მოწმემ გვითხრა ის, რომ რადგან ისინი [ე.წ. საბოტაჟის საქმის ბრალდებულები] მისგან მოშორებით იდგნენ, არ ესმოდა მათი უშუალოდ საუბარი და მოწოდებები, თუმცა, მათი ჟესტიკულაცია და ხელის მოქმედებები იმგვარი იყო, რომ აქციის მსვლელობის დროს, იქ მყოფ პირებს პარლამენტისკენ შეჭრის კონტექსტში მოუწოდებენ, - ასე აფასებს ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი დღეს, სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას.
როგორც სხდომის დასრულების შემდგომ პროკურორმა განმარტა, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც ისაუბრა 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე დროის შუალედში გამართული საპროტესტო აქციების დროს ბრალდებულთა ქმედებებზე.
„კონკრეტულად კი, ნიკანორ მელიასთან, ელენე ხოშტარიასთან მიმართებით გვითხრა ის, რომ ესმოდა მათი საუბარი, რომ აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ პარლამენტში შეჭრისკენ. ასევე უშუალოდ მათი ქმედებები ისეთივე იყო, როგორც აქციის მონაწილეთა ქმედებები, რომელიც ცალსახად აგრესიული იყო იმ შემთხვევაში. ისინი ერთობლივად ცდილობდნენ პოლიციის რიგების გარღვევას და პარლამენტში შეჭრას. ასევე, მოწმემ ისაუბრა ბრალდებულ სხვა პირებთან მიმართებით. გვითხრა ის, რომ რადგან ისინი იდგნენ მისგან მოშორებით, არ ესმოდა მათი უშუალოდ საუბარი და მოწოდებები, თუმცა, მათი ჟესტიკულაცია და ხელის მოქმედებები იყო იმგვარი, რომ აქციის მსვლელობის დროს, იქ მყოფ პირებს ასევე მოუწოდებენ პარლამენტისკენ შეჭრის კონტექსტში. ასევე, მან გვითხრა, ეს დასკვნა გააკეთა იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ბრალდებულის ქმედებას თან სდევდა აქციის მონაწილეთა აგრესია და აგრესიული ქმედებები უფრო მძლავრი ხდებოდა იმ პერიოდში, როდესაც ასეთი ტიპის ქმედებები იყო მათი მხრიდან“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.