედეგად პრობლემები აქვთ შექმნილი რუსეთის აეროპორტებს, სარკინიგზო მიმოსვლის იმ პუნქტებს, რომლებიც ფრონტის უზრუველყოფას ემსახურებიან.

სხვადასხვა მონაცემებით, ხალხი ცდილობს გასვლას არა მხოლოდ ყირიმიდან, დიდი ქალაქებიდანაც. ყირიმიდან სამხედროებს გაჰყავთ ოჯახები. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს და როგორ აღიქმება რუსულ საზოგადოებაში უკრაინული დრონების რუსეთის ცაზე აქტიურობა?

- რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების აქტიურობა რუსეთის საზოგადოების განწყობებზე ძალიან ნეგატიურად აისახება.

რატომ არ მოქმედებდა ასე თავისუფლად უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე? ჩემი აზრით იმიტომ რომ კიევს არ აძლევდნენ უფლებას დაებომბა რუსეთის ინფრასტრუქტურა. ასეთი იყო ვაშინგტონის და კერძოდ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური პოზიცია.

ახლა ასეთი მეტოდით მოქმედებს ტრამპი და უკრაინას მისცა უფლება დააზიანოს რუსეთის ლოჯისტიკა და მოხდეს ყირიმის იზოლირება. ამის შემდეგ დაიწყება უკრაინა-რუსეთის, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი

შედეგად, შესაძლებელი გახდა ყირიმის ლოჯისტიკისა და რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის საგრძნობლად დაზიანება. ამის გაკეთება უკრაინას მანამდეც შეეძლო, მაგრამ ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება აშშ-ს და კერძოდ ტრამპს არ ჰქონდა მიღებული. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპი ასე ახდენს პუტინზე ზეწოლას. ამის შედეგად უკვე ვხედავთ რომ ყირიმი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაშია. რუსეთი ამისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.

რუსეთი დარწმუნებული იყო რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა. პუტინისთვის ყირიმი არის მთავარი პოლიტიკური სიმბოლო.

- უკრაინა ყირიმზე დესანტის გასასასხმელად და ნახევარკუნძულის სრული დეოკუპაციისთვის ემზადება?

- ამერიკელი გენერალი ბენ ხოჯესი დიდი ხანია ამბობს რომ უკრაინისთვის სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე დიდი წარმატება იქნება ყირიმს შეუტიოს და ამით მიაყენოს ზიანი რუსეთს. ყირიმში დესანტის გადასხმა საჭირო არ არის. ნახევარკუნძულის ბლოკადა საკმარისია.

აქამდე ამის უფლებას უკრაინას ამერიკელი პოლიტიკოსები არ აძლევდნენ. მაგრამ, იმის გამო ახლა უკრაინა-რუსეთის, ევროპა-რუსეთის, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესი ჩიხშია შესული, ამის პარალელურად ტრამპია აღმოჩენილი ჩიხში ირანში, უკრაინაში, კუბაში. ტრამპი ძალიან გაღიზიანებულია, კი ამბობს რომ ყველა ომი მოვიგეო მაგრამ, იგი ყველა მიმართულებით ჩიხშია.

ამიტომ, ახლა ასეთი მეთოდით მოქმედებს ტრამპი და უკრაინას მისცა უფლება დააზიანოს რუსეთის ლოჯისტიკა და მოხდეს ყირიმის იზოლირება. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ბლოკადის პოლიტიკას მიმართავს კუბისა და ირანის მიმართ, ხოლო იგივე მეთოდს იყენებს რუსეთის მიმართ, უკრაინას აძლევს უფლებას დაბლოკოს ყირიმი. ამის შემდეგ დაიწყება უკრაინა-რუსეთის, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი.

რადგან კარაგანოვს დასავლეთში, როგორც პოლიტოლოგს კარგად იცნობენ, იციან რომ იგი კრემლთან და პუტინთან დაახლოებული პირია, მან ამ განცხადებით კრემლის დავალება შეასრულა და ეს მესიჯი დასავლეთის გასაგონად თქვა

- გასულ კვირას რუსეთის საგრეო პოლიტიკის დოქტრინის ავტორის, კარაგანოვის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

აკადემიკოსმა კარაგანოვმა, რომელიც პუტინის საკმაოდ დაახლოებული პირია განაცხადა - „რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება. ეს გიგანტური ცოდვა იქნებოდა, მაგრამ მისი არგამოყენება რუსეთისთვის სულ მთლად სასიკვდილო ცოდვა იქნებოდა“.

მისივე თქმით, „რუსეთი ბირთვულ იარაღს ერთი წლის შემდეგ, რამდენიმე ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენებს.“

კარაგანოვის ეს განცხადება როგორ უნდა იქნას აღქმული და გაგებული - კრემლი ევროპელებს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს?

თქვენი აზრით, რაც კარაგანოვმა თქვა, მისი ინიციატივაა თუ პუტინთან შეთანხმებული განცხადება?

- რადგან კარაკანოვს დასავლეთში, როგორც პოლიტოლოგს კარგად იცნობენ, იციან რომ იგი კრემლთან და პუტინთან დაახლოებული პირია, მან ამ განცხადებით კრემლის დავალება შეასრულა და ეს მესიჯი დასავლეთის გასაგონად თქვა.

ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ კრემლის ეს გზავნილი დასავლეთს მეხუთე წელია ესმის. მეხუთე წელია მოსკოვი აშინებს დასავლეთს, მაგრამ ეს გზავნილი არ მოქმედებს ისე, როგორც, მაგალითად, მოქმედებდა პრეზიდენტ ბაიდენზე.

კრემლის პროპაგანდაც ჩიხშია შესული. რუსული პროპაგანდა ისე აღარ მოქმედებს, როგორც ადრე მოქმედებდა. მოსკოვზე და ყირიმზე დრონების დარტყმებმა შეცვალეს ვითარება

- რადგან ეს განცხადება კარაგანოვმა გააკეთა, სავარუდოდ, როგორია ამ განცხადებაზე კრემლთან დაახლოებული ელიტების რეაქცია?

- კარაგანოვის ეს განცხადება რუსეთის არც საზოგადოებაზე და არც რუსულ ელიტაზე არ იყო გათვლილი, მისი ადრესატი დასავლეთი გახლდათ.

რუსეთში კი კარგად იციან რომ კარაგანოვი პუტინთან დაახლოებული პირია. რუსეთში ხალხი ისე შეეჩვია აგრესიულ პროპაგანდას, დიდ წილად ამ ტიპის განცცხადებებს ყურადღებას არ აქცევს. ასეთი რამ ხომ სოლოვიოვსაც და სხვებსაც ბევრჯერ უთქვამთ.

- ცხადადაც კი ჩანს, რომ პრეზიდენტი პუტინი და კრემლს დაქვემდებარებულ სახელისუფლებო პროპაგანდა ცდილობს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით თითი ევროპისკენ გაიშვიროს.

აქაოდა, რუსეთმა სპეცოპერაცია არა უკრაინის წინააღმდეგ, არამედ კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ დაიწყო. თითქოს უკრაინაში აგრესიის დაწყების პირველ ეტაპზე შესაძლებელი იყო უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესრულება. თუ ადრე პუტინი ზელენსკის კლოუნად მოიხსენიებდა, ახლა ბატონად მოიხსენიებს.

მიუხედავად შეცვლილი რიტორიკისა, პუტინი ომის დასრულების პირობად კვლავ უკრაინის ოკუპირებული 4 რეგიონზე კრემლის კონტროლის დამყარების საკითხს აყენებს.

რას უნდა ნიშნავდეს კრემლის შეცვლილი პროპაგანდისტული თეზისები?

- კრემლის პროპაგანდაც ჩიშია შესული. რუსული პროპაგანდა ისე აღარ მოქმედებს, როგორც ადრე მოქმედებდა. მოსკოვზე და ყირიმზე დრონების დარტყმებმა შეცვალეს ვითარება.

ახლა რუსეთის მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც უკრაინული დრონები უპრობლემოდ დაფრინავენ, საკუთარი თავი უფრო ადარდებთ, ვიდრე ის, თუ რას ამბობს კრემლის პროპაგანდა და რუსების მიერ ევროპის ქვეყნების ბირთვული იარაღით დაბომბვა.

რაც უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის უკრაინა რუსეთს, რუსეთი იძულებული იქნება უკრაინასთან მიმართებაში შეცვალოს რიტორიკაც და პოლიტიკაც

რადგან უკრაინული დრონების შეტევები გაგრძელდება, რუსეთის მიერ ევროპის ქვეყნების დაბომბვის თემა არც ქვეყნის შიგნით იმუშავებს და არც ქვეყნის გარეთ ისე აღარ იმოქმედებს, როგორც წინა წლებში აქცევდნენ ყურადღებას.

ახლა ისეთი ვითარებაა და როგორც ჩანს, კიდევ უფრო ასე იქნება, რუსეთის საზოგადოებას საკუთარი უსაფრთხოება უფრო ადარდებს.

- თუ უკრაინამ დრონებით შეტევები იმ რეჟიმში გააგრძელდა, როგორც ეს ბოლო ხანებია, ამან რუსეთში რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს?

- ეს რუსეთში გამოიწვევს საწვავის კრიზისს, ყირიმში საწვავი საერთოდ აღარ არის. მოსკოვში საწვავი პრობლემა ზოგან არის, ზოგან არ არის. რუსეთში ახლა შექმნილი სიტუაცია რუსეთის საზოგადოებისთვის აღქმის თვალსაზრისით გადასალახი რუბიკონია.

ახლა რუსეთში საერთაშორისო საკითხეში რაც ხდება, მეორადია. სსრკ-ს ბოლო პერიოდში პრეზიდენტი გორბაჩოვი საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობდა, და საერთაშორისო საკითხებზე საუბრობდა, მაგრამ სსრკ-ში უკვე აღარავის აინტერესებდა ის ქვეყნის გარეთ რას ამბობდა. ასე იყო იმიტომ რომ სსრკ-ს მოქალაქეებისთვის შიდა პოლიტიკაში არსებული სირთულეების გამო მთავარი იყო თუ რა ხდებოდა ქვეყნის შიგნით.

მსგავსი სიტუაციაა ახლა შექმნილი რუსეთშიც. პუტინი ცდილობს საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბარს, საუბრობს იმაზე თუ რა უპირატესობა აქვს რუსეთს ნატოს ქვეყნებთან შედარებით და ასე შემდეგ. იგი ახლა სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს. არადა, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას ეს თემები არ აინტერესებთ.

რაც უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის უკრაინა რუსეთს, რუსეთი იძულებული იქნება უკრაინასთან მიმართებაში შეცვალოს რიტორიკაც და პოლიტიკაც.

ტრამპის გზავნილი პუტინისადმი ასეთია - დროა, ვეძებოთ უკრაინა-რუსეთის ომში კომპრომისები

- გასულ დღეებში პარიზში დიდი შვიდეულის ქვეყნების შეხვედრა გაიმართა. დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის რომ თუ ადრე პრეზიდენტი ტრამპი უკრაინისგან რუსეთისთვის დონბასის დათმობას მოითხოვდა, ახლა თითქოს ჩანს, რომ სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად მხარის დაუჭიროს უკრაინას თავის ბრძოლაში რუსების წინააღმდეგ. ცნობილი ფაქტია რომ პრეზიდენტი ტრამპი პოზიციებს ხშირად იცვლის ხოლმე.

თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება რომ ტრამპი ახლა ღიადაც კი უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსების წინააღმდეგ?

პოზიციის ცვლილება რას შეიძლება უკავშირდებოდეს? აშშ-ში მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს თუ კიდევ სხვა რამესაც?

- ტრამპისთვის უკრაინა-რუსეთის ომის თემა ჩიხშია შესული, მას პუტინთან მოლაპარაკება არ გამოუვიდა და ახლა პუტინზე წეზოლას ახდენს. ტრამპის მხრიდან პუტინთან მიმართებაში არის ფსიქოლოგიური და დიპლომატიური ზეწოლა. ტრამპის გზავნილი პუტინისადმი ასეთია - დროა, ვეძებოთ უკრაინა-რუსეთის ომში კომპრომისები.

ტრამპისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ირანის ომში პაუზა მიიღოს. ტრამპისთვის აშშ-ირანს შორის ომის პაუზა იდეალური იქნებოდა გაგრძლებულიყო ნოემბრამდე. მოგეხსენებათ ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნებია

- გასული კვირის პირველ დღეს შვეიცარიაში, პაკისტანისა და ყატარის შუამავლობით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო 14 პუნქტიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ 14 პუნქტიანმა შეთანხმებას აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

განსაკუთრებით ტრამპის ოპონენტები აქტიურობდნენ და ამ შეთანხმებას ირანთან აშშ-ს მარცხად აფასებდნენ. ამის დასტურად სახელდებოდა ის რომ შეთანხმების თანახმად ირანის ნავთობზე სანქციები ეხსნებოდა, ასევე ირანს უნდა დაბრუნებოდა თავისი აქტივები, უნდა შეიქმნეს ირანის განვითარების 300 მილიარდიანი ფონდი და ასე შემდეგ.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების სქემა შემუშავებულია, რომლის ფარგლებში უნდა მოხდეს ე.წ. „საგზაო რუკის“ შედგენა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონსა და ირანს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებების პერსპექტივას?

- საერთოდ, მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს. ის, რაც მემორანდუმში შეიძლ;ება მოხვდეს, ეს არის დიპლომატიური თამაშის შემადგენელი ნაწილი.

ტრამპისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ირანის ომში პაუზა მიიღოს. ტრამპისთვის აშშ-ირანს შორის ომის პაუზა იდეალური იქნებოდა გაგრძლებულიყო ნოემბრამდე. მოგეხსენებათ ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნებია.

სანამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს აშშ-ში ნავთობზე დაბალი ფასებია, აშშ-ს ბირჟებზე აქციები იზრდება, იმის გათვალისწინებით რომ იმ დროისთვის საარჩევნო კამპანია იქნება, ეს ტრამპისთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანი პოზიციებია.

შესაძლოა, ლიბანის საკითხზე ისრაელის პოზიციამ საერთოდ ჩაშალოს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება

მაგრამ, შეძლებს თუ არა ტრამპი ირანთან ნოემბრამდე ასეთი თამაშის წარმოებას, ეს საეჭვოა. ირანში შიდაპოლიტიკური კრიზისია, ისლამური საგუშაგოს წარმომადგენლები ძალიან რადიკალურად არიან განწყობილი. მეორე მხრივ პრეზიდენტი და სხვა სტრუქტურები, რომლებსაც ხალხის სოციალური პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, მათ შორის მიმდინარეობს დაპირისპირება და პოლიტიკური ბრძოლა.

ჩემი აზრით, აშშ-სა და ირანს შორი სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა ვერ მოხერხდება.

- ვნახეთ რომ ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგება ისრაელი, რომელსაც ამ შეთანხმების თანახმად ლიბანიდან ევალება თავისი ჯარების გამოყვანა და ჰესბოლას წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა.

იმის გამოც რომ ირანის ბირთვული იარაღის პერსპექტივა ჯერ ბუნდოვანია, ისრაელი აშშ-სა და ირანის შეთანხმებას არ ეთანხმება. ნეთანიახუსაც აქვს პრობლემა, რადგან ისრაელშიც მალე არჩევნებია...

არადა, ჯერჯერობით პრობლემად რჩება ირანის გამდიდრებული ურანის ბედი, რაც ისრაელისთვის უდიდესი საფრთხეა.

აშშ-ირანის შეთანხმებაზე ხელმოწერას რამდენად შეიძლება შეუშალოს ისრაელის პოზიციამ?

- ისრაელის პოზიცია ახლაც უშლის ხელს აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერას.

ტრამპს უნდოდა რომ აშშ-სა და ირანს შორის მომხდარიყო შეთანხმება, ხოლო ლიბანთან დაკავშირებული საკითხები ცალკე განეხილათ. თეირანი ამაზე არ დათანხმდა, ასე რომ ლიბანის საკითხი იქნება ყველაზე დიდი დაბრკოლება აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის. შესაძლოა, ისრაელის პოზიციამ ლიბანის საკითხში საერთოდ ჩაშალოს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება.

ის სიტუაცია რომელიც უკვეა შექმნილი რუსეთში, არც ელიტებს აწყობთ, არც მოსახლეობას. პრობლემა ისაა, რომ რუსულ საზოგადოებაში გამაწონასწორებელი ბალანსია დარღვეული

- თქვენთან დაკავშირებამდე „ინტერპრესნიუსთან“ თქვენს წინა ინტერვიუს გადავხედე, სადაც თქვენ ამბობთ - „ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა“.

ახლა რა შეიძლება ითქვას - ტრამპია უფრო დიდ ჩიხში, თუ პუტინი? და ასეთ ვითარებაში მათ რა შეცდომები შეიძლება დაუშვან?

- ტრამპი და პუტინი ახლა ისეთივე ჩიხში არიან, როგორც ერთი თვის წინ იყვნენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ვერც ტრამპმა და ვერც პუტინმა ვერ შეძლეს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც მათ წინაშე იდგა.

მაგრამ, აშშ-ს გაცილებით მეტი რესურსები აქვს, ვიდრე რუსეთს. რუსეთი კრიტიკულ წერტილს უახლოვდება. რუსეთის ეკონომიკა ურთულეს დღეშია. ახლა ამას დაემატება ლოჯისტიკის ის პრობლემები რომელსაც რუსეთს უკრაინა უქმნის. ეს ყველა ფაქტორი კიდევ უფრო გაართულებს რუსული ეკონომიკის მდგომარეობას.

18 სექტემბერს რუსეთის სათათბიროს არჩევნებია დანიშნული. არჩევნების დროს იზრდება ხალხის პოლიტიზირების დონე. ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს.

რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომ შესაძლოა, დიდი ხანია არაფერი შეიცვალოს, მაგრამ ერთ დღეში ბევრი რამ მოხდეს. თავის დროზე არავინ არ ელოდა რუსეთში პრიგოჟინის აჯანყებას. ამიტომ, იმის პროგნოზირება რა შეიძლება მოხდეს, შეუძლებელია, მაგრამ, ის სიტუაცია რომელიც უკვეა შექმნილი რუსეთში, არც ელიტებს აწყობთ, არც მოსახლეობას. პრობლემა ისაა, რომ რუსულ პოლიტიკაში გამაწონასწორებელი ბალანსია დარღვეული.

რუსეთის პოლიტიკაში ბალანსის დარღვევის მაგალითია კომუნისტური ლიდერის, გენადი ზიუგანოვის, ბოლოდროინდელი წინადადება ბანკებიდან საყოფაცხოვრებო და ბიზნეს დეპოზიტების გატანის შესახებ. ამ წინადადებამ სხვა დეპუტატების კრიტიკა გამოიწვია, თუმცა ცხადია, რომ რუსეთში სიტუაცია ჩიხშია შესული და პოლიტიკური კრიზისი უარესდება.

ჩემი აზრით, არაა, გამორიცხული, რუსეთში ისეთი მოულოდნელი კრიტიკული მოვლენები მოხდეს, რაც საერთოდ შეცვლის ქვეყნის პოლიტიკას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება