ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება - საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

საქმეში საუბარი არის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში - თავად ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული, სახელმწიფოს როგორ ვამხობდით და სამსახურში არ თქვეს რომ მსგავსი რამ ნახეს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზურა ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს, არსებობს 12 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიტიკოსების ხმა არ ესმოდათ, თუმცა ჟესტიკულაციით ანიშნებდნენ ხალხს პარლამენტის შენობის აღებისკენ.

„იმის გამო, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, არავისზე, ამის გამო, საქმეში ჩადებულია, თუ სწორად მახსოვს, 12 პოლიციელის ჩვენება. ესენი ჰყვებიან ერთი და იმავეს, რომ დაგვინახეს ხალხში რომ ვიდექით, ოღონდ არ ახსოვთ რა გვეცვა, სად ვიდექით, სცენა იყო თუ არა, მიკროფონი გვეკავა თუ მეგაფონი. არ ესმოდათ ჩვენი ხმა და თითქოს ხალხს ჟესტებით, პარლამენტის შენობის აღებისკენ მოვუწოდებდით.

ყველა ჩვენებაში, სადაც მე ნახსენები ვარ, ყველა ახსენებს „ზურა ჯაფარიძე, იგივე გირჩი", მთელი პოლიცია ასე მიცნობს?

საქმეში საუბარი არის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ, 2025 წლის მაისში. თავად ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული, სახელმწიფოს როგორ ვამხობდით და სამსახურში არ თქვეს რომ მსგავსი რამ ნახეს",- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა